წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა

Home » ბლოგი » წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა
26/12/2022
წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა

ბლოკჩეინის რისკებზე მომუშავე პლატფორმა „სოლიდუს ლაბსის“ (Solidus Labs) ინფორმაციით, წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა, რამაც მილიონობით კრიპტო ინვესტორი შეიყვანა შეცდომაში და მათ დიდი რაოდენობით ფული დააკარგვინა.

„სოლიდუს ლაბსის“ ცნობით, წელს 1 დეკემბრამდე 117 629 ცალი ყალბი კრიპტო ვალუტა შეიქმნა. ეს შარშან შექმნილ 83 400 ყალბ ვალუტაზე დაახლოებით 41 პროცენტით მეტია. „სოლიდუსი“ დასძენს, რომ ეს რიცხვები, მის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგებს ასახავს და რეალური რიცხვი შეიძლება მეტიც იყოს.

„სოლიდუს ლაბსის“ ინფორმაციით, ასეთი ყალბი ვალუტების უმეტესობა, BNB ჯაჭვის საფუძველზეა შექმნილი. სულ კი, ამ ჯაჭვზე დაფუძნებული (BEP-20) კრიპტო ვალუტების დაახლოებით 12 პროცენტია ყალბი.

ყალბი კრიპტო ვალუტების შექმნის მხრივ, მეორე ადგილზე ეთერიუმის ქსელია, სადაც დაარსებული ახალი კრიპტო ვალუტების (ERC-20) დაახლოებით 20 პროცენტია ყალბი.

ყალბი საქმიანობის ძირითადი სქემა ასეთია: კერძო პირი, ან პირთა ჯგუფი ქმნის ახალ მონეტას და მის ფასს ხელოვნურად ზრდის. ამ დროს, ინვესტორები „მატარებელზე შეხტომას“ ცდილობენ და მონეტას ყიდულობენ. რაღაც მომენტში კი ავტორი თავისი მონეტის ფასის მკვეთრ ვარდნას იწვევს (მაღალ ფასად, ინტენსიური გაყიდვით) და ფასი ნულზე ეცემა. შესაბამისად, მყიდველს გაძვირებისას ნაყიდი მონეტა უნულდება.

„სოლიდუს ლაბსის“ ინფორმაციით, 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, დაახლოებით ორმა მილიონმა ინვესტორმა, ყალბი ვალუტებით ფული დაკარგა. შედარებისთვის, დაახლოებით 1.8 მილიონი ინვესტორი დააზარალა ისეთი პლატფორმების კრახმა, როგორებიცაა „ცელსიუსი“ (Celsius), „ვოიაჯერი“ (Voyager) და FTX.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved