ბიტკოინი ერთ დღეში 8%-ით გაუფასურდა

Home » ბლოგი » მიმოხილვა » ბიტკოინი ერთ დღეში 8%-ით გაუფასურდა
20/03/2024
ბიტკოინი ერთ დღეში 8%-ით გაუფასურდა

ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასის კორექცია გრძელდება. თუ კრიპტო აქტივის მთავარ თვისებას – მერყეობასა და მის ისტორიას გავითვალისწინებთ, ბუნებრივია, რომ ATH (all time high) ფასის შემდეგ, კორექცია გარდაუვალია (აქვე შეგახსენებთ, რომ ამაზე ჯერ კიდევ გასულ კვირას ვწერდით და SwissBlock-ის პროგნოზებსაც გიზიარებდით). ახლა, საინტერესოა კორექციის დინამიკა – ამისთვის, კი ბიტკოინზე (და მასთან დაკავშირებულ სხვა აქტივებზე) დაკვირვებაა საჭირო.

სამშაბათს, ბიტკოინი 8%-ით გაუფასურდა და 62 000$-ს ჩამოცდა. თუ Trading View-ს მონაცემებს დავუჯერებთ, ეს ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2022 წლის 9 ნოემბერის შემდეგ. მაშინდელი გაუფასურება FTX-ის გაკოტრების სკანდალით იყო გამოწვეული. ამჟამინდელი გაუფასურება უფრო კორექციაა და მსგავს ამბებთან საერთო არაფერი აქვს. ამ კორექციას კი მრავალი ფაქტორი შეიძლება იწვევდეს, მათ შორის ბიტკოინის spot ETF-დან თანხის გადინება. ბიტკოინის ETF-ის ნეგატიურ ბალანსსა და სოლანას “შიტქოინმანიას” ასახელებს მკვეთრი გაუფასურების მიზეზად ალექს კრუგერიც. მისი აზრით, დიდი კორექციის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია ეთერიუმის ETF პროდუქტების ჩავარდნა და “მოჭარბებული ბერკეტები” (ამ გამოთქმაში სავარაუდოდ ფინანსური ბერკეტები და სახსრები იგულისხმება).

როგორც კრიპტო-ენთუზიასტები ამბობენ, ჰალვინგის წინ პატარა “უკანდახევები” ბიტკოინის ციკლის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, 8%-იანი გაუფასურება იმ ადამიანებისთვის, ვინც კრიპტო-ტრეიდინგითაა დაკავებული, მნიშნველოვანი უსიამოვნებაა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აპრილში ჰალვინგია – Bull განწყობები კი არსად წასულა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved