ციფრული დოლარი უცხოეთში ანგარიშსწორებებს დააჩქარებს

Home » ბლოგი » ციფრული დოლარი უცხოეთში ანგარიშსწორებებს დააჩქარებს
07/11/2022
ციფრული დოლარი უცხოეთში ანგარიშსწორებებს დააჩქარებს

ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ბაზრების ჯგუფის ხელმძღვანელი მიშელ ნილი ამბობს, რომ ცენტრალურ ბანკს ციფრული დოლარი საერთაშორისო ანგარიშსწორებების დასაჩქარებლად გამოადგება. მას არ დაუზუსტებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ განვითარების რა ეტაპზეა ციფრული დოლარის (იგივე CBDC-ს – ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის) შემუშავება.

ნილის თქმით, პირველად კვლევები ადასტურებს, რომ ციფრული დოლარის გამოყენება, საერთაშორისო გადარიცხვებს დააჩქარებს და ამით ბანკების გარდა, მომხმარებლებიც იხეირებენ. გადარიცხვების სიჩქარის ზრდის პარალელურად, დაიკლებს ასეთი ტრანზაქციების ღირებულება.

ამ ეტაპზე, კვლევა მხოლოდ იმის გარკვევას ემსახურება, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია ციფრულ დოლარს ბანკებისა და მთლიანად ფინანსური სისტემისთვის. პარალელურად, სხვა კვლევები, ციფრული დოლარის სხვა შესაძლო ასპექტების შესასწავლად ტარდება.

„სავალუტო სპოტ ტრანზაქციებს, საერთაშორისო გადახდების კონტექსტში კრიტიკული როლი აკისრია და ხანგრძლივი და რთული ტრანზაქციებისთვის, ერთგვარი სამშენებლო ბლოკის დანიშნულება აქვს“, – სინგაპურში გამოსვლისას განაცხადა ნილმა. მისივე თქმით, ამჟამად საერთაშორისო ანგარიშსწორებებს დაახლოებით ორი დღე სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესის გაუმჯობესებისთვის, სოლიდური პოტენციალი არსებობს.

პირველადი კვლევები მოწმობს, რომ ფედრეზერვის ციფრული დოლარი, რომელიც ამ ეტაპზე, საცდელი მიზნებისთვის გამოიყენება, ასევე ტრანზაქციების ჩაწერის ტექნოლოგია, მყისიერ ანგარიშსწორებებს უზრუნველყოფს. ნილი აზუსტებს, რომ ეს პროცესი, საშუალოდ სულ რაღაც 10 წამში სრულდება.

ცნობილია, რომ ფედრეზერვმა სრულად ციფრული დოლარის (რომელსაც ხშირად ფედკოინსაც უწოდებენ) შემოღების შესაძლებლობის შესწავლა, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა, დიდი ხნის წინ დაიწყო. ცენტრალური ბანკის ლიდერები ამბობენ, რომ ასეთი ვალუტის შემოღებას, არჩეული ხელისუფლების მხრიდან, მტკიცე მხარდაჭერა დასჭირდება. არიან ცენტრალური ბანკის ისეთი თანამშრომლებიც, ვინც თვლის, რომ შეერთებულ შტატებს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღება არ სჭირდება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved