„ვიზამ“ მიმოქცევაში ულიმიტო ბიტკოინ ბარათი გაუშვა

Home » არაკატეგორიზირებული » „ვიზამ“ მიმოქცევაში ულიმიტო ბიტკოინ ბარათი გაუშვა
05/07/2022
„ვიზამ“ მიმოქცევაში ულიმიტო ბიტკოინ ბარათი გაუშვა

იმ დროს, როდესაც კრიპტო ბაზარი დაღმავალ ტრენდს მიჰყვება, არაერთი ინსტიტუციური კომპანია, ამ ბაზარზე დამკვიდრებას და მისი წილის დაუფლებას, მომხმარებლებისთვის ახალი მომსახურებების შეთავაზებით ცდილობს. მათ შორისაა გადახდების და გადარიცხვების ქსელი „ვიზა“, რომელმაც მიმოქცევაში ახლა უკვე ოფიციალურად გაუშვა VIP კრიპტო საკრედიტო ბარათი „ბიტკოინბლექ“ (BitcoinBlack).

გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბარათის პრემიერა ჯერ კიდევ შარშან, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შედგა. ის მხოლოდ 10 000 ეგზემპლარი არსებობს და მისი დაუფლება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესაძლებელი. მის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, ბარათის მეშვეობით გადაცვალონ ძირითადი კრიპტო ვალუტები ფიატურ ფულზე, ან პირიქით.

ბარათის მფლობელთა ექსკლუზიურ კლუბში მოხვედრა შესაძლებელია „ბიტკოინბლექის“ (BitcoinBlack) სპეციალური ვებგვერდის გამოყენებით. ბარათი დაცულია მფლობელის ციფრული აქტივებით და მას პრემიუმ პრივილეგიებს სთავაზობს.

„ადამიანებს, ვინც კრიპტო ვალუტებით დიდ სიმდიდრეს ფლობს, საკუთარი ვალუტების ხარჯვის უფრო იოლი საშუალება სჭირდებათ. ბიტკოინბლექი (BitcoinBlack) მათ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. მათ საშუალება ექნებათ, დახარჯონ საკუთარი კრიპტო სახსრები ბიზნესისთვის, ან საკუთარი სიამოვნებისა და საყიდლებისთვის. და სულერთია, სად იმყოფებიან ისინი. მთავარია, თან ჰქონდეთ შესაბამისი ვიზა ბარათი, რომელიც 140-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება“, – ამბობს პროექტ „ბიტკოინბლექის“ (BitcoinBlack) მთავარი აღმასრულებელი პრაკაშ ჩანდი.

ის დასძენს, რომ ბარათი იოლად გამოსაყენებელია. მისი თქმით, მომხმარებელს შეუძლია, სპეციალური ვებ-აპლიკაციის, ან ბიტკოინბლექ-ის დაცული საფულის აპლიკაციის მეშვეობით, საკუთარი კრიპტო ვალუტა ბარათზე სწრაფად ჩატვირთონ. და როგორც კი ეს მოხდება, მათ ბარათის დაუყოვნებლივ გამოყენების საშუალება მიეცემათ.

გარდა ამისა, „ვიზას“ ახალი კრიპტო ბარათი, მომხმარებელს ბევრ შესაძლებლობას სთავაზობს. მათ შორისაა პლატფორმა, სადაც ფუფუნების ისეთი პროდუქტების შეძენა შეიძლება, როგორებიცაა მდიდრული საათები, საიუველირო ნაკეთობები, საფულეები, ავტომობილები, ჩარტერული რეისების შეკვეთები და სახვა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved