ვასილ ჰარდ ფორკის (Vasil hard fork) შემდეგ, კარდანოს ათჯერ გაზრდის პოტენციალი ექნება
კარდანოს (Cardano) ხშირად ეთერიუმის (Ethereum) მკვლელსაც კი უწოდებენ. მის ქსელში შესრულებული ტრანზაქციები, ეთერიუმისაზე (Ethereum) გაცილებით სწრაფი და იაფია. მაგრამ კრიპტო ბაზრის რეიტინგში, საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ, ეთერიუმი (Ethereum) კარდანოს (Cardano) თითქმის ათჯერ სჯობს. კერძოდ, ეთერიუმის კაპიტალიზაცია 128 მილიარდი დოლარია, კარდანოსი კი – „მხოლოდ“ 14 მილიარდამდე.
სხვა უპირატესობებთან ერთად, კარდანო ეთერიუმთან შედარებით, მეტად მასშტაბირებადია. წამში ტრანზაქციების განხორციელების მხრივაც უპირატესობა კარდანოს აქვს – განახლება „ჰიდრას“ (hydra) შემდეგ, მის ქსელში ერთ წამში 2 მილიონამდე ტრანზაქციის შესრულებაა შესაძლებელი. ეთერიუმის შემთხვევაში კი, როდესაც მისი ახალი ვერსია გაიშვება, მისი ქსელი წამში მხოლოდ 100 ათასი ტრანზაქციის გადამუშავებას შეძლებს. ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა, ვასილ ჰარდ ფორკის შემდეგ, კარდანოს პოტენციალი რამდენად გაიზრდება.
ანალიტიკოსები სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ კარდანოს ADA-ს ფასი ახლანდელთან (დაახლოებით 0.43 დოლარი) შედარებით, 10-ჯერ მაინც გაიზრდება. ესე იგი, ის გასცდება ყველა დროის მაქსიმუმს (3.10 დოლარი), რომელიც გასულ სექტემბერში დაფიქსირდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მალე მოდერნიზაცია (სახელწოდებით მერჯ) ჩაუტარდება ეთერიუმსაც, რომლის ტესტირებაც ამჟამად მიმდინარეობს. ამის შემდეგ, ეთერიუმი “Proof of stake” (PoS) სისტემაზე გადავა. ბაზარი ამ მომენტს მოუთმენლად ელის და სტატისტიკაზე მომუშავე სხვადასხვა კომპანიის ინფორმაციით, ამ მოლოდინში ეთერიუმს ბევრი ინვესტორი ყიდულობს. ეს ჯერ მის ფასზე არ ასახულა, თუმცა დიდი ალბათობით, ხელსაყრელ მომენტში კუმულატიური მოქმედება ექნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ADA-ზე ფასის კლების მიუხედავად, მას გამალებით ყიდულობენ ეგრეთ წოდებული კრიპტო ვეშაპები (კრიპტოების მსხვილი მფლობელები), რომელთა ხელშიც, სულ დაახლოებით 25 მილიონი დოლარის ADA არის თავმოყრილი. იზრდება იმ საფულეების რიცხვიც, რომლებზეც 10 000-ზე მეტი ADA ინახება. შედარებით სტაბილური მდგომარეობაა იმ საფულეების სტატისტიკაში, რომლებზეც 100 ათასიდან 10 მილიონამდე ADA ირიცხება. ასეთი საფულეების რიცხვი არც იზრდება და არც მცირდება.