კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
28/01/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

„ბენკ ოფ ამერიკა“ ციფრული ვალუტების დამკვიდრებას პროგნოზირებს

მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკ „ბენკ ოფ ამერიკას“ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ციფრული ვალუტები თანდათან სულ უფრო მეტად დამკვიდრდება ცხოვრებაში და შორს არც ის დროა, როდესაც შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკი (ფედრეზერვი) საკუთარ ციფრულ ვალუტას (CBDC – ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) შემოიღებს.

„ბენკ ოფ ამერიკას“ კრიპტო სტრატეგები ენდრიუ მოსი და ალკეშ შაჰი თავიანთ მოხსენებაში წერენ, რომ CBDC ვალუტები, თანამედროვე ელექტრონული ვალუტების გარდაუვალი ევოლუცია უნდა გახდეს.

„ჩვენ მოველით, რომ სტეიბლკოინები თანდათან დამკვიდრდება და გადახდებისას მათი გამოყენება, მომდევნო წლებში აუცილებლად მოიმატებს, რადგან ფინანსური ინსტიტუციები სულ უფრო ინტენსიურად ცდილობენ შენახვის და აქტივებით ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოყენებას და საკუთარ პლატფორმებზე, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვას“, – წერენ ბანკის ანალიტიკოსები.

ისინი ფიქრობენ, რომ ციფრული ვალუტების დანერგვას, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესებისთვისაც. ამ სიკეთეებს შორისაა უსაფრთხოება და ეფექტურობა, ასევე გადარიცხვების სისწრაფე და სიიაფე. განსაკუთრებით სწრაფი შეიძლება იყოს ქვეყნებს შორის გადარიცხვები.

გარდა ამისა, შაჰი და მოსი დარწმუნებულები არიან, რომ გაიზრდება კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული  ციფრული ვალუტების ბიზნესი. მაგრამ თუ ასეთი ვალუტების გამოყენებისას, პასუხისმგებლობა კერძო პირებზე და კომერციულ ბანკებზეა, CBDC-ს შემოღების შემთხვევაში, ამ ვალუტის გამოყენებისას, პასუხისმგებლობა აშშ-ის ფედერალურ რეზერვზე იქნება.

საკმარისია პანიკური გაყიდვები

ძველმა ვეშაპებმა, საკუთარი ანგარიშებიდან ბიტკოინების გაყიდვა მაშინ დაიწყეს, როდესაც ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, რეკორდულ ნიშნულამდე გაძვირდა. მაგრამ ვეშაპები ბაზრიდან არ გამქრალან. უფრო მეტიც, ისინი ხელსაყრელ ფასს ელოდებოდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ანგარიშები ისევ შეევსოთ.

ბლოკჩეინის ონლაინ მონტორინგის კომპანია „კრიპტოკვანტის“ მონაცემებით, ბიტკოინის შესყიდვების ინტენსივობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ფასი 30-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდა. იმავე კომპანიის ინფორმაციით, კრიპტო სავაჭრო პლატფორმებზე, რეზერვების კლება დეკემბრის ბოლოდან ინტენსიური გახდა.

„კრიპტოკვანტი“ წერს, რომ ციფრული ვალუტებით მოვაჭრე 21 უმსხვილესი პლატფორმის ბიტკოინების მარაგი, დეკემბერში 2.396-დან 2.428 მილიონამდე გაიზარდა. მაგრამ ახალი წლის შემდეგ, ეს მარაგი 2.366 მილიონ ბიტკოინამდე ჩამოვიდა. კომპანიამ დააფიქსირა, რომ ამავე პერიოდში, მყიდველები ძირითადად ინსტიტუციები არიან. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი ახლანდელ ფასებს, ყიდვისთვის მისაღებად მიიჩნევენ და შეძენილ ბიტკოინებს მანამ შეინახავენ, სანამ ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

1 მილიონი დოლარის ნაძლევი ბიტკოინის (BTC) ფასზე

კრიპტო ბანკ „გალაქსი დიჯიტალის“ დამაარსებელმა მაიკ ნოვოგრაცმა, ცნობილ ამერიკელ ბროკერსა და ფინანსურ მიმომხილველ პიტერ შიფს, ვინც ბიტკოინ (BTC) სკეპტიკოსია, ნაძლევი შესთავაზა.

ნოვოგრაცი მზადაა, 1 მილიონი დოლარი საქველმოქმედო საქმეს მოახმაროს, ან ოპონენტის მიერ დასახელებულ სხვა ანგარიშზე გადარიცხოს, თუ ერთი წლის შემდეგ, ბიტკოინის (BTC) ფასი 35 000 დოლარზე ნაკლები იქნება.

ნოვოგრაცი ამბობს, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე, დაღმავალი ტრენდი დაიწყო და ასე მანამ გაგრძელდება, სანამ საფონდო ბაზარი ფსკერს მიაღწევს. თუმცა ის ასევე აღიარებს, რომ ციფრული აქტივების ბაზარმა, გაყიდვების ეტაპის დიდი ნაწილი უკვე გადაიტანა და უკვე შეინიშნება მყიდველთა გააქტიურება.

შიფი კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბიტკოინის (BTC) ფასი 10 000 დოლარამდე დაეცეს. ის ამბობს, რომ ბიტკოინის მფლობელებს, ვინც გაყიდვაზე არ ფიქრობს, უნდა აღელვებდეს პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, ბიტკოინის ფასი 30 ათას დოლარზე დაბლა ჩამოვა.

შიფმა სექტემბერში იწინასწარმეტყველა, რომ ციფრული ვალუტების ბაზარზე წარმოქმნილი ბუშტის აღსასრული ახლოსაა. მისი აზრით, ოქრო კვლავაც დარჩება ღირებულების შენახვის საუკეთესო საშუალებად. მისი არგუმენტი ისაა, რომ ოქროს ფასეულობა, „მის სარგებლიანობაშია“.

ბიტკოინი (BTC) 1 მილიონ დოლარად!

საინვესტიციო ფონდ „არკ ინვესტის“ შეფი კეიტი ვუდი, ბიტკოინთან (BTC) და ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით, ყოველთვის ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ამის მორიგი დადასტურება იყო მის მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადება, რომლის შესაბამისადაც, უახლოეს 8 წელიწადში, ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ვუდი ამბობს, რომ ფასის ასეთ ზრდას, კრიპტო ქსელის მოდერნიზაცია და ციფრული ვალუტების სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრება უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ინვესტორები ბიტკოინის (BTC)ყიდვის შემდეგ, მის დიდი ხნით შენახვას ამჯობინებენ. ამას კი, ადრე თუ გვიან, ბაზარზე ბიტკოინის (BTC)დეფიციტი მოჰყვება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბიტკოინის (BTC) მოპოვების პროცესი სულ უფრო რთულდება და ესეც ბაზარზე მიწოდების დფიციტს გამოიწვევს.

ამჟამად ბიტკოინის (BTC)  ფასი დაცემულია, რაც ძირითადად იმის გამო მოხდა, რომ ფინანსური ბაზარი ფედრეზერვისგან განაკვეთის ზრდის დაწყების მოლოდინშია. ამის გამო, იზრდება მოთხოვნა რისკებისგან თავშესაფარ აქტივებზე, როგორიცაა დოლარი, რისკიანი აქტივების (ევრო, აქციები, ციფრული ვალუტები) შესყიდვას კი, ინვესტორები გაურბიან.

„არკის“ შეფი ამბობს, რომ ბლოკჩეინის ქსელის მონაცემებით, ბოლო 155 დღის განმავლობაში, სულ ცოტა, 13.5 მილიონი ბიტკოინი ბაზრის მიღმა, საფულეებში იყო შენახული და ბრუნვაში არ მონაწილეობდა. ეს კი ნიშნავს, რომ ინვესტორებს მასთან დაკავშირებით, გრძელვადიანი გეგმები აქვთ.

„მეტამ“ მეტავერსისთვის ახალი სუპერკომპიუტერი შექმნა

ფეისბუკის მფლობელმა კომპანია „მეტამ“ გამოაცხადა, რომ სუპერკომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტის „საკვლევი სუპერ კლასტერი“ (RSC), რომელიც სრულად ამოქმედების შემდეგ (ზაფხულისთვის), მსოფლიოში უსწრაფესი კომპიუტერი გახდება, უკვე მზადაა.

კომპანიის განცხადებით, შემდეგი თაობის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებას, ახალი მძლავრი კომპიუტერები დასჭირდება, რომლებიც წამში კვინტილიონობით (კვინტილიონი არის ერთი 18 ნულით, ანუ მილიარდი კვადრატში) ოპერაციას შეასრულებენ.

„RSC-ს ამუშავება, გზას გაუხსნის ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას მეტავერსისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ხელოვნური ინტელექტით მომუშავე აპლიკაციები და სხვა პროდუქტები“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„მეტას“ მთავარი აღმასრულებელი მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ RSC-ის მეშვეობით შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელები, რომლებიც ტრილიონობით მაგალითის საფუძველზე ისწავლიან, ასობით ენაზე შეძლებენ ურთიერთობას და უამრავ სხვა რამეს გააკეთებენ.

RSC-ს მეშვეობით შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის ისეთი სისტემები, როგორებიც რეალურ დროში, ხმოვანი ტრანსლაციების ერთდროულად მრავალ ენაზე თარგმნას შეძლებენ. ამას კი არამხოლოდ კომუნიკაციისას, არამედ კვლევების და კომპიუტერული თამაშების დროსაც გამოიყენებენ.

ეთერიუმი (Ethereum) სახელ „ეთერიუმ 2.0-ის“ გამოყენებაზე უარს ამბობს

ეთერიუმის (Ethereum) ფონდმა გამოაცხადა, რომ უარს ამბობს დასახელებებზე „ეთერიუმ 1.0“ და „ეთერიუმ 2.0“, რადგან ისინი მომხმარებლებს თავგზას ურევენ. ახალ საგზაო რუკაში გამოყენებულია ტერმინები „ექსეკიუშენ ლეიერ“ (შემსრულებელი შრე) და „კონსენსუს ლეიერ“ (კონსენსუსის შრე), რომლებიც ალგორითმ „პრუფ-ოფ-ვორკიდან“ (PoW) „პრუფ-ოფ-სტეიკზე“ (PoS) გადასვლას ასახავენ.

Eth2-ის გამოყენების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის ეთერიუმის (Ethereum) ახალ მომხმარებლებს არასწორ წარმოდგენას უქმნიან. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ Eth2-ის გამოსვლის შემდეგ, Eth1 არსებობას შეწყვეტს. ამიტომ, ეთერიუმის (Ethereum)  ფონდში ჩათვალეს, რომ ტერმინ Eth2-ზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებლები აღარ დაიბნევიან.

გარდა ამისა, ბოროტმოქმედები ვეღარ შეძლებენ Eth2-ის გამოყენებას მოხმარებლების მოსატყუებლად. ცნობილია, რომ ისინი კლიენტებს ეთერიუმის (Ethereum) არარსებულ Eth2-ზე გაცვლას სთავაზობდნენ და ასეთ შეთავაზებას არაერთი მომხმარებელი წამოეგო.

კორეის ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტას ცდის

კორეის ბანკმა წარმატებით დაასრულა მის მიერ შემუშავებული, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) ტესტირების პირველი ფაზა, რომელიც 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.

სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის განცხადებით, ციფრული ვალუტის ტესტირების პირველი ფაზა დეკემბერში დასრულდა, მეორე ფაზა კი უკვე დაწყებულია.

პირველი ფაზის დროს, ეროვნული ციფრული ვალუტის საბაზისო ფუნქციების, მათ შორის, დისტრიბუციის და გამოშვების ტესტირება ჩატარდა. მეორე ფაზის მსვლელობისას კი მისი სხვა ფუნქციები გაიტესტება, როგორებიცაა საზღვრებს მიღმა გადარიცხვები, საცალო გადახდები და ოფლაინ გადახდები.

ცენტრალური ბანკი მეორე ფაზაში ფინანსური ინსტიტუციების ჩართვასაც აპირებს და აცხადებს, რომ ჩინური ციფრული იუანისგან განსხვავებით, მისი ციფრული ვალუტა, მომხმარებლის კონფიდენციურობაზეც იქნება ფოკუსირებული.

ამერიკელი ინვესტორი ბიტკოინის (BTC) 20 ათასამდე გაიაფებას ელის

ამერიკელი ინვესტორი და ბესტსელერ „მდიდარი მამა, ღარიბი მამას“ ავტორი რობერტ კიიოსაკი ამბობს, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა 20 ათას დოლარამდე დაეცეს. და თუ ასე მოხდა, ის აუცილებლად შეიძენს გარკვეული რაოდენობით ბიტკოინს (BTC).

კიიოსაკი აღიარებს, რომ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის შესყიდვა მაშინ დაიწყო, როცა ის 6-9 ათასი დოლარის ფარგლებში ღირდა. ინვესტორი ამბობს, რომ ბიტკოინის გაუფასურება, მისი შესყიდვის შესანიშნავი საბაბი გახდება. მისი თქმით, ეს გამდიდრების საშუალებაა.

„მოისმინეთ სიბრძნე: თქვენ მდიდრდებით, როცა ყიდულობთ და არა მაშინ, როცა ჰყიდით. ბიტკოინი ეცემა. შესანიშნავი ამბავია. მე BTC ვიყიდე, როცა ის 6 000 და 9 000 დოლარი ღირდა. უფრო მეტს ვიყიდი, თუ ფასი 20 000 დოლარს გატესტავს. გამდიდრების დრო ახლოვდება“, – ტვიტერზე წერს კიიოსაკი.

რა არის საჭირო ბიტკოინის (BTC) ალგორითმის გასატეხად

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ბიტკოინის (BTC) ჰეშირების ალგორითმ SHA-256-ის გასატეხად, თანამედროვე კვანტურ კომპიუტერზე დაახლოებით მილიონჯერ მძლავრი აპარატურაა საჭირო.

სასექსის (ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ასპირანტი მარკ უებერი (არა ფორმულა 1-ის ავსტრალიელი მრბოლი) და მისი კოლეგა მკვლევარები, ტრანზაქციების კრიპტოგრაფიული გასაღების გასაშიფრად საჭირო საშუალებებს იკვლევდნენ.

„ტრანზაქცია იხსნება და მასთან გასაღებია დაკავშირებული. არის დროის შუალედი, რომელშიც გასაღები ხელმისაწვდომია. მაგრამ ფანჯარა დროში ვარირებს. ის ძირითადად 10 წუთსა და 1 საათს შორის არის მოქცეული. შეიძლება ერთი დღეც გაგრძელდეს“, – ყვება უებერი.

მკვლევარებმა გამოითვალეს, რომ 10-წუთიან შუალედში ბიტკოინის (BTC) შიფრის გასატეხად, 1.9 მილიარდი კუბიტის სიმძლავრის კვანტური კომპიუტერია საჭირო. ერთ საათში, სიმძლავრე 317 მილიონ კუბიტამდე ეცემა. ერთ დღეში კი 13 მილიონიც საკმარისია. ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი ყველაზე მძლავრი, IBM-ის წარმოების კვანტური კომპიუტერის სიმძლავრე 127 კუბიტს აღწევს. ამდენად, ასეთი კომპიუტერები, ციფრული ვალუტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათ წელიწადში, ბიტკოინის შიფრის გასატეხად საჭირო სიმძლავრის კომპიუტერები ხელმისაწვდომი არ იქნება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved