კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
14/01/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

თურქები საკუთარ კაპიტალს კრიპტო ვალუტებში ინახავენ

12 იანვარი,

იმ დროს, როდესაც თურქული ლირა არნახულ ინფლაციას განიცდის, თურქი ინვესტორები და მოქალაქეები თავიანთი დანაზოგების შესანახად, სულ უფრო ხშირად იყენებენ ციფრულ ვალუტებს. მეტადრე, ისინი ბიტკოინს, შიბა ინუს და ტეტერს ეტანებიან. ასე ისინი საკუთარ კაპიტალს ინფლაციისგან აზღვევენ და მოგების მიღებასაც ცდილობენ.

„ბინანსის“ სავაჭრო პლატფორმაზე, ბიტკოინის და თურქული ლირას წყვილზე, ნოემბერში 918 მილიონი დოლარის მოცულობის გარიგებები დაფიქსირდა. ამაზე დაახლოებით ხუთჯერ დიდი მოცულობა ჰქონდა შიბა ინუ-ლირას (5.26 მილიარდი დოლარი) და ტეტერ-ლირას (5.58 მილიარდი დოლარი) გარიგებებს.

ნოემბერში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, იმის მიუხედავად, რომ ინფლაციამ 20 პროცენტს მიაღწია, ლირაზე საპროცენტო განაკვეთი შეკვეცა. ამის შედეგად, ლირა დოლართან წყვილში დაახლოებით 40 პროცენტით დაეცა. გასული წლის განმავლობაში, თურქული ვალუტა 87 პროცენტით გაუფასურდა და ზედიზედ მეცხრე წელი დაასრულა მინუსში.

თურქეთში ციფრული ვალუტებით ანგარიშსწორება აკრძალულია, თუმცა მათი ფლობა ნებადართულია. მაგრამ ციფრული ვალუტების შესყიდვების ზრდა, ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას იწვევს, რაც სავარაუდოდ, ცენტრალური ბანკის და მთავრობის ყურადღებას მიიქცევს.

შიბა ინუს პოპულარობას, მისი სიიაფე განაპირობებს. რაც შეეხება ტეტერს, მისი პოპულარობის მიზეზი ისაა, რომ მისი ფასი, მუდმივად დოლარის ექვივალენტურია. ამის გამო, მას ციფრულ ბაზარზე დოლარის წარმომადგენლადაც მოიხსენიებენ ხოლმე.

ყაზახეთში ბიტკოინის (BTC) მაინინგი შეწყდა

საწვავის ფასების ზრდის გამო, ყაზახეთში დაწყებულმა არეულობებმა, ქვეყანაში ბიტკოინის (BTC) და სხვა ციფრული ვალუტების მოპოვების საქმე გააჩერა. საქმე ისაა, რომ არეულობების დაწყების შემდეგ ყაზახეთში, რომელიც მსოფლიოში ბიტკოინის (BTC) მეორე უდიდესი მომპოვებელი ქვეყანაა, მთავრობამ ინტერნეტი გათიშა.

საინტერესოა, რომ ჩინეთში ციფრული ვალუტების მოპოვების აკრძალვის შემდეგ, ჩინელი მომპოვებლების ნაწილმა ყაზახეთს მიაშურა. ეს ქვეყანა მათთვის იაფი ელექტრო ენერგიით იყო მიმზიდველი. ჩინეთიდან მიგრირებული მაინერები, საკუთარ აპარატურას ძირითადად, ჩინეთთან მოსაზღვრე რეგიონებში ამუშავებდნენ. ჩინელ მაინერთა მიგრაციის შემდეგ, ყაზახეთზე ბიტკოინის მსოფლიო მოპოვების დაახლოებით 15 პროცენტი მოდიოდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყაზახეთში საგანგებო სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში, მაინერები ამ ქვეყანასაც დატოვებენ. შესაძლოა, მათთვის საუკეთესო თავშესაფარი შეერთებული შტატები გახდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩინეთში მაინინგის აკრძალვის შემდეგ, ბევრმა კრიპტო მომპოვებელმა სწორედ აშშ-ს მიაშურა.

IMF ბიტკოინთან (BTC) დაკავშირებულ რისკებზე ლაპარაკობს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) თვლის, რომ აქციებსა და ციფრულ ვალუტებს შორის კორელაცია, ციფრული აქტივებისადმი მეგობრული დამოკიდებულების მქონე ქვეყნების ფინანსური სტაბილურობისთვის, შესაძლოა რისკების მატარებელი იყოს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამ ორი ტიპის აქტივების კორელაცია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩამოყალიბდა. სულ უფრო მეტი ინვესტორი განიხილავს ციფრულ ვალუტებს, როგორც საკუთარი კაპიტალის დაცვის საშუალებას. შესაბამისად, მათ კრიპტო ვალუტები, საკუთარ პორტფელში შეაქვთ.

სავალუტო ფონდში თვლიან, რომ ციფრულ ბაზარზე წარმოქმნილი რყევები, კორელაციის გამო, სულ უფრო მეტ ზეგავლენას იქონიებს საფონდო ბაზრებზე, რაც ინვესტორების კაპიტალ დაბანდებებს ხიფათს შეუქმნის.

იშვიათი შემთხვევა ბიტკოინის მაინინგში

11 იანვარს საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა – უცნობმა მაინერმა, ვინც მოპოვებას მცირე სიმძლავრის (126 ტჰ/წმ) აპარატურით აწარმოებდა, ბლოკი გახსნა, რისთვისაც ჯილდოდ განკუთვნილი 6.25 ბიტკოინი (BTC) მიიღო. ამის ფასი კი იმ მომენტში, 260 ათას დოლარზე მეტი იყო.

რაც მთავარია, ასეთი მცირე სიმძლავრით, ბლოკის გახსნის ალბათობა ძალიან მცირე, 0.0001 პროცენტზე ნაკლები იყო. აღნიშნული მაინერის განკარგულებაში არსებული მოწყობილობის სიმძლავრე, მთელ მსოფლიოში ბიტკოინის (BTC) მოპოვებაზე მომუშავე დანადგარების საერთო სიმძლავრის მხოლოდ 0.000073 პროცენტს შეადგენს.

კოსტა რიკაში ჰიდროელექტროსადგური ბიტკოინ (BTC) მაინერებს მოემსახურება

კოსტა რიკაში ერთი ძველი, მცირე სიმძლავრის ჰიდრო ელექტროსადგური, მხოლოდ ციფრული ვალუტების მაინერებს ემსახურება. სადგური ყავის და შაქრის ლერწმის პლანტაციების სიახლოვეს მდებარეობს. მთავრობამ მისგან ენერგიის შესყიდვა, კორონავირუსის პანდემიის დროს შეწყვიტა, რადგან საწარმოთა გაჩერების გამო, ქსელში ელექტრო ენერგიის სიჭარბე წარმოიქმნა.

სწორედ ამ დროს, ბიტკოინის (BTC) მაინინგის სფეროში მომუშავე ბიზნესმენებს გაუჩნდათ კითხვა, რატომ არ უნდა გამოეყენებინათ ენერგია, რომლის გამომუშავება მაინც გრძელდებოდა. და მათ საკუთარი დანადგარები, სადგურის სიახლოვეს გადაიტანეს და მის ქსელს მიუერთეს.

„მორგან სტენლი“ ბიტკოინის (BTC) ფასის ვარდნას განმარტავს

ბანკმა „მორგან სტენლიმ“ თავისი ანალიტიკოსების მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ლაპარაკია იმ მიზეზებზე, რომლებმაც ბიტკოინის (BTC) და ციფრული ვალუტების ფასების ვარდნა გამოიწვია.

ჯერ იყო ფასების ზრდა, რის მთავარ მიზეზებად დასახელებულია ცენტრალური ბანკების რბილი მონეტარული პოლიტიკა და ეკონომიკების სტიმულირების პროგრამები. პირველს კრედიტების გაიაფება, მეორეს კი ბაზარზე ჭარბი ფულადი მასის გამოსვლა მოჰყვა. შედეგად, ინფლაცია იზრდება, რაც ინვესტორებს საკუთარი ფულადი სახსრების დაცვისკენ უბიძგებს. ამის საშუალებად კი ისინი ციფრულ ვალუტებს იყენებენ.

ამ ყველაფერს, ციფრული ვალუტების ფასების ზრდა მოჰყვა. მაგრამ ინფლაციის ზრდამ სიტუაცია შეცვალა. შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა, ინფლაციასთან საბრძოლველად, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციას და სტიმულირების პროგრამის შეწყვეტას იწყებს. ეს იაფი ფულის ფაქტორს მოხსნის და ინვესტორებსაც სახსრების ციფრულ ვალუტებში დაბანდების ნაკლები აპეტიტი ექნებათ, რაც კრიპტო ვალუტების ფასების კლებას გამოიწვევს. ეს პროცესი სწორედ ამჟამად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ბევრი ინვესტორი პორტფელში ციფრულ ვალუტებს დაიტოვებს.

ციფრულ სტერლინგს ფინანსური სტაბილურობის დაზარალება შეუძლია

ბრიტანელი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ციფრულ სტერლინგს, ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის დაზარალება შეუძლია. ის გაზრდის კრედიტის ფასს და მომხმარებლების კონფიდენციურობას დაარღვევს. თუმცა, საფინანსო სექტორში თვლიან, ციფრული სტერლინგის გამოყენების პერსპექტივა, უფრო ღრმა ანალიზს საჭიროებს.

ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივად გამოაცხადეს, რომ ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით, კონსულტაციებს წლის განმავლობაში გააგრძელებენ და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, ასეთი ვალუტის 2025 წლის შემდეგ შემოღებას გადაწყვეტენ.

მაგრამ მოქალაქეების და ბიზნესმენების მიერ, ელექტრონული სტერლინგის შემოღების შემთხვევაში, დიდია შანსი იმისა, რომ ისინი კომერციულ ბანკებში თავიანთი ანგარიშებიდან, ფულს ელექტრონულ საფულეებზე გადაქაჩავენ. ამას კი, ეკონომიკური სტრესების და კრედიტების გაძვირების დროს, ქვეყანაში ფინანსური არასტაბილურობის გამოწვევა შეუძლია, რადგან ბანკების რესურსები სწრაფად და მკვეთრად შემცირდება.

„გოლდმენ საქსი“ – ბიტკოინი(BTC) ოქროს კონკურენციას გაუწევს

ბანკ „გოლდმენ საქსის“ ანალიტიკოსი ზეკ პანდლი, მომხმარებლებისთვის დაგზავნილ მიმოხილვაში წერს, რომ დროთა განმავლობაში, ციფრული აქტივები სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს ადგილს, ბიტკოინი (BTC) კი, ბაზრის წილის მოცულობით, ოქროს გადაასწრებს.

„გოლდმენ საქსის“ მონაცემებით, ამჟამად ოქროში, როგორც „ღირებულების საცავში“, დაახლოებით 2.6 ტრილიონი დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული. ბიტკოინის (BTC) კაპიტალიზაცია კი 800 მილიარდ დოლარზე მეტია. ბანკის 2022 წლის პროგნოზში წერია, რომ დიდი ალბათობით, ბიტკოინი (BTC) დროთა განმავლობაში, კაპიტალიზაციის კუთხით, ოქროს გადაასწრებს.

ამავე პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინის (BTC) ფასი 100 ათას დოლარს მიაღწევს და ციფრულ ბაზარზე მისი წილი 50 პროცენტზე ავა.

ბლუმბერგი – ბიტკოინი (BTC) აქციებს ჩამოიტოვებს

ბლუმბერგის სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი ვარაუდობს, რომ ფედრეზერვის მიერ, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესის დაწყება, სააქციო ბაზრებს და ციფრული ვალუტების ფასების ზრდის პროცესს, მცირე დროით შეაფერხებს. თუმცა ინვესტორები ბიტკოინს (BTC) კვლავაც აღიარებენ, როგორც ციფრულ სარეზერვო აქტივს, რაც მისი ფასის ზრდას გამოიწვევს.

ამჟამად S&P 500-ის ინდექსი 60-თვიან მოძრავ საშუალოს ძლიერ დაშორდა, რაც მისი ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი გახდება. პარალელურად, ფედრეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება და სტიმულირების პროგრამის შეწყვეტა, რისკულ აქტივებს დაარტყამს. ასეთ აქტივებს შორის, აქციებთან ერთად, ციფრული ვალუტებიც განიხილება. მაგრამ მაღალი ინფლაციის პირობებში, ინვესტორები ბიტკოინს (BTC) ჰეჯირებისთვის ეტანებიან, რაც აქციებთან შედარებით, მის პოზიციას გაამყარებს.

„პეი პალი“ საკუთარ ციფრულ მონეტას შექმნის

ბლუმბერგის ინფორმაციით, კომპანია „პეი პალ ჰოლდინგსი“ საკუთარ ციფრულ მონეტას გამოუშვებს. ცნობაში ლაპარაკია იმაზე, რომ ელექტრონული გადახდების გიგანტის მონეტას, ზურგს ამერიკული დოლარი გაუმაგრებს. ამ ეტაპზე, ახალ ციფრულ ვალუტას, პეი პალ კოინად მოიხსენიებენ.

ამჟამად „პეი პალი“ თავის მომხმარებლებს, ისეთი ციფრული ვალუტების ყიდვას და გაყიდვას სთავაზობს, როგორებიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაიტკოინი და ბიტკოინ ქეში. გარდა ამისა, კომპანია მცირე ბიზნესს, არაერთ ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. „პეი პალის“ ქსელში, 30 მილიონზე მეტ მოვაჭრეს, საშუალო და მცირე ბიზნესის ანგარიში აქვს. „პეი პალის“ მეშვეობით, ანგარიშების მფლობელებს კრედიტების აღება, საბუღალტრო ანგარიშის ავტომატიზაცია და ახალი ანგარიშების გახსნა შეუძლიათ.

ცნობისათვის, „პეი პალი“ ერთადერთი ტექ კომპანია არაა, რომელიც საკუთარ კრიპტო მონეტას გამოუშვებს. „ამაზონს“ უკვე წლებია, საკუთარი ციფრული ვალუტა, ამაზონკოინსი აქვს, რომელიც მხოლოდ თამაშებისთვის და აპლიკაციებისთვის გამოიყენება. და მას მხოლოდ „ამაზონის“ გარემოში იყენებენ…

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved