ბიტკოინი (BTC) არაერთი კვირის განმავლობაში, დაღმავალ ტრენდს მიჰყვებოდა და ვერ ახერხებდა მნიშვნელოვან ზღვარზე, 45 ათას დოლარზე მაღლა ასვლას. ეს ზღვარი ფიბონაჩის კორექციის დონეს ემთხვევა და ყოველთვის წარმატებით ასრულებდა წინააღმდეგობის როლს. თუმცა მარტის მიწურულს მისი გადალახვაც მოხერხდა და BTC-ის ფასმა 48 000-ზე მაღლა ასვლაც კი შეძლო.
რაც მთავარია, ყველაზე პოპულარულმა ციფრულმა ვალუტამ, თვე ნახსენებ მნიშვნელოვან ზღვარზე მაღლა დახურა (რომელიც ახლა უკვე მხარდაჭერის დონე გახდა). თუმცა ისიც ფაქტია, რომ არ გამართლდა ბევრი ანალიტიკოსის ვარაუდი, რომლის შესაბამისადაც, ფასს მარტის ბოლომდე, კიდევ ერთი ძლიერი დონე – 50 ათასი დოლარი უნდა გადაელახა.
ციფრული ვალუტების, ისევე როგორც სხვა აქტივების ბაზრებზე, ამჟამად რამდენიმე ძლიერი ფაქტორი მოქმედებს. რა თქმა უნდა, მათგან ყველაზე ძლიერია უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დამპყრობლური ომი. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია კოვიდ-19-ის პანდემია და აშშ-ის ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყება. ამ სამი ფაქტორის გამო, ბაზრებზე უსაფრთხო აქტივებზე მოთხოვნა არის გაზრდილი.
შექმნილ სიტუაციაში, იმისთვის, რომ დათვური (დაღმავალი) ტრენდი ხარულმა (აღმავალი) შეცვალოს, აუცილებელია 200-დღიანი მოძრავი საშუალოს გადალახვა, რომელიც ამჟამად 48 000 დოლარზე მაღლა გადის. მისი გადალახვის შეთხვევაში, წინააღმდეგობის უახლოესი ზღვარი გახდება ძლიერი ფსიქოლოგიური დონე – 50 000 დოლარი.
მაგრამ თუ ბიტკოინის (BTC) ფასი დაღმავალ მოძრაობას დაუბრუნდა (ანუ თუ ფასი 45 ათას დოლარზე დაბლა დაეშვა), მაშინ უახლოესი მხარდაჭერის დონეების როლში 42 ათასი და 40 ათასი დახვდება.
საინტერესოა სხვა სტატისტიკაც: ბიტკოინის (BTC) საბაზრო კაპიტალიზაციამ 902 მილიარდ დოლარს მიღწია და ახლოსაა 1-ტრილიონდოლარიან ზღვართან (სადაც პიკის დროს იმყოფებოდა). იმავდროულად, ციფრული ვალუტების ბაზრის ჯამური კაპიტალზაცია ისევ 2 ტრილიონზე მაღლა ავიდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ნოემბერში, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასმა 69 000 დოლარს მიღწია, ციფრული ბაზრის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონს მისწვდა.