უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივა „ეიდ ფორ უკრაინ“, რომელიც უკრაინის მთავრობის, ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმა FTX-ის, პლატფორმა „ევერსტეიკის“ და უკრაინულ კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „კუნას“ მიერ არის შექმნილი, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეთერიუმის (Ethereum) თანადამაარსებელმა ვიტალიკ ბუტერინმა, უკრაინის დახმარების ფონდს 5 მილიონი დოლარის ეთერიუმი ჩაურიცხა.
ორგანიზაციის განცხადებით, მსხვილი დონაციის მიუხედავად, ბუტერინს ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს და არც აპირებდა. „ეიდ ფორ უკრაინმა“ გადარიცხვა დომენ vitalik.eth-სგან მიიღო, რის საფუძველზეც ცნობილი გახდა დონაციის ავტორის ვინაობა.
საერთო ჯამში, ბუტერინმა თავისი დონაცია ორ ნაწილად გაჰყო. ერთი პირდაპირ „ეიდ ფორ უკრაინს“ ჩაურიცხა, მეორე კი – „გათავისუფლების ფონდს“, რომელიც არის ბლოკჩეინ საზოგადოების აქტივისტების მიერ დაარსებული საქველმოქმედო ინიციატივა და რომლის მიზანიც, უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაა.
სამინისტრო უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილე ალექს ბორნიაკოვი, ბუტერინს გაწეული დახმარებისთვის საჯაროდ უხდის მადლობას: „მადლობის მეტი რა მეთქმის ყოველი კრიპტო დონაციისთვის, რომლებიც უკრაინის გადასარჩენად არის შემოწირული. ეს რეალურად აძლიერებს ჩვენს ქვეყანას და იცავს მის დემოკრატიულ ღირებულებებს. განსაკუთრებული მადლობა ვიტალიკ ბუტერინს, ვინც უკრაინას გვერდში უდგას“.
„კოინტელეგრაფის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკრაინის მთავრობისთვის, ჯარისთვის და საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის გადარიცხული კრიპტო დონაციების საერთო მოცულობამ 133 მილიონ დოლარს მიაღწია. „გათავისუფლების ფონდს“ კი 10 მილიონ დლარზე მეტი აქვს შეგროვებული.
კრიპტო დონაციების ყველაზე აქტიური პერიოდი იყო 28 თებერვალსა და 9 მარტს შორის. ამ დროში, უკრაინისთვის გაწეული კრიპტო დახმარების მოცულობამ 108 მილიონ დოლარს მიაღწია.