Reuters – ის მიერ 2019 წლის 15 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბელორუსიამ აამოქმედა სავაჭრო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეიძინონ აქციების, ოქროს და სხვა ტრადიციული აქტივების ე.წ. მონეტიზირებული (tokenized) ვერსიები. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს ორი კომპანია, Larnabel Ventures – ი და VP Capital – ი. Reuters – ის განცხადებით, ბელორუსიის მთავრობა ჯერ არ გამოხმაურებია ახალი პლატფორმის ამოქმედებას, თუმცა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ BelTa – მ სიახლე საკუთარ ვებ – გვერდზე უკვე გამოაქვეყნა. პლატფორმა მოვაჭრეებს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტების მეშვეობით შეიძინონ აქციები, ძვირფასი მეტალები, უცხოური ვალუტა და სხვა ტრადიციული აქტივები ბელორუსიიდან და ასევე მსოფლიოს სხვა და სხვა წერტილებიდანაც. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პლატფორმამ გაშვების მომენტიდან უკვე 150 სხვადასხვა ტიპის მონეტა გამოუშვა, რომელიც სათითაოდ მიემართება შესაბამის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტს. კომპანია იმედოვნებს, რომ საბოლოოდ მათი რიცხვი 10, 000 ერთეულამდე გაიზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბელორუსიის მთავრობამ ე.წ. მონეტიზირებული ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციები 2029 წლამდე გაათავისუფლა საგადასახადო წნეხისაგან. თუმცა, ახალ პლატფორმაზე რეგისტრაციისას მოვაჭრეებს მოუწევთ ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) პროცედურების გავლა.
Reuters – ის ცნობით, პლატფორმის გახსნიდან პირველ ორ საათში 2, 000 – ამდე მომხმარებელმა გაიარა რეგისტრაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის ნოემბერში, ბელორუსიის მაღალი ტექნოლოგიების პარკმა (რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის სპეციალურ ეროვნულ ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს), კრიპტოსავალუტო ბაზრის ფუნქციონირების წესები შეიმუშავა. შედარებით ადრე, 2018 წლის მაისში ქვეყნის კომუნიკაციებისა და ინფორმირების მინისტრმა სერგეი პოპკოვმა განაცხადა, რომ ციფრული ტექნოლოგიები ბელორუსიისათვის ერთ – ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს, რადგან აღნიშნულ ტექნოლოგიებს შესწევთ უნარი ეფრო ეფექტიანი გახადონ ეკონომიკური საქმიანობა, გაამარტივონ საჯარო მმართველობის პროცესები და გაზარდონ სოციალურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა. ამასთან ერთად, 2019 წლის 3 იანვარს, ესტონეთის სავაჭრო პლატფორმამ DX Exchange – მა გამოუშვა ბელორუსიის მსგავსი პროდუქტი, რომელიც კრიპტოვალუტების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეიძინონ მსხვილი კომპანიების აქციებით (როგორებიცაა Google – ი, Facebook – ი და Amazon – ი) გამყარებული მონეტები.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/belarus-launches-trading-platform-enabling-customers-to-buy-tokenized-securities