კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
24/12/2021
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

აღმავალი ტრენდის სამი წელი

24 დეკემბერი,

დრო სწრაფად გადის – თითქოს ახლახანს იყო, როცა ბიტკოინის (BTC) ფასი 3.1 ათას დოლარამდე დაეცა და მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ვარდნა შეიძლება გაგრძელებულიყო. ბევრსაც იმედი ჰქონდა, რომ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, იმ დროის მაქსიმუმს (თითქმის 20 ათასი დოლარი) განაახლებდა და შორსაც გასცდებოდა.

დანარჩენი უკვე ისტორიაა – ოპტიმისტებმა გაიმარჯვეს. სამი წლის განმავლობაში, ბიტკოინის (BTC) ფასი წარმოუდგენელ (თამამი პროგნოზების მიუხედავადაც) სიმაღლეს, 69 ათას დოლარს მისწვდა. საერთო ჯამში, ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდამ 2 125 პროცენტს მიაღწია.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ, ბიტკოინის (BTC) ფასი აღმავალ ტრენდს დაადგა. 2020 წლის მარტში, მცირე დროით 2018 წლის მინიმუმისკენ დაეშვა, მაგრამ ეს კლება მხოლოდ კორექციულ ხასიათს ატარებდა, რაც მალევე დადასტურდა.

დღეს ოპტიმისტები უკვე 100 ათას დოლარამდე გაძვირებაზე ლაპარაკობენ, პესიმისტები კი პერსპექტივაში, 20 ათასსაც კი ძლივს ხედავენ.

მანგერი კრიპტო ბაზრის სიტუაციას საპნის პუშტს ადარებს

უორენ ბაფეტის ძველი პარტნიორი, იურისტი და ფინანსისტი ჩარლზ მანგერი ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტების ბაზრის სიტუაცია, „კიდევ უფრო გიჟურია“, ვიდრე 1990-იანი წლების დოტკომების საპნის ბუშტის წინ იყო. 97 წლის ინვესტორი არ მალავს, რომ მისი აზრით, კარგი იქნებოდა, ციფრული ვალუტები საერთოდ არ გამოეგონებინათ.

„მე ვისურვებდი, რომ ისინი არ არსებობდეს. აღფრთოვანებული ვარ ჩინელებით, რომლებმაც დროულად აკრძალეს ციფრული ფული. ინგლისურენოვანი ცივილიზაცია კი ცდება, რადგან მსგავს ზომებს არ მიმართავს. ასეთ გიჟურ ბუშტებში მონაწილეობის არანაირი სურვილი არ მაქვს“, – ამბობს 97 წლის მანაგერი.

ბიტკოინი (BTC) ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს?

ტვიტერის ყოფილი შეფი ჯეკ დორსი ამბობს, რომ ბიტკოინი ოდესმე ამერიკულ დოლარს ჩაანაცვლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დორსი ამგვარ რამეს ამბობს. ადრე ის მსგავს თემაზე საუბრისგან თავის შეკავებას ამჯობინებდა.

მის ამ მოსაზრებას ბევრი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული კრიპტო ბანაკის ანალიტიკოსი არ იზიარებს. ისინი თვლიან, რომ ბიტკოინს დოლარის შეცვლის დანიშნულება არც აქვს. ის განიხილება, როგორც ოქროს ალტერნატივა და ღირებულების შენახვის უსაფრთხო საშუალება.

ბიტკოინის ბლოკჩეინი, მოდერნიზაციის შემდეგაც ძალიან ნელია, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ბიტკოინი სარეზერვო ვალუტის დანიშნულებით გამოუსადეგარია. თუმცა ციფრული ვალუტების სამყაროში არის პროექტები, რომლებიც მომავალში გაცვლითი დანიშნულებით, ახალი შუალედური საშუალებების შექმნას ითვალისწინებს. ისინი პერსპექტივაში, ფიატურ ვალუტებს შეცვლიან.

სეილორის თამამი პროგნოზი – ბიტკოინის (BTC) ფასი 6 მილიონ დოლარს მიაღწევს

ღრუბლოვან სერვისებზე და ბიზნესების დაცვის საშუალებებზე ორიენტირებულ კომპანია „მაიკროსტრატეჯის“  მთავარი აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ სეილორი ვარაუდობს, რომ მომავალში, ერთი ბიტკოინის ფასი 6 მილიონ დოლარს მიაღწევს.

სეილორმა მის ხელთ არსებული ბიტკოინების მოცულობაც დაასახელა. კერძოდ, ის 17 732 ბიტკოინს ფლობს. „მაიკროსტრატეჯის“ მფლობელობაში კი 122 478 ბიტკოინია. ამ კომპანიამ ბიტკოინის შესყიდვა შარშან, აგვისტოში დაიწყო, როცა 250 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტა შეისყიდა.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს მიერ მოწონებული გეგმის შესაბამისად, „მაიკროსტრატეჯი“ ციფრული ოქროს შესყიდვას აგრძელებს, რისთვისაც, საკუთარი კაპიტალის გარდა, კრედიტებსაც იყენებს. ბოლო შესყიდვა დეკემბერში განხორციელდა. კომპანიამ 1 434 BTC იყიდა, რაშიც დაახლოებით 82.4 მილიონი დოლარი გადაიხადა.

„მაიკროსტრატეჯის“ ბიტკოინში დაახლოებით 3.66 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული. ამჟამად მის ხელთ არსებული ციფრული ვალუტების რეზერვი, დაახლოებით 5.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სეილორს ნათქვამი აქვს, რომ „მაიკროსტრატეჯი“ მის ციფრული ვალუტების რეზერვს „სამუდამოდ შეინახავს“.

ბიტკოინის (BTC) ფასი ჭერს 3-6 წელიწადში მიაღწევს

ჰეჯ ფონდ „ტეზა ტექნოლოჯიზის“ შეფი მიხაილ მალიშევი ფიქრობს, რომ სამი-ექვსი წლის განმავლობაში, ბიტკოინის (BTC) ფასი 500 ათას დოლარს მიღწევს. ამასთან, ციფრული ოქრო ბაზარზე დომინანტ როლს დაკარგავს და იმავე პერიოდის ბოლოს, მისი წილი 10 პროცენტამდე შემცირდება.

მისივე აზრით, ამ ციფრული ვალუტის მომავალზე, გადამწყვეტ გავლენას, ბიტკოინის ბლოკჩეინის მიერ, დიდი რაოდენობით ელექტრო ენერგიის მოხმარება შეასრულებს. ის ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ეს გარემოება ბიტკოინის ბლოკჩეინის ფუნქციონირებას არახელსაყრელად აქცევს.

მალიშევი აღნიშნავს, რომ ბიტკოინის ბლოკჩეინი ერთგვარი ექსპერიმენტის სახით შეიქმნა და ის სწრაფ ტრანზაქციებზე გათვლილი არაა. მისი თქმით, ბიტკოინს მომავალში ელექტრო ენერგიაზე დამოკიდებულება გააუფასურებს. ამ პრობლემის სრულად აღსაქმელად, მას მოჰყავს მაგალითი: ბიტკოინის ბლოკჩეინის მიერ მოხმარებულ ენერგიაზე მეტს, მთელ მსოფლიოში მხოლოდ 22 ქვეყანა იყენებს.

თუ 20 ათას დოლარამდე გაიაფდება?

ჯერ შევთანხმდეთ, რომ როცა ვინმე ბიტკოინის ფასის ვარდნას, თუნდაც მკვეთრს პროგნოზირებს, ამაში იგულისხმება, რომ კლებას კორექციული ხასიათი ექნება. ტრეიდერ-ანალიტიკოსი და იუთუბერი ტონი ვეისი ფიქრობს, რომ მიმდინარე კორექციის ფარგლებში, ბიტკოინის ფასი შეიძლება 20 000 დოლარამდე ჩამოვიდეს.

მისი ამ ვარაუდის საფუძველს წარმოადგენს მოვლენათა განვითარება, როდესაც ფასი შესაძლოა 50-კვირიან მოძრავ საშუალოს ჩამოსცდეს და მის ქვემოთ დარჩეს. ვეისი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, ბიტკოინის ფასი 200-კვირიანი მოძრავი საშუალოსკენ დაეშვება, რომელსაც 20 ათასი დოლარის სიახლოვეს შეხვდება. ეს იქნება მძლავრი მხარდაჭერის დონე, რომელსაც ბიტკოინი შემდგომი ზრდის პლაცდარმად გამოიყენებს.

იმავდროულად, ანალიტიკოსი მოვლენათა ამგვარ განვითარებას, ნაკლებად მოსალოდნელ, თუმცა შესაძლებელ სცენარად მიიჩნევს. მისი აზრით, ბიტკოინის ფასი 50-კვირიან მოძრავ საშუალოზე დაბლა არ ჩამოვა.

ტრამპი კრიპტო ბაზრის „არნახულ აფეთქებას“ მოელის

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ციფრულ ვალუტებს კვლავ აკრიტიკებს და თვლის, რომ ეს ბაზარი „მეტად სახიფათოა“. ფოქს ნიუსთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრიპტო ვალუტების ფანი არაა.

„ჩემი აზრით, ვალუტა დოლარის ფორმატში უნდა არსებობდეს. ამიტომ, მე კრიპტო ვალუტების ფანი არ ვარ. ციფრული აქტივების ბაზარი იზრდება, მაგრამ მის გაკონტროლებას არავინ ცდილობს“, – ამბობს ტრამპი და დასძენს, რომ შექმნილ ვითარებას ბაზარი „აფეთქებისკენ მიყავს“.

სხვათა შორის, ექს პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლის, მელანი ტრამპის NFT (არა გაცვლადი მონეტა) პროექტს მხარი დაუჭირა.

„ვეშაპები“ კარდანოს (Cardano) 94 პროცენტს აკონტროლებენ

ციფრული ვალუტების უსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია „კოინ მეტრიკსის“ მონაცემებით, კარდანოს (ADA) უმსხვილესი მფლობელები (ვეშაპები), რომლებიც ამ ვალუტის მფლობელთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტს შეადგენენ, ADA მონეტების 94 პროცენტის მფლობელები არიან.

ბაზარზე სულ 33.43 მილიარდი კარდანოა გამოსული, აქედან დაახლოებით 31 მილიარდი კი ვეშაპების ხელშია. მათ საკუთარი საფულეები, წელს დაახლოებით მილიარდი მონეტით შეავსეს. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც კარდანოს რამდენიმე გაუმჯობესება (მათ შორის, კოდური სახელწოდებით ალონსო) ჩაუტარდა.

სხვათა შორის, ვეშაპებს საკუთარი საფულეები არც მაშინ შეუმსუბუქებიათ, როდესაც კარდანოს ფასი მკვეთრად დაეცა. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი ამ მონეტის ზრდის პოტენციალში დარწმუნებულები არიან.

ვეშაპები რიპლსაც ჰყავს

და ისინიც აქტიურობენ. კერძოდ, კრიპტო ბაზრის ანალიტიკაზე ორიენტირებულ კომპანია „სანტიმენტის“ ინფორმაციით, XRP-ს ქსელის ვეშაპები, მონეტების დაგროვებით არიან დაკავებული. ბოლო სამ თვეში, როცა ციფრული ვალუტის ფასი ეცემოდა, მათ საკუთარ ანგარიშებზე არსებული მონეტების მოცულობა 6 პროცენტით, 3.31 მილიარდამდე გაზარდეს.

გამოცემა „კრიპტო გლოუბის“ ინფორმაციით, თუ ოქტომბერში XRP-ს ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების რიცხვი 43.3 მილიონი იყო, ნოემბერში გადარიცხვებმა 10 მილიონით მოიმატა. 11.8 პროცენტით, 237 000-მდე გაიზარდა ახალი ანგარიშების რიცხვი.

სხვა ციფრული ვალუტების მსგავსად, წელს XRP-ს ფასიც გაიზარდა (250 პროცენტით). ოღონდ, ზრდა მეტწილად იმ გარემოებამ შეაფერხა, რომ რიპლს და მის ორ აღმასრულებელს, სასამართლო დავა აქვთ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ვალუტების გაცვლის ბაზრის კომისიასთან (SEC).

რიპლის მთავარი აღმასრულებელი ბრედ გარლინგჰაუსი ამბობს, რომ SEC-თან საქმის დასრულების შემდეგ, რიპლის აქციონირება იგეგმება.

ბიტკოინის (BTC) მსხვილი საფულე 8 წლის „ძილის“ შემდეგ გააქტიურდა

საინფორმაციო პორტალ „კოინტელეგრაფის“ ინფორმაციით, ბიტკოინის საფულე, რომელზეც 321 ბიტკოინია შენახული, რვაწლიანი უმოქმედობის შემდეგ გააქტიურდა.

2013 წელს, როდესაც ეს საფულე ბოლოს გამოიყენეს, მასში შენახული ბიტკოინების ჯამური ფასი 6 594 დოლარი იყო. 21 დეკემბერს კი, როდესაც ამ საფულედან, 8.8 წლის უმოქმედობის შემდეგ, პირველი ტრანზაქცია შესრულდა, მასში არსებული მონეტების ფასმა 15.1 მილიონ დოლარს მიღწია.

ბევრი ფიქრობს, რომ ეს ერთ-ერთია იმ საფულეთაგან, რომლებიც შესაძლოა ბიტკოინის შემქმნელს, ფსევდონიმ სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილ პიროვნებას ეკუთვნოდეს.

არც ისაა გამორიცხული, რომ შესაძლოა, ჰაკერებმა ერთ-ერთი ძველი საფულის კოდის გაშიფვრა შეძლეს. ისიც შესაძლებელია, რომ ამ საფულის პატრონს კოდი დაკარგული ჰქონდა და მისი აღდგენა, ჰაკერის დახმარებით შეძლო…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved