ბაზარზე მიმოქცევაში მხოლოდ 1.3 მილიონი ბიტკოინი (BTC)
დარჩა
30 დეკემბერი,
იმ დროს, როდესაც ბიტკოინების (BTC) 90 % უკვე მოპოვებულია, ირკვევა, რომ ბაზარზე ცირკულაციაში, სულ 1.3 ბიტკოინია. ამ დროისთვის, უკვე მოპოვებულია 18.9 მილიონზე მეტი ბიტკოინი. სულ შესაძლებელია 21 მილიონის მოპოვება. ანალიტიკურ კომპანია „კრიპტორენკის“ მონაცემებით კი, 17.5 მილიონ ბიტკოინზე მეტი, ციფრულ საფულეებში ინახება და ბაზრისთვის მიუწვდომელი რჩება.
ბაზარზე მოძრავი ბიტკოინების რიცხვის კლება, სიახლე არაა. ეს ტენდენცია განსაკუთრებით 2020 წელს გამოიკვეთა, როცა ბიტკოინის მოპოვების მოცულობის განახევრება მოხდა. შესაბამისად, ორჯერ შემცირდა ბაზარზე ახალი ბიტკოინების მოცულობა.
გაცვლის პლატფორმებზე არსებულ საფულეებში, 2020 წლის ოქტომბერში თავმოყრილი იყო ბიტკოინების 9.5 პროცენტი, იმავე წლის ბოლოსთვის, ეს რიცხვი 7.3 პროცენტამდე შემცირდა. ამჟამად კი გაცვლითი პლაფორმების საფულეებზე მხოლოდ 6.3 პროცენტია დარჩენილი. ეს დაახლოებით 1.3 მილიონი ბიტკოინის ტოლფასია.
საინტერესოა ამერიკულ გაცვლით პლატფორმა „კოინბეიზის“ სტატისტიკაც, რომლის საფულეებშიც, იმაზე მეტი ბიტკოინია განთავსებული, ვიდრე ყველა დანარჩენი პლატფორმის საფულეებში, ერთად აღებული. სწორედ ასეთი დიდი პლატფორმის ფარგლებში, ბიტკოინის დომინანტი პოზიცია თანდათან მცირდება. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში, „კოინბეიზის“ სივრცეში ბიტკოინის წილი, 50.52-დან 40.65 პროცენტამდე შემცირდა.
„კოინბეიზში“ ბიტკოინის წილის კლება, სწორედ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ბიტკოინების რიცხვის კლებას უკავშირდება, რაც დიდი ალბათობით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაში და ამის კვალად, ფასის შემდგომ ზრდაში აისახება.
ეთერიუმის ვეშაპმა 4 ტრილიონი შიბა ინუ შეისყიდა
ციფრული ვალუტების ბაზრის მსხვილი ინვესტორების (ვეშაპების) მონიტორინგის რესურსი „ვეილსტატსი“ იტყობინება, რომ ეთერიუმის ერთ-ერთმა ვეშაპმა, რომლის საფულეებშიც, 570 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტო ვალუტებია თავმოყრილი, ახლახანს 136 მილიონი დოლარის ღირებულების, სულ 4 ტრილიონზე მეტი შიბა ინუ შეისყიდა.
„ვეილსტატსის“ ინფორმაციით, ინკოგნიტო ვეშაპის მიერ შესყიდვა დაახლოებით 24 საათში განხორციელდა. ცნობისათვის, „ვეილსტატსი“ ეთერიუმის ქსელის 1 000 უმსხვილეს საფულეს და მათ მოქმედებებს აკონტროლებს.
„კრიპტოგლოუბის“ ინფორმაციით, შიბა ინუ ყველაზე პოპულარული მონეტაა ეთერიუმის 1 000 უმსხვილესი საფულის მფლობელებს შორის. სტატისტიკის შესაბამისად, ისინი დაახლოებით 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების შიბა ინუს ფლობენ.
ვეშაპი, რომელმაც ზემოთ ნახსენები, 136 მილიონი დოლარის შიბა ინუ (SHIB) შეისყიდა, ძირითადად იმ მონეტებს ყიდულობს, რომლებიც ფეისბუკის ვირტუალურ სამყარო „მეტავერსს“ უკავშირდება.
მაინც, ვინ არის სატოში ნაკამოტო?
ილონ მასკის კომპანია „სპეისიქსის“ ყოფილი თანამშრომელი საჰილ გუპტა ვარაუდობს, რომ ბიტკოინი სწორედ მასკის ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ის ყვება, რომ 2017 წელს, სატელეფონო საუბარი ჰქონდა კომპანიის ხელმძღვანელის წარმომადგენელ სემ ტელერთან. საუბარი სამუშაოს პერიპეტიებს ეხებოდა. მის ბოლოს, გუპტამ იკითხა, ხომ არ არის მასკი სატოში ნაკამოტო.
ტელერმა დაახლოებით 15 წამი იფიქრა, რის შემდეგაც ორაზროვანი პასუხი გასცა – „აბა, რისი თქმა შემიძლია“. გუპტა თვლის, რომ ასეთი პასუხი თანხმობის ტოლფასი იყო.
ამ თემაზე, მასკს საკუთარი ვარაუდი აქვს. ის თვლის, რომ ფსევდონიმი სატოში ნაკამოტო შესაძლოა, ინფორმატიკის და კრიპტოგრაფიის მეცნიერ ნიკ საბოს ეკუთვნოდეს. მასკის თქმით, საბოს იდეები ძალიან ჰგავს პრინციპებს, რომლებიც პირველი კრიპტო ვალუტის საფუძველს წარმოადგენს.
1998 წელს საბომ შექმნა დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის ალგორითმი, რომელსაც „ბიტ გოლდ“ უწოდა. ეს სისტემა არ განხორციელებულა. მაგრამ სწორედ მას მიიჩნევენ ბიტკოინის წინამორბედად. თავად საბო, ბიტკოინის შექმნაში თავის მონაწილეობას უარყოფს.
ეთერიუმის (Ethereeum) ETH 2.0 ვერსია ბევრ რამეს შეცვლის
დღეს ეთერიუმს (Ethereum) ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ნელი ტრანსფერები, რაც ქსელის გადატვირთული რეჟიმით არის გამოწვეული და გადარიცხვის მაღალი გადასახადი. თუმცა ამის მიუხედავად, მაინც ციფრული ვალუტების სამყაროს მეორე ყველაზე პოპულარული ვალუტაა. და რაც მთავარია, ბევრი კრიპტო პროექტისთვის, ყველაზე სასურველ ქსელად რჩება.
2022 წელს ეთერიუმს დიდი განახლება ელის. განახლების პროექტის კოდური სახელწოდებაა ეთერიუმ 2, რამაც პირველ რიგში, ტრანზაქციების სისწრაფე უნდა გაზარდოს. ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, ქსელის გამტარუნარიანობა წამში 30 ტრანზაქციიდან, 100 000-მდე გაიზრდება. ამას ვალიდაციის მეთოდ „პრუფ-ოფ-სტეიკზე“ გადასვლა უზრუნველყოფს. ამის კვალად, ძლიერ დაიკლებს ქსელის ენერგო მოხმარება.
კარდანოს (Ada) დიდი გეგმები აქვს
კარდანო 2015 წელს შეიქმნა და მალე ეთერიუმის ერთგვარ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. მაგრამ ამას არ სჯერდება. მისი დამაარსებელი ჩარლზ ჰოსკინსონი, მომხმარებლებს 2022 წელს ორ სიახლეს პირდება. ამასთან ამბობს, რომ განახლებებზე 15 კომპანია მუშაობს.
კარდანოს განახლებაზე მომუშავე გუნდი IOHK აცხადებს, რომ კარდანო დეცენტრალიზებულ ფინანსირებაზე მუშაობს, რასაც „რეალფის“ უწოდებს. გუნდი ირწმუნება, რომ მისი მონეტა ADA გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ბიტკოინი და რომ ეს ყველაზე „მწვანე“ მონეტაა ციფრულ სამყაროში. გარდა ამისა, კარდანოს ბლოკჩეინი, ყოველი ბლოკის გახსნაზე გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ბიტკოინის და ეთერიუმის ქსელები.
„არც ვეშაპი ვარ და არც დოგკოინის წარმომადგენელი“
დოგკოინი ბილი მარკუსმა 2013 წელს, ბიტკოინის ერთგვარ პაროდიად ჩაიფიქრა და როგორც ირწმუნება, ის „სულ რაღაც, ორ საათიში შექმნა“. მაგრამ მემე მონეტა, რომლის ემბლემადაც მარკუსმა თავისი შიბა ინუს ჯიშის ძაღლის გამოსახულება აირჩია, მალე ძალიან პოპულარული გახდა და ამჟამად მისი საბაზრო ღირებულება 25 მილიარდი დოლარია.
გავრცელებული ხმების შესაბამისად, მარკუსი დოგკოინის ვეშაპად რჩება და ამ მემე მონეტის მსხვილ პაკეტს ფლობს. მაგრამ ახლახანს მან გამოაცხადა, რომ ასე არაა და მის საფულეში მხოლოდ 220 ათასი დოგკოინია, რისი ღირებულებაც დაახლოებით 42 000 დოლარს შეადგენს. მარკუსი დასძენს, რომ დღეს ის მხოლოდ დოგკოინის მფლობელთა კომუნის წევრია.
და რაც მთავარია, ის აღარ არის დოგკოინის ფონდის წევრი და არც მისი თანამშრომელი. და ამიტომ, არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პროექტის წარმომადგენელი.
მარკუსი ამბობს, რომ 2015 წელს თითქმის სრულად გაყიდა მის ხელთ არსებული დოგკოინები და მათში მეორადი „ჰონდა სივიკის“ თანხა აიღო. 2015 წლის ივნისში, როდესაც მან თავისი დოგკოინები გაყიდა, თითო მონეტის ფასი 0.00018 დოლარი იყო. დღეს კი მემე მონეტა 0.18 დოლარის ფარგლებში ღირს.
მექსიკელი მილიარდერი გვირჩევს – იყიდეთ ბიტკოინი (BTC)
მექსიკის მესამე უმდიდრესი ადამიანი რიკარდო სალინას პლიეგო ახალი წლის წინ, ბიტკოინის ყიდვას გვირჩევს. ტვიტერზე თავის 957 ათას ფოლოვერს ის ურჩევს:
„თავი შორს დაიჭირეთ ფიატური ფულისგან. დოლარი, ევრო, იენა, პესო – ყველა ერთი და იგივეა. ეს არაა ნამდვილი ფული. ყველა ქაღალდის და ტყუილის ნაზავს წარმოადგენს. ცენტრალური ბანკები არნახულად ბევრ ფულს ბეჭდავენ. მე ბიტკოინის შეძენას გირჩევთ“.
სალინას პლიეგო დასძენს, რომ კაცობრიობას კეთილდღეობას თავისუფლება, ინოვაციები და კონკურენცია მოუტანს. ის ასევე გვირჩევს, რომ არავისი შეგვშურდეს და მოვერიდოთ შურიან ადამიანებს.
2020 წლის ნოემბერში სალინას პლიეგო წერდა, რომ თავისი ლიკვიდური პორტფელის 10 პროცენტი ბიტკოინში დააბანდა. ის მიზნად ისახავს, რომ მექსიკის მეორე უდიდესმა ბანკმა „ბანკო აცტეკამ“, რომელიც მის მფლობელობაშია, საკუთარი ბიზნესი ნაწილობრივ ბიტკოინით აწარმოოს.
ლაიტკოინის (Litecoin) საზოგადოება მაიკ ნოვოგრაცს აკრიტიკებს
საბროკერო კომპანია „გალაქსი დიჯიტალის“ დამაარსებელმა მაიკ ნოვოგრაცმა ამასწინათ ტელეარხ CNBC-ს ურჩია, რომ ციფრული ვალუტების კურსების ლენტიდან, ლაიტკოინი ჩაეხსნა, რადგან თვლის, რომ ამ ვალუტის ტექნოლოგია, თანამედროვეობას აღარ შეესაბამება.
ამის გამო, მან ლაიტკოინის მესვეურებისგან კრიტიკა დაიმსახურა.
„მაშ ასე, მაიკ ნოვოგრაცი მიდის CNBC-ზე და მოითხოვს სიიდან ლაიტკოინის ამოღებას, რომელიც უკვე ათი წელია, რაც ყოველგვარი მცირე ჩავარდნის გარეშე მუშაობს და რომელსაც არაერთი მსხვილი პროექტი აქვს შესრულებული. და ის გვირჩევს ისეთ მონეტებს, რომლებსაც არანაირი გამოცდა არ ჩაუბარებია. გასაკვირია“, – წერს გამოცემა „ლაიტკოინ მეგზინი“ და გვახსენებს, რომ ნოვოგრაცის ფავორიტ სოლანას წელს ორი სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა.
ლაიტკოინის ბევრი მომხრე თვლის, რომ ნოვოგრაცის ეს განცხადება, მის ინტერესებშია – მას მონეტის გაუფასურება სურს. სხვათა შორის, „გალაქსი დიჯიტალის“ შეფს ნათქვამი აქვს, რომ მალე ბაზარს ალტკოინების უმეტესობა დატოვებს.
მასკი დოგკოინს (Doge) აქებს
„ტესლას“ და „სპეისიქსის“ დამაარსებელი და შეფი ილონ მასკი, „ტაიმ მეგზინმა“ 2021 წლის ყველაზე გამორჩეულ ადამიანად დაასახელა. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ინტერვიუს დროს კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ახსნა, თუ რატომ თვლის, რომ დოგკოინი ბევრ ასპექტში ბიტკოინზე უკეთესი ციფრული ფულია.
მასკის აზრით, დოგკოინი იდეალური გაცვლითი საშუალებაა: „თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ის სულელური ხუმრობის გამო შეიქმნა, დოგკოინი ტრანზაქციებისთვის საუკეთესო საშუალებაა. მართალია, ის ოდნავ ინფლაციური მონეტაა, მაგრამ მისი ინფლაცია ფიქსირებულია და ის დროთა განმავლობაში დაიკლებს. და ის მომხმარებლებს ხარჯვისკენ უბიძგებს და არა შენახვისკენ“, – ამბობს მასკი.
მისი კომპანია „ტესლას“ ანგარიშზე 38 300 ბიტკოინი ირიცხება და ამ მაჩვენებლით, ბიტკოინის მფლობელი მეორე უდიდესი კორპორაციაა. მასკი ერთხანს ფიქრობდა, რომ თავისი ელექტრომობილების ნაწილი ბიტკოინებზეც გაეყიდა. თუმცა მალე პოზიცია შეიცვალა. და ბიტკოინის უარყოფით, ეს ვალუტა და მასთან ერთად, კრიპტო ბაზარიც, დაახლოებით 50 პროცენტით გააუფასურა. რა თქმა უნდა, ამით თავად მასკმაც იზარალა…