ციფრული ვალუტების ბაზრის ვარდნა გრძელდება. ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო 18 თვეში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ამის ძირითადი მიზეზი, ინფლაცია და რისკიან აქტივებზე მოთხოვნის კლებაა. განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების უმეტესობა, ინფლაციასთან საბრძოლველად, მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რაც ინვესტორებს რისკიანი აქტივების, მათ შორის, კრიპტო ვალუტების შეძენისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს.
გარდა ამისა, ციფრული ვალუტების ფასების ვარდნა, კრიპტო გაცვლით პლატფორმა „ცელსიუსის“ მიერ, მომხმარებლების აქტივების გაყინვამ გამოიწვია. ბლუმბერგი წერს, რომ ამას მოჰყვა მთლიანად ციფრული ეკოსისტემისადმი ნდობის დაკარგვა.
დღეს ბიტკოინის ფასი 22 ათას დოლარს ჩამოსცდა, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი დონეა. ბიტკოინის ფასის ვარდნა, სხვა კრიპტო ვალუტებისთვისაც გადამდებია. ინდექს „MVIS კრიპტო კომპეარ დაიჯიტალ ასეტს 100-ის“ მონაცემებით, 100 ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი, საშუალოდ 17 პროცენტით დაეცა.
„კოინგეკოს“ მონაცემებით, ციფრული ვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია, 1 ტრილიონ დოლარზე დაბლა დაეშვა. ცნობისათვის, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 3 ტრილიონ დოლარამდე იყო გაზრდილი.
კრიპტო ვალუტების ფონდ „ვალკირი ინვესტმენტსის“ IT დირექტორი სტივენ მაკკლურგი ამბობს, რომ ახლა ძნელია იმ ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, რომლებსაც კრიპტო ბაზრის სტაბილიზირება და აღდგენა შეუძლია. მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, შემდეგ კი აღდგენა დაიწყება.
კრიპტო ბაზართან ერთად, ეცემა იმ კომპანიების აქციების ფასი, რომლებიც კრიპტო ვალუტების ბიზნესში არიან ჩართულნი. მათ შორისაა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანია „მაიკროსტრატეჯი“, რომელიც საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად, ბიტკოინს ინტენსიურად ყიდულობდა. მისი აქციები 25 პროცენტით გაუფასურდა. 13 პროცენტით დაეცა „ბლოკ ინკორპორეიტიდის“ აქციები, „მარათონ დაიჯიტალ ჰოლდინგსის“ და „რაიოტ ბლოკჩეინის“ აქციების ფასმა კი შესაბამისად, 12 და 10 პროცენტით დაიკლო.