კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
21/01/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

18 იანვარი,

ილონ მასკი ისევ დოგკოინის (DOGE) გამყარებას იწვევს

გასულ კვირაში, ციფრული ვალუტების ბაზრის მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ილონ მასკის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი კომპანია „ტესლა“, თავისი პროდუქციის ნაწილს (არა ელექტრომობილებს) დოგკოინებზეც გაყიდის.

საინტერესოა, რომ „ტესლამ“ მარტში გამოაცხადა, რომ ბიტკოინების (BTC) მიღებასაც დაიწყებს. მაგრამ მალე გადათქვა და ეს იმით ახსნა, რომ ბიტკოინის (BTC) მაინინგისთვის, ბევრი ელექტრო ენერგია იხარჯება, რომლის გამომუშავებაც, ორგანული საწვავით ხდება და შესაბამისად, ეს საქმე გარემოს აბინძურებს.

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დოგკოინი (DOGE) ერთადერთი კრიპტო ვალუტაა, რომელსაც საკუთარი პროდუქციის გაყიდვისას მიიღებს. ამასთან მომხმარებელი, რომელიც „ტესლას“ პროდუქციის საყიდლად, კომპანიას სხვა ციფრულ ვალუტას გაუგზავნის, ამ თანხას დაკარგავს.

ცნობილია ისიც, რომ ციფრული ვალუტით, მხოლოდ „ტესლას“ გარკვეული ნაწარმის ყიდვა იქნება შესაძლებელი და არა ელექტრომობილების.

მასკის ამ განცხადების შემდეგ, დოგკოინის (DOGE) ფასი დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა და 0.2032 დოლარს მიაღწია, თუმცა შემდეგ ისევ დაიწია.

კარდანო (Cardano) გაძვირდა და გაიაფდა

კიდევ უფრო შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა კარდანოზე (ADA), რომელიც ერთკვირიან შუალედში 25 პროცენტით გაძვირდა. თუ გასული კვირის ბოლოსთვის, მისი ფასი 1.26 დოლარი იყო, ამ კვირის დასაწყისში, 1.50 დოლარს ასცდა.

ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა კარდანოს (Cardano) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის საკუთარ სათამაშო მეტა სამყაროს, „პავიას“ უშვებს. გარდა ამისა, კომპანიამ „პავიასთვის“ შეიმუშავა სათამაშო პროექტი NFT, რომელიც კონკურენციას სხვა კრიპტო ვალუტების მეტა სამყაროებს, „სანდბოქსს“ და „დეცენტრალენდს“ გაუწევს.

„პავიას“ მეტა სამყაროში, დაახლოებით 100 ათასი ნაკვეთია გამოყოფილი, რომლებსაც უნიკალური NFT და ზუსტი კოორდინატები აქვს. ამ ნაკვეთების დაახლოებით 60 %, „პავიას“ გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოქტომბერში უკვე გაყიდული იყო. გაყიდვების დასრულება წელს, პირველ კვარტალში არის დაგეგმილი.

PS. მკვეთრ ზრდას, ასეთივე მკვეთრი კლება მოჰყვა, რის შედეგადაც, კარდანოს (Cardano) ფასი $ 1.30-ზე დაბლა დაეშვა. ამის მიზეზად, ანალიტიკოსები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ბაზრები რისკიანი აქტივების შეძენისგან თავს იკავებენ. კარდანო (Cardano) კი სწორედ ასეთ აქტივად მოიაზრება. გარდა ამისა, სწრაფი ზრდის შემდეგ, ინვესტორებმა მოგების განაღდება და შესაბამისად, კარდანოს გაყიდვა დაიწყეს.

რიო დე ჟანეირო რეზერვისთვის ბიტკოინებს (BTC) შეისყიდის

რიო დე ჟანეიროს მერმა ედუარდო პაესმა განაცხადა, რომ პრეფექტურას დაგეგმილი აქვს, ქალაქის ფინანსური სახსრების 1 პროცენტი, ციფრულ ვალუტებში გადაიყვანოს. მერს გადაწყვეტილი აქვს, ბრაზილიის მეგაპოლისი, ინოვაციების ჰაბ-ად გადააქციოს და ამ გეგმებში მას მხარს ქალაქი მაიამი დაუჭერს.

„გლობოს“ ინფორმაციით, ინოვაცური ტექნოლოგიების მისაზიდად, ქალაქი შესაბამის სფეროში მომუშავე კომპანიებს, საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს. გარდა ამისა, ქალაქი საპორტო რაიონების აღდგენას გეგმავს.

პაესი ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ქალაქმა მაიამიმ, სილიკონის ველიდან რამდენიმე კომპანიის მიზიდვა შეძლო.

უფრო მეტიც, რიო დამატებით შეღავათებს იმ კომპანიებს დაპირდება, რომლებიც გადასახადებს ბიტკოინით გადაიხდიან. ამ შემტხვევაში, შეღავათებმა ჯამში შესაძლოა, 10 პროცენტსაც კი მიაღწიოს.

ჩრდილო კორეელმა ჰაკერებმა შარშან $ 400 მილიონი კრიპტოები მოიპარეს

გასული წელი შემოსავლიანი იყო ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერებისთვის, რომლებიც დიდი ალბათობით, სახელმწიფოს ხელშეწყობით სარგებლობენ. გამოცემა „გარდიანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განდეგილი ქვეყნის ჰაკერებმა, ციფრული ვალუტების პლატფორმებზე მინიმუმ 7 კიბერ შეტევა განახორციელეს, რომელთა შედეგადაც, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ციფრული ვალუტები მოიპარეს.

კომპანია „ჩეინალიზის“  მონაცემებით, კიბერ შეტევების უმეტესობა, დაჯგუფება „ლაზარუს გრუპის“ მიერ განხორციელდა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული. ამ დაჯგუფებას გატეხილი აქვს საერთაშორისო ბანკების საცავები და კლიენტთა ანგარიშები, 2014 წელს კი კიბერ შეტევა კომპანია „სონიზე“ განახორციელა.

პარალელურად, პხენიანი სულ უფრო აქტიურად ცდილობს მოპარული ფულის გათეთრებას, რისთვისაც სხვადასხვა პროგრამულ ინსტრუმენტს იყენებს. „ჩეინალიზის“  მონაცემებით, მკვლევარებმა 2017-2021 წლებში განხორციელებული 49 კიბერ შეტევის შედეგად მოპარულ 170 მილიონ დოლარს მიაკვლიეს.

გაეროს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეა მოპარულ ფულს, ბირთვული იარაღის შექმნასა და ბალისტიკური რაკეტების შემუშავება-გამოცდას ახმარს.

„ინტელი“ ბიტკოინის (BTC) მაინინგის ახალ ენერგო ეფექტურ ASIC-ს წარმოადგენს

კომპიუტერული პროცესორების მწარმოებელმა გიგანტმა „ინტელმა“, ბიტკოინის (BTC) მაინინგის ახალი, ენერგო ეფექტური ASIC მოწყობილობა შეიმუშავა, რომელსაც საზოგადოებას თებერვალში წარუდგენს.

ახალი სისტემის სახელია „ბონანზა მაინ“ და ის ისეთივე ეფექტურად ატარებს გამოთვლებს, როგორც სხვა ASIC სისტემები. მაგრამ ამასთან, დაანგარიშებათა განმეორებას არ საჭიროებს და რაც მთავარია, ჩვეულებრივ მაინერებთან შედარებით, დაახლოებით 15 %-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.
ბიტკოინის (BTC) და სხვა ციფრული ვალუტების მაინინგზე და შესაბამის აპარატურაზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ჩიპების კრიზისის გამო, პროცესორების წარმოება შეფერხებულია. ამ დროს კი ბაზარზე ახალი პროცესორი გამოდის, რომლითაც „ინტელი“ კონკურენციას „ბიტმაინს“ და „ნვიდიას“ გაუწევს.

ჯერჯერობით უცნობია, ინტელის პროცესორი „ბონანზა მაინი“ საცალო ბაზარზე გამოვა, თუ მხოლოდ ინდუსტრიული დანიშნულება ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ენერგო ეფექტურობის წყალობით, ახალი ASIC სისტემა სწრაფად დაიმკვიდრებს ბაზარზე ადგილს.

ბიტკოინი (BTC) „ახალ ცხოვრებას“ იწყებს

ბლუმბერგის სასაქონლო ბაზრის სტრატეგი მაიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ ბიტკოინი (BTC) თავისი არსებობის ახალ ფაზაში გადადის და მალე ურისკო აქტივი გახდება, რის შემდეგაც, ციფრული ოქროს სტატუსს მიიღებს. ეს კი მიმდინერე წელს, მის არნახულ დონემდე გაძვირებას გამოიწვევს.

მაკგლოუნი ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ფასი 100 ათას დოლარს მიაღწევს. მაგრამ თავადვე დასძენს, რომ ამ მიზნის მიღწევაში, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტას შეიძლება ერთმა გარემოებამ შეუშალოს ხელი. ეს არის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების დაწყება.

ამერიკული ცენტრალური ბანკი, დოლარზე საბაზისო საპროცენტო განაკვეთის ზრდის უფრო ადრე დაწყებას გეგმავს, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდა. ამის მიზეზი, სწრაფად მზარდი ინფლაციაა, რომელიც ფედრეზერვის მიზნობრივ 2-პროცენტიან დონეზე გაცილებით მაღლა ავიდა.

„ჩემი აზრით, ამჟამად ბიტკოინი (BTC) ღირებულების შენახვის რისკიანიდან, ურისკო აქტივად გარდაქმნის სტადიაზეა. ის ოქროს ჩაანაცვლებს და შენახვის გლობალურ საშუალებად გადაიქცევა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი ფასი 100 000 დოლარიან ზღვარს 2022 წელს მიაღწევს“, – ამბობს მაკგლოუნი და დასძენს:
„როდესაც რისკიან აქტივებს ყიდულობთ, ფედრეზერვთან ჭიდილი გიწევთ. კრიპტო ვალუტები კი ყველაზე რისკიანი აქტივებია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბიტკოინი (BTC) მათ შორის ყველაზე ნაკლებად რისკიანი აქტივია. ჩემი პროგნოზი ასეთია – ეკონომიკა დასუსტდება, რაც საფონდო ბაზრის 10-20 პროცენტით კორექტირებას გამოიწვევს. ამით კი ბიტკოინი მხოლოდ მოგებაში დარჩება“.

მილიარდერი სეილორი ბიტკოინის (BTC) შესყიდვას აგრძელებს

ბიზნესის დაცვის უზრუნველყოფის საშუალებებზე და ღრუბლოვან სერვისებზე მომუშავე კომპანია „მაიკროსტრატეჯის“ დამაარსებელმა და შეფმა მაიკლ სეილორმა, ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიტკოინის (BTC) ფასის თითქმის 40 პროცენტიანი კლების შემდეგაც, მის შესყიდვას აგრძელებს და ციფრულ საფულეში აჩერებს.

„ინფლაციისგან საუკეთესო დაცვა ბიტკოინია (BTC). არ მგონია, იმაზე უკეთესი რამ მომეფიქრებინა, ვიდრე საკუთარი ფულადი რეზერვების პირველ კრიპტო ვალუტაში გადაყვანაა“, – ამბობს სეილორი.

ის დასძენს, რომ სულაც არ ანაღვლებს ის ფაქტი, რომ ბიტკოინის ფასი 69 ათასიდან, თითქმის 40 ათას დოლარამდე ჩამოვიდა. უფრო მეტიც, შექმნილ სიტუაციაში, „თავს კომფორტულად გრძნობს“ მაშინაც, როდესაც სამომხმარებლო ფასები სწრაფად იზრდება.

ცნობილია, რომ „მაიკროსტრატეჯის“ ბალანსზე 124 ათასზე მეტი ბიტკოინი (BTC) ირიცხება, რომელთა ჯამური ფასიც, 5.0 მილიარდ დოლარზე მეტია. კომპანიას თითო ბიტკოინში საშუალოდ 30 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.

„გუგლი“ მომხმარებლებს კრიპტო ვალუტების ციფრულ ბარათებზე შენახვის საშუალებას მისცემს

ბლუმბერგის ინფორმაციით, კომპანია „გუგლი“ თავის მომხმარებლებს ახალ სერვისს უმზადებს – ეს არის ციფრული ბარათებით (გუგლ პეი) მომსახურება, რომლებზეც შესაძლებელი იქნება ციფრული ვალუტების შენახვა. ოღონდ, ასეთი ბარათებით ანგარიშსწორება ჩვეულებრივი, ფიატური ვალუტით მოხდება.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის კომერციულ საქმეთა განყოფილების პრეზიდენტი ბილ რედი ამბობს, რომ „გუგლი“ კრიპტო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს და ციფრული ბარათები, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამჟამად „გუგლი“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ციფრულ პლატფორმასთან, როგორიცაა „კოინბეიზი“ და პროცესინგის სფეროში მომუშავე „ბიტპეი“. აღსანიშნავია, რომ ადრე „გუგლი“ ციფრული აქტივების სფეროსთან კონტაქტსაც კი ერიდებოდა, მაგრამ დრო მალე შეიცვალა და ამჟამად ეს კომპანიის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

კომპანია აპირებს, რომ „გუგლ პეი“ ყოვლისმომცველ ციფრულ საფულედ აქციოს. გარდა ამისა, ანგარიშსწორების შესაძლებლობათა საძებნ სისტემასთან ინტეგრირება იგეგმება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved