დოლარზე განაკვეთის ზრდას კრიპტო ვალუტების გაძვირება მოჰყვა

Home » ბლოგი » დოლარზე განაკვეთის ზრდას კრიპტო ვალუტების გაძვირება მოჰყვა
09/08/2022
დოლარზე განაკვეთის ზრდას კრიპტო ვალუტების გაძვირება მოჰყვა

ციფრული ვალუტები რისკიან აქტივებად არის მიჩნეული და ამის საფუძველზე, როდესაც რისკისადმი ინვესტორთა მადა იკლებს, ციფრული ვალუტების ფასიც ეცემა. აშშ-ის ფედრეზერვის მიერ, დოლარზე განაკვეთის 0.75 პროცენტით გაზრდა, რისკიანი აქტივებისადმი არამეგობრული აქტია, რასაც კრიპტო ვალუტების ფასის მორიგი ვარდნა უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ მოხდა პირიქით.

ბიტკოინის (BTC) ფასი დაახლოებით 8 პროცენტით გაიზარდა და კოინმარკეტკაპ-ის მონაცემებით, 23 ათას დოლარს მიაღწია. უფრო მკვეთრი, ორნიშნა რიცხვიანი ზრდა აქვს ეთერიუმს, პოლიგონს, პოლკადოტს, ლაიტკოინს და სხვა კრიპტოებს.

ანალიტიკოსები ამ ყოველივეს მიზეზად, სხვადასხვა გარემოებას ასახელებენ. მაგალითად, „კვანტუმ ეკონომიკსის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი მატი გრინსპენი თვლის, რომ ბაზარი ფედრეზერვისგან უფრო უარესს ელოდა. „უარესი“ შეიძლებოდა ყოფილიყო განაკვეთის უფრო მკვეთრი ზრდა და ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელის უფრო „ქორული“ განცხადება. თუმცა პაუელმა არ გამორიცხა, რომ ინფლაციასთან ბრძოლის მოტივით, ცენტრალური ბანკი მომდევნო სხდომებზეც, განაკვეთის მკვეთრი ზრდის პოლიტიკას გააგრძელებს, რაც ქორული განცხადებაა.

მთავარი, რაც მან თქვა ისაა, რომ ფედრეზერვის აზრით, შეერთებულ შტატებს ამ მომენტში, რეცესია არ ემუქრება. ამის მიზეზად კი მან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კარგი ტემპი, უმუშევრობის დაბალი დონე და ხელფასების ზრდა დაასახელა. ოპტიმიზმის ეს წვეთი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ინვესტორებს უფრო თამამად დაეწყოთ რისკიან აქტივებში, მათ შორის კრიპტო ვალუტებში ინვესტირება. და სავარაუდოდ, სწორედ ამას მოჰყვა ფასების ზრდა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved