ორგანიზაცია „ვეილ ალერტმა“, რომელიც ციფრული ვალუტების მსხვილი ტრანზაქციების აღმოჩენაზეა სპეციალიზებული, 11 აპრილს ბიტკოინის (BTC) დიდი რაოდენობით გადარიცხვები დააფიქსირა. ოპერაციის დროს, უცნობი საფულედან 5 100 ბიტკოინი (BTC) პლატფორმა „კოინბეიზზე“ ჩაირიცხა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, იმავე რაოდენობის ბიტკოინი (BTC) უკან დაბრუნდა.
„კოინბეიზზე“ გადარიცხვის მომენტში, 5100 BTC-ს ჯამური ფასი 210 943 268 დოლარი იყო. ოთხი საათის შემდეგ კი, როდესაც უკან გადარიცხვა შესრულდა, ჯამური ფასი 206 822 775 დოლარამდე იყო შემცირებული. სხვაობამ 4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.
დიდი ალბათობით, დიდი რაოდენობით ბიტკოინის (BTC) ორი მიმართულებით გადარიცხვის მიზანი, რყევებზე თამაში იყო. სწორედ 11 აპრილს, ბიტკოინის (BTC) ფასი დაახლოებით 3 000 დოლარით შემცირდა. ოღონდ, შესრულებულ გადარიცხვებს შორის, ფასის სხვაობა „მხოლოდ“ 808 დოლარი იყო. თეორიულად, ტრანზაქციის ავტორმა, „კოინბეიზზე“ თავისი ბიტკოინები (BTC) გაყიდა, შემდეგ კი, როდესაც ფასმა დაიკლო, იმავე რაოდენობით ბიტკოინები (BTC) შეისყიდა. თითო ბიტკოინზე (BTC) მოგებამ საშუალოდ 808 დოლარი შეადგინა. ჯამური მოგება კი 4 მილიონზე მეტია.
ფასი ამის შემდეგაც დაეცა, თუმცა ინვესტორისთვის მთავარი ისაა, რომ ოთხ მილიონზე მეტი დოლარი სულ ოთხ საათში მოიგო.
ცნობისათვის, ბიტკოინის (BTC) საბაზრო კაპიტალიზაცია (ბაზარზე არსებული ბიტკოინების ჯამური ღირებულება) 760 მილიარდ დოლარზე მეტია. საშუალოდ 24 საათში გადარიცხული ბიტკოინების (BTC) მოცულობა კი 30.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.