ეთერიუმს მერჯის წყალობით, ბიტკოინის გადასწრების შანსი აქვს

Home » ბიტკოინი » ეთერიუმს მერჯის წყალობით, ბიტკოინის გადასწრების შანსი აქვს
02/08/2022
ეთერიუმს მერჯის წყალობით, ბიტკოინის გადასწრების შანსი აქვს

კრიპტო სამყაროში მეტნაკლებად ჩახედულ ადამიანებს შექმნილი აქვთ იმის წარმოდგენა, რომ მას შემდეგ, რაც ეთერიუმი (ETH) პრუფ-ოფ-სტეიკ (PoS) ქსელზე გადავა, მალე პოპულარობით ბიტკოინს გადაასწრებს.

ეთერიუმის (ETH) განახლება, კოდური სახელწოდებით „მერჯ“, უკვე დიდი ხანია, შემუშავების პროცესშია. სწორედ ის უზრუნველყოფს პრუფ-ოფ-ვორკ (PoW) სისტემიდან წილის დადასტურების (PoS) სისტემაზე გადასვლას. მას ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში ცდიან.

წინასწარი მოლოდინით, განახლების შემდეგ, ტრანზაქციებისთვის საჭირო ენერგიის მოცულობა მკვეთრად შემცირდება, რაც ეგრეთ წოდებულ ნახშირბადის კვალს შეამცირებს. იმავდროულად, მნიშვნელოვნად შემცირდება ტრანზაქციების ღირებულებაც.

რაც კრიპტო ინდუსტრია შეიქმნა და განვითარდა, ბიტკოინი (BTC) უცვლელად იკავებს ამ ახალი ბაზრის ლიდერის და ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტის სტატუსს. ასევე, ის არის ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტო ვალუტა. მაგრამ ბოლო წლებში, ბაზარზე წილს თანდათან კარგავს. ამის გამო, ინვესტორები სულ უფრო მეტად ფრთხილობენ, როდესაც ბიტკოინის (BTC) სასარგებლოდ აკეთებენ არჩევანს.

სათაურში ნახსენები სიტყვა „გადაასწრებს“, იმას ნიშნავს, რომ ეთერიუმის (ETH) საბაზრო კაპიტალიზაცია, ბიტკოინისას (BTC) ჩამოიტოვებს. შესაბამისად, ეთერიუმი (ETH) ყველაზე დიდი კრიპტო ვალუტა გახდება.

ზოგადად კრიპტო ბაზრის დაღმასვლის კვალად, ეთერიუმის ფასიც მცირდება. მაგრამ გასულ კვირაში, კრიპტო ბაზარზე ზრდა დაფიქსირდა და ეთერიუმს (ETH) სხვა ციფრულ ვალუტებზე, მათ შორის, ბიტკოინზე (BTC) ძლიერი ზრდა ჰქონდა. თუ ივნისში მისი ფასი 1 000 დოლარზე დაბლა იყო, წინა კვირის ზრდის დროს, 1 600 დოლარს მიაღწია.

ეთერიუმის (ETH) ასეთი ზრდა, შესაძლოა იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ახლოვდება „მერჯის“ განხორციელების დრო (სექტემბერი) და ინვესტორები ცდილობენ, ამას მომზადებულები შეხვდნენ. ყველა ელის, რომ „მერჯი“ ეთერიუმის ფასზე დადებითად აისახება და ამის გამო, ინვესტორები მის შესყიდვას ცდილობენ, რაც აღნიშნულ კრიპტო ვალუტას აძვირებს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved