ვიტალიკ ბუტერინი უკრაინას უჭერს მხარს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიიდან მალევე, ეთერიუმის (Ethereum) შემქმნელმა ვიტალიკ ბუტერინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. „ძალიან გაწბილებული ვარ პუტინის გადაწყვეტილებით, რომლითაც მან სადაო საკითხების მშვიდობიანად გადაწყვეტის შესაძლებლობა მოსპო და მათი სამხედრო გზით გადაჭრა არჩია. ეს არის დანაშაული უკრაინელი და რუსი ერების წინააღმდეგ. ყველას მშვიდობას ვუსურვებ, თუმცა ვიცი, რომ ასე აღარ იქნება. დიდება უკრაინას“, – წერს ბუტერინი. მომდევნო ტვიტერში მან დაწერა, რომ ეთერიუმი ნეიტრალურია, მაგრამ თავად ნეიტრალური ვერ იქნება. მან ადრე არაერთხელ გააფრთხილა პუტინი, რომ შეეწყვიტა აგრესია და მანიპულაციები.
ბიტკოინის (BTC) მომდევნო დიდ ზრდას შესაძლოა 2024 წლამდე ველოდოთ
ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმა „ჰუობის“ თანადამფუძნებელი დუ ჯუნი ვარაუდობს, რომ ბიტკოინის (BTC) ზრდის ახალი ციკლი, 2024 წელზე ადრე არ დაიწყება. ის ასეთ მოლოდინს, ბიტკოინის მოპოვების პროცესს უკავშირებს, რომელიც ჰალვინგის სახელით არის ცნობილი. ჰალვინგი ოთხ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. მორიგი ჰალვინგი (განახევრება) სწორედ 2024 წელს არის მოსალოდნელი. ჰალვინგის დროს, გახსნილ ბლოკზე მოპოვებული ბიტკოინების რიცხვი ნახევრდება. შესაბამისად, მცირდება მოპოვება და ბაზარზე ბიტკოინის გატანა ფერხდება, რაც მის ფასს ზრდისკენ უბიგებს. ჰალვინგი ბიტკოინის (BTC) ძირითად კოდშია გათვალისწინებული. ბოლოს ის 2020 წელს მოხდა, რასაც ერთი წლის შემდეგ, ბიტკოინის (BTC) ფასის ისტორიული მაქსიმუმის დაფიქსირება მოჰყვა. ბოლოსწინა ჰალვინგი 2016 წელს განხორციელდა, რამაც ციფრული ვალუტის ზრდის ახალი ციკლი გამოიწვია. ზრდის ორივე ციკლს, ბიტკოინის (BTC) ფასის ვარდნა მოჰყვა. ამჟამადაც ასე ხდება – შარშან ფასმა 69 ათას დოლარს მიაღწია, დღეს კი ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის ფასი, 40 პროცენტით არის შემცირებული. „თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება ვთქვათ, რომ ციფრული ვალუტის ფასზე, დაღმავალი ციკლის ადრეული ეტაპი ვითარდება“, – ამბობს დუ ჯუნი და დასძენს, რომ ზუსტი ვადების განსაზღვრა ძნელია, რადგან ფასწარმოქმნაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ომები, პოლიტიკური დაძაბულობები და პანდემია.
ვიტალიკ ბუტერინი კრიპტო ზამთრის შესახებ
ეთერიუმის თანა დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი ამბობს, რომ კრიპტო ზამთრის წყალობით, ციფრული ვალუტების ინდუსტრია უფრო ჩამოყალიბდება და გაძლიერდება. თუმცა ის დარწმუნებული არაა, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო.
ბლუმბერგთან საუბრისას, ბუტერინმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტების ბიზნესში მომუშავე ადამიანებისთვის, ფასების ვარდნა სასურველი მოვლენაა, რადგან ამ დროს, ისინი არასასურველ აქტივებს ნაკლები დანაკარგებით იშორებენ და სასურველს დაბალ ფასში ყიდულობენ. „ხალხს კრიპტო ზამთრები მოსწონს. რა თქმა უნდა, როცა ვალუტების ფასები მატულობს, ყველას უხარია, რადგან მათი მოგება იზრდება. მაგრამ იმავდროულად, ბაზარი მოკლევადიან სპეკულაციურ ტრეიდერებსაც იზიდავს. სწორედ კრიპტო ზამთრის დროს, ბევრი წარუმატებელი პროექტი იხურება. საიმედო პროექტები კი რჩება და ვითარდება“, – ამბობს ბუტერინი.
„გლასნოუდი“ ციფრული ვალუტების გაუფასურების გაგრძელებას ელის
ციფრული ვალუტების ბაზრის ანალიტიკაზე ორიენტირებული კომპანია „გლასნოუდი“ ვარაუდობს, რომ პოლიტიკური დაძაბულობის და ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის დაწყების მოლოდინის გამო, ბიტკოინის ინვესტორები პესიმისტურად არიან განწყობილი. ეს კი ზრდის იმის ალბათობას, რომ ციფრული ვალუტების გაუფასურება გაგრძელდება.
დაღმავალი ტრენდის დაწყების დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ბიტკოინის აქტიური მისამართების რიცხვი, კორიდორის ქვედა საზღვრისკენ დაეშვა. ეს ციფრულ ვალუტაზე მოთხოვნის კლებაზე მიანიშნებს.
„გლასნოუდის“ მონაცემებით, ბიტკოინის ინვესტორებს შორის, მათი რიცხვი, ვინც მოგებაშია, 65.78-76.7 პროცენტის კორიდორშია. მოპოვებული ბიტკოინების 10.9 პროცენტი, 33 500-დან 44 600 დოლარამდე ფასშია შეძენილი. და თუ ფასი ზრდას განაახლებს, გამყიდველების მხრიდან, ფასზე ზეწოლაა მოსალოდნელი.
იმავე კომპანიის მონაცემებით, 4.7 მილიონი ბიტკოინის მფლობელები, არარეალიზებულ ზარალში არიან. მათგან ნახევარზე მეტი, მოკლევადიანი ინვესტორია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ბიტკოინს საშუალოდ, 155 დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. მათ მიერ შეძენილი ბიტკოინების საშუალო ფასი 47 200 დოლარია.
კარდანოს (ADA) ფასი ხარული ტრენდისთვის ემზადება
კარდანოს (ADA) ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი ღირებულების (TVL) მოცულობამ, 200 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების მიერ განიხილება, როგორც ხარული განწყობის მიმანიშნებელი დონე. TVL-ის ზრდა იმის ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, რომ კარდანოს ფასი ზრდისთვის ემზადება. მიმომხილველები თვლიან, რომ კარდანოზე მოთხოვნის ზრდას, დიდწილად განაპირობებს მისი ბლოკჩეინი, რომელიც მომხმარებლებს და ამ ბლოკჩეინის საფუძველზე შექმნილ არაერთ პროექტს, ბევრ შეღავათს ანიჭებს. ეს კი TVL-ის ზრდას იწვევს, აქედან გამომდინარე მოლოდინებით. ამასთან, ინვესტირებული ფინანსების მიხედვით, ADA-ს ქსელი მესამე ყველაზე მიმზიდველია დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სივრცეში. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად გაიზარდა ეს ვალუტა.
ინვესტორები არ მალავენ, რომ მათ ანგარიშზე არსებული კარდანოს დაყოვნებას აპირებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ფასის ზრდის მოლოდინი აქვთ და ისინი აქცენტს გრძელვადიან ვაჭრობაზე აკეთებენ.
აშშ-ში ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას ქმნიან
შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველი საბჭოს წევრმა ლაელ ბრენარმა აღიარა, რომ დაწყებულია მუშაობა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაზე (CBDC) და დაამატა, რომ ამ სფეროში, ფედრეზერვს მსოფლიოში მოწინავე პოზიცია უკავია.
ბრენარი ამბობს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკის ციფრულ იუანს, საერთაშორისო გადარიცხვებში დოლარისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მაგრამ ციფრული დოლარის უპირატესობა ისაა, რომ მას ზურგს ფიატური დოლარი გაუმაგრებს, რომელსაც მსოფლიოში კვლავაც ლიდერი პოზიცია უკავია.
ბრენარის თქმით, ციფრულ დოლარზე მუშაობა, ბოსტონის სარეზერვო ბანკის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) და ნიუ იორკის ინოვაციური ცენტრის ერთობლივი პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს. ციფრულ დოლარზე პირველადი ტესტები უკვე ჩატარდა.
უკრაინის კრიზისის დროს, ინვესტორებს ოქრო ბიტკოინს (BTC) ურჩევნიათ
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული საომარი კამპანიის დროს, ინვესტორები ისეთი აქტივების შესყიდვას ამჯობინებენ, როგორიცაა ოქრო, ძვირფასი ლითონები და ნავთობი. ამ აქტივებს ისინი სიტუაციის სტაბილიზაციამდე, თავიანთი ფინანსების საიმედოდ შესანახად იყენებენ. ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ფასეულობის შესანახად, ციფრულ ვალუტებს, როგორებიცაა ბიტკოინი (BTC) და ლაიტკოინი (Litecoin), ძვირფასი ლითონებისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. უფრო მეტიც, ბიტკოინს ხშირად ციფრულ ოქროდაც მოიხსენიებენ. თუმცა, რეალობა ხშირად სრულიად განსხვავებულია. უკრაინაში დაძაბულობის ესკალაციის და ომში გადაზრდის პირობებში, ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმავდროულად, ბიტკოინი თავის ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით, თითქმის განახევრდა.
ციფრული ვალუტების დეცენტრალიზებული ხასიათის გამო, მათ ხშირად განიხილავენ, როგორც ფასეულობის შენახვის საუკეთესო საშუალებას. მაგრამ ფასების ძლიერი რყევები, მათდამი ნდობას ასუსტებს. ამიტომ, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ასეც დარჩება.
ბაფეტის მარჯვენა ხელი: კრიპტო ვენერიული დაავადებასავითაა
მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „ბერკშირ ჰეტვეის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ბაფეტის დიდი ხნის კომპანიონი ჩარლი მანგერი ამბობს, რომ კრიპტო ვალუტებზე ფიქრით დროს არ კარგავს. უფრო მეტიც, მას ეზიზღება ციფრული ვალუტები, რომლებსაც ვენერიულ დაავადებას ადარებს. „ბერკშირის“ აქციონერებთან ყოველწლიური შეხვედრისას, 98 წლის ინვესტორმა განაცხადა: „მე კრიპტოებში ინვესტიციებს არ ვაკეთებ. ვამაყობ იმ ფაქტით, რომ ამას თავს ვარიდებ. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ვენერიული დაავადება“. მანგერის მსგავსად, კრიპტო ვალუტებს არც ბაფეტი აღიარებს. უფრო მეტიც, მან არაერთი უხეში ეპითეტით შეამკო ბიტკოინი, რომელსაც უწოდა „ვირთხის შხამი კვადრატში“. ბაფეტისვე შეფასებით, ციფრული ვალუტები არის „გაუგებრობა, რომელიც შარლატანებს იზიდავს“.
მაგრამ კრიტიკის პარალელურად, „ბერკშირმა“ გამოაცხადა, რომ შეისყიდა ბრაზილიის უდიდესი ფინტექ ბანკის, „ნურბანკის“ აქციების 1 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტი. „ნურბანკი“ კი, ბრაზილიელ კრიპტო ინვესტორებს შორის, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
აშშ-ის ორ შტატში გადასახადების კრიპტოთი გადახდას დაუშვებენ
შეერთებული შტატების ორი შტატი – არიზონა და ვაიომინგი, სახელმწიფო გადასახადების კრიპტო ვალუტებით გადახდის დაკანონებას აპირებს. არიზონაში მხოლოდ ერთი კრიპტო ვალუტის, ბიტკოინის დაშვებას აპირებენ, რასაც ვალების და გადასახადების გადახდისას გამოიყენებენ.
ვაიომინგში კი ერთი კონკრეტული ციფრული ვალუტა არჩეული არ აქვთ. ამასთან, გადასახადების გარდა, მათ გაყიდვებშიც გამოიყენებენ. შესაბამისად, ვაიომინგში კრიპტოს უფრო მრავალმხრივი გამოყენება ექნება.
შტატებს შორის, ციფრული ვალუტების დამკვიდრების მხრივ, პირველობისთვის შტატი კოლორადო ისწრაფვის. მისი გუბერნატორი ჯარედ პოლისი მოწადინებულია, რომ კოლორადო კრიპტოს ადაპტაციის მხრივ, ქვეყნის ლიდერი გახდეს.