რატომ იზრდება დღეს კრიპტო ბაზარი

Home » ბლოგი » რატომ იზრდება დღეს კრიპტო ბაზარი
14/11/2022
რატომ იზრდება დღეს კრიპტო ბაზარი

მას შემდეგ, რაც კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახმა, კრიპტო ბაზრის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, დღეს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა ფიქსირდება. და ესეც დიდწილად, FTX-ს უკავშირდება. კერძოდ, გაკოტრების წინაშე მყოფმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ნაწილობრივ გახსნა მისი საფულეებიდან კრიპტო ვალუტების გატანა.

გარდა ამისა, კრიპტო და სააქციო ბაზრებმა ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში, სამომხმარებლო ფასების ინდექსის (ინფლაციის) ზრდის ტემპის კლება დაფიქსირდა. ამან გააჩინა იმის იმედი, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი, დოლარზე განაკვეთის ზრდის ტემპს შეამცირებს, რაც რისკიან აქტივებზე (აქციები, კრიპტოები და სხვა) მოთხოვნას გაზრდის.

ამ ინფორმაციების გავრცელებამ, სწრაფად იმოქმედა ბიტკოინის (BTC) ფასზე, რაც წუთებში დაახლოებით 1 000 დოლარით გაიზარდა. მაგრამ შემობრუნებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან FTX-თან დაკავშირებული კრიზისი ჯერ არ გამქრალა. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ პლატფორმის კრახმა შესაძლოა დომინოს ეფექტი გამოიწვიოს. შესაბამისად, სკეპტიკოსი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინს (BTC) და მთლიანად კრიპტო ბაზარს, ფსკერისთვის ჯერ არ მიუღწევია.

Twitter-ი PayPal-ის კონკურენციას აპირებს

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკი Twitter-ის ქსელში, გადახდის სისტემის ინტეგრირებას და ამ ბაზარზე, PayPal-თან კონკურენციას გეგმავს. ამ ინფორმაციას ადასტურებს ის ფაქტი, რომ Twitter-მა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში, „Twitter payments-ის“ დაფუძნების განაცხადი შეიტანა.

Twitter დასაწყისისთვის, ამ სისტემის ამოქმედებას, შეერთებულ შტატებსა და სხვა რამდენიმე (განვითარებულ) ქვეყანაში გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა გადახდების სისტემაში კრიპტო ვალუტების გამოყენებას.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved