ინდოეთი კრიპტოვალუტისთვის გლობალური სამოქმედო ჩარჩოს შექმნას ითხოვს

Home » სიახლეები » ინდოეთი კრიპტოვალუტისთვის გლობალური სამოქმედო ჩარჩოს შექმნას ითხოვს
29/08/2023
ინდოეთი კრიპტოვალუტისთვის გლობალური სამოქმედო ჩარჩოს შექმნას ითხოვს

 ინდოეთის პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დიდი ოცეულის ქვეყნებს მოუწოდა ითანამშრომლონ კრიპტოვალუტის რეგულირებისა და საერთაშორისო სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. დიდი ოცეულის ქვეყნები ევროკავშირს, აშშ-სა და სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ეკონომიკებს აერთიანებს.

Forbes India-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები არსად არ გაქრება და განვითარებადი ეკონომიკებისთვის, კრიპტოზე დიალოგი ფინანსური სტაბილურობის კონტექსტის გარდა, უფრო ფართო, მაკროეკონომიკურ აზრს უნდა შეიცავდეს. მისი თქმით, ახალი მიღწევების, მათ შორის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის “დასარეგულირებლად გლობალურ კონსესუსზე დაფუძნებული სამოქმედო ჩარჩოა საჭირო” და სფერო ავიაციას შეადარა – “როგორც ავიაცია რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, კრიპტო სფეროც მსგავსი მეთოდით უნდა მუშაობდეს.”

ინდოეთი 2022 წლის 1 დეკემბრიდან ამ წლის ბოლომდე დიდი ოცეულის პრეზიდენტი ქვეყანაა და სხვა საკითხებთან ერთად, აქტიურად ცდილობს კრიპტოვალუტის თემაზე საერთაშორისო შეთანხმების მიღწევას. მეტიც, ინდოეთის პრეზიდენტის აპარატმა რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა, რომლებიც ძირითადად საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს გაიდლაინებს მიყვება. 

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი რეგულაციებისა და შეთანხმებების მიუხედავად, თავად ინდოეთის კრიპტო სფერო ცუდად დარეგულირებული და კომპლექსურია. Cointelegraph-ს თუ დავუჯერებთ, 2022 წლიდან, ინდური სახელმწიფო 30%-იან გადასახადს ითხოვს კრიპტო შემოსავლებზე, რამაც კრიპტომეგობრული კომპანიების გადინება და კრიპტოთი ვაჭრობის შემცირება გამოიწვია. 

© 2020 MyCoins.ge all rights reserved