ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 21 სექტემბერი

Home » ბლოგი » ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 21 სექტემბერი
21/09/2022
ოთხშაბათის კრიპტო ამბები – 21 სექტემბერი

ჩინეთი CBDC-ს ტესტირებას ყველაზე ხალხმრავალ პროვინციაში დაიწყებს

ჩინეთის სახალხო ბანკის (ქვეყნის ცენტრალური ბანკია) მმართველმა ფან იიფეიმ გამოაცხადა, რომ ციფრული იუანის (e-CNY) ტესტირება გაგრძელდება და ამ პროცესში, მალე ძიანგსუს, გუანდონის (ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალი პროვინცია), ჰებეის და სიჩუანის პროვინციებიც ჩაებმება. ამ პროვინციების მოსახლეობის რაოდენობა ჯამში 360 მილიონს აღწევს.

აქამდე ჩინური CBDC-ს (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) ტესტირება ცალკეულ დიდ ქალაქებში და შედარებით მცირერიცხოვან პროვინციებში მიმდინარეობდა. ეს პროცესი ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში დაიწყო და თანდათან ფართოვდება. სახალხო ბანკს სურს, რომ ტესტირების კვალად, ფიატური იუანი თანდათან ჩაანაცვლოს ციფრულით.

ტესტირების ფარგლებში, 2022 წლის იანვრისთვის, დაახლოებით 261 მილიონი ციფრული საფულე იყო გახსნილი, რომელთა გამოყენებითაც, დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა.

შტატი კოლორადო გადასახადებს კრიპტოთიც მიიღებს

აშშ-ის შტატ კოლორადოს შემოსავლების დეპარტამენტი მზადაა, კერძო პირებისგან გადასახადები კრიპტო ვალუტებით, პეიპალის (PayPal) ციფრული ვალუტების ჰაბის გამოყენებით მიიღოს. ამ ეტაპზე, გადასახადების ბიზნესებისგან მიღება არ იგეგმება. მომსახურების მოსაკრებელი 1 დოლარი და გადარიცხული თანხის 1.83 პროცენტი იქნება.

კრიპტოებით მიღებული გადასახადები მყისიერად დაფიქსირდება, თუმცა ტრანსფერის ბოლომდე დასრულებას, სამი-ხუთი დღე დასჭირდება. ჩარიცხვის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოხდება კრიპტოების ფიატურ ვალუტაში კონვერტაცია.

კომპანია „მაიკროსტრატეჯიმ“ 301 ბიტკოინი შეისყიდა

კომპანია „მაიკროსტრატეჯის“ აქვს გეგმა, რომლის შესაბამისადაც, უნდა შეისყიდოს იდენი ბიტკოინი, რამდენსაც შეძლებს. ამ გეგმის შესაბამისად, ახლახანს განხორციელდა მსხვილი შესყიდვა, რა დროსაც კომპანიამ 301 BTC შეიძინა. თითოს საშუალო ფასი 19 851 დოლარია. ამგვარად, „მაიკროსტრატეჯის“ მფლობელობაში უკვე დაახლოებით 130 000 ათასი ბიტკოინი დაგროვდა, რომელთა ჯამური ფასიც 3.98 მილიარდ დოლარს აღწევს. თითოს საშუალო ფასი კი 30 630 დოლარია.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved