მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი (BTC) და კრიპტო ბაზარი დაღმავალ ტრენდს აგრძელებს, ამერიკული საინვესტიციო გიგანტი „ჯეიპი მორგანი“ თვლის, რომ ბიტკოინი (BTC) დაუფასებელია და მას მინიმუმ, 30-პროცენტიანი ზრდის პოტენციალი აქვს.
ინვესტორებისთვის დაგზავნილ ჩანაწერში, ბანკის სტრატეგები ირწმუნებიან, რომ ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტას, სოლიდური ზრდის პოტენციალი აქვს. ისინი თვლიან, რომ ამ ეტაპზე, ბიტკოინის „სამართლიანი ღირებულება“ 38 ათასი დოლარია.
„კრიპტო ბაზრის კორექციულ მოძრაობას, რომელსაც გასულ თვეში ჰქონდა ადგილი, უფრო კაპიტულაციის ხასიათი აქვს. ამის საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, კრიპტო ვალუტებს ზრდის რესურსი აქვს“, – ნათქვამია „ჯეიპი მორგანის“ სტრატეგთა ჩანაწერში.
მაისის განმავლობაში, ბიტკოინი (BTC) დაახლოებით 25 პროცენტით გაუფასურდა. ასეთ ვარდნას, დიდწილად ხელი ტერას კრიპტო ვალუტა ლუნას და მისი სტეიბლკოინის (UST) კრახმაც შეუწყო. ამის მიუხედავად, კრიპტო ბაზარზე კაპიტალის შედინების პროცესი არც შენელებულა. პირიქით, გაიზარდა კიდეც. ეს კი „ჯეიპი მორგანის“ სტრატეგებს აძლევს იმის თქმის საბაბს, რომ ისეთი ფინანსური ზამთარი, როგორიც 2018/19 წლებში დაფიქსირდა, აღარ გამეორდება.
პოპულარული კრიპტო ვალუტების ფასები, დაახლოებით ორი მესამედით არის შემცირებული. ეს მოძრაობა თანახვედრაშია საფონდო ბაზრების კლებასთან. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი კი, ინფლაციის სწრაფი ტემპით (ჯერჯერობით შეუჩერებელი) ზრდა, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეფექტებია, რაც გლობალურ ეკონომიკას აზარალებს.
„ჯეიპი მორგანში“ თვლიან, რომ საფონდო ბაზრებთან ბიტკოინის (BTC) და სხვა ციფრული ვალუტების კორელაციის მაღალი დონე იმაზე მიუთითებს, რომ კრიპტო ვალუტები რისკიან აქტივებად განიხილება. ეს კი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა.
საერთო ჯამში, „ჯეიპი მორგანში“ მიაჩნიათ რომ ძლიერი დაცემა, კრიპტო ვალუტებს ზრდისთვის ფართო დერეფანს უქმნის. უფრო მეტიც, ამერიკულ საინვესტიციო ბანკში, უძრავ ქონებაში განთავსებული სახსრების ნაწილის კრიპტო ვალუტებზე გადამისამართებას განიხილავენ. სტრატეგების აზრით, კრიპტო აქტივები შეიძლება განხილულ იქნას ისეთივე კლასის სასურველ აქტივებად, როგორებიც ჰეჯ ფონდებია.