ბაიდენმა მთავრობას ციფრული დოლარის რისკების შესწავლა დაავალა

Home » ბიტკოინი » ბაიდენმა მთავრობას ციფრული დოლარის რისკების შესწავლა დაავალა
10/03/2022
ბაიდენმა მთავრობას ციფრული დოლარის რისკების შესწავლა დაავალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც მთავრობას ავალებს, რომ შეისწავლოს ცენტრალური ბანკის ციფრული დოლარის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებული პრობლემები.

ამ ინფორმაციის გავრცელებამ, ბიტკოინის (BTC) და სხვა ციფრული ვალუტების ფასის ზრდა გამოიწვია, რადგან ციფრული ვალუტების ბაზრის ინვესტორებს მოეხსნათ იმის შიში, რომ ციფრულ ვალუტებზე შეზღუდვები იყო მოსალოდნელი.

პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ხაზინის და ვაჭრობის  დეპარტამენტებმა, სხვა სააგენტოებთან ერთად, უნდა მოამზადონ ანგარიში, სახელწოდებით „ფულის მომავალი“, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს მომავალში ციფრულმა ვალუტებმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, ფინანსური სტაბილურობის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის, ასევე კიბერ დანაშაულთან ბრძოლის უზრუნველსაყოფად, ციფრული ვალუტების ფართომასშტაბიანი კონტროლია საჭირო.

ანალიტიკოსების აზრით, განკარგულება მოწმობს, რომ ადმინისტრაცია აღიარებს ციფრული ვალუტების მნიშვნელობას და მათ პოტენციურ ზემოქმედებას როგორც შეერთებული შტატების, ასევე მსოფლიო ეკონომიკაზე.

სახელმწიფო მოხელეები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, აშშ-ის თანამედროვე საგადასახადო სისტემის არაეფექტურობის გამოსწორებაა. ეს განსაკუთრებით მცირე შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა დაახლოებით 5 პროცენტს, არ აქვს საბანკო ანგარიში, რისი მიზეზიც, საბანკო მომსახურების სიძვირეა. ამ პრობლემის გადაჭრა კი ციფრული ვალუტებით არის შესაძლებელი.

ყველაფერთან ერთად, ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭირო იქნება აშშ-ის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) – დოლარის ციფრული ვერსიის დასამკვიდრებლად.

ადმინისტრაციის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ციფრული დოლარის შემუშავების და დამკვიდრების საქმეში, დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან დოლარი გლობალური სარეზერვო ვალუტაა და მისი ციფრული ვერსიის ბაზარზე გამოსვლამ, შესაძლოა ამ როლის დასუსტება გამოიწვიოს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved