კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
04/02/2022
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

300 ამერიკული ბანკი ბიტკოინით (BTC) ვაჭრობისთვის ემზადება

3 თებერვალი,

მართალია, შეერთებულ შტატებში მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ციფრული ვალუტების ბაზარი გარკვეულ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, მაგრამ სანამ ეს მოხდება, იქაური ბანკების ნაწილი უკვე გეგმავს ციფრულ აღებ-მიცემობაში ჩაბმას. ისინი თვლიან, რომ ეს პერსპექტიული საქმეა და კარგი იქნება, თუ თავიანთ კლიენტებს, ბიტკოინის (BTC) გაცვლის საშუალებას მისცემენ.

გამოცემა „ამერიკენ ბანკერის“ ინფორმაციით, კლიენტებისთვის ბიტკოინით (BTC) ვაჭრობის შეთავაზება, დაახლოებით 300 ამერიკულ ბანკს სურს. ამისთვის ისინი სხვა სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს მობილურის აპლიკაციებსაც შესთავაზებენ. და ისინი ამას მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში დაიწყებენ.

ამ საქმეში მათ ბიტკოინის კომპანია NYDIG დაეხმარება. „ამერიკენ ბანკერი“ გვატყობინებს, რომ ამერიკელ ბანკირთა ასოციაციამ და ამერიკელ ბანკირთა დამოუკიდებელი გაერთიანებამ, NYDIG-ში ინვესტიცია განახორციელეს და იმედი აქვთ, რომ მასთან პარტნიორობით, ციფრული ვალუტების ბაზარზე მუშაობას დაიწყებენ.

NYDIG არის შვილობილი კომპანია ჰოლდინგურ კომპანია „სტოუნ რიჯისა“, რომელიც ინოვაციურად მომუშავე ფირმებს აარსებს და მათს განვითარებას უწყობს ხელს. ისინი ტექნოლოგიების და ფინანსების სფეროში მუშაობენ. NYDIG საბანკო, სადაზღვევო, ფინტექ და არამომგებიან ინდუსტრიებს, ბიტკოინთან დაკავშირებულ პროდუქტებს სთავაზობს.

ბიტკოინის (BTC) მაინინგზე, მსოფლიოში გამოყოფილი CO2-ის 0.08 პროცენტი მოდის

ფინტექ კომპანია „კოინშეარზის“ ინფორმაციით, შარშან ბიტკოინის (BTC) მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის გამოსამუშავებლად, გარემოში 42 მილიონი ტონა ნახშირორჟანგი( CO2) გამოიყო. ეს რიცხვი, დაახლოებით 0.08 პროცენტია იმ მოცულობისა (49 360 მილიონი ტონა), რაც მთელ მსოფლიოში მთელი წლის განმავლობაში გამოიყო. „კოინშეარზმა“ ამ რიცხვების მისაღებად, სხვადასხვა ტიპის გათვლები გამოიყენა და შემდეგ ისინი შეაჯერა. გათვლებისას გათვალისწინეს მოპოვებული ბიტკოინების რიცხვი, ამ საქმისთვის საჭირო ენერგია, ბიტკოინის ქსელის ენერგო ეფექტურობა, გამოყენებული აპარატურა და სხვა.

კვლევა ასევე ვარაუდობს, რომ მოპოვებისას მოხმარებული ელექტრო ენერგია დაახლოებით 89 ტერავატ-საათია. ეს კი გაცილებით ნაკლებია კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევისას მიღებულ რიცხვზე.

„კოინშეარზი“ თავისი გათვლების სიზუსტეზე თავს არ დებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მონაცემები რეალურ რიცხვებთან ახლოსაა.

არიზონაში ბიტკოინის (BTC) გადახდის საშუალებად დამკვიდრებას გეგმავენ

არიზონას შტატის სენატორმა ვენდი როჯერსმა კანონმდებლებს წარუდგინა პროექტი, რომლის მიზანიც, შტატში ბიტკოინის (BTC) სატრანზაქციო ვალუტად, ან გადახდის საშუალებად დამკვიდრებაა.

კანონპროექტის შესაბამისად, ბიტკოინი (BTC) შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც გადასახადების, კრედიტების და სახელმწიფო მოსაკრებლების გადახდის საშუალება. კანონის  მისაღებად საჭიროა, რომ ის შტატის წარმომადგენლობითმა პალატამ და სენატმა დაამტკიცოს.

მაგრამ პრობლემა შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ცალკეული შტატების მიერ, გადახდის საკუთარი საშუალების დაკანონებას კრძალავს.

როჯერსი კი თვლის, რომ კარგი იქნება, თუ მის შტატში ხელფასების ციფრული ვალუტით გაცემაც შესაძლებელი გახდება.

პლატფორმა „ოპენსი-ზე“ NFT-ს გაყიდვების რეკორდი დაფიქსირდა

მსოფლიოში NFT-ს (არაგაცვლადი მონეტა) ლიდერი პლატფორმა „ოპენსი“, გაყიდვების ახალ რეკორდს ამყარებს – იანვარში კომპანიამ ეთერიუმის და პოლიგონის ბლოკჩეინების მეშვეობით, 5 მილიარდი დოლარის მონეტები გაყიდა. წინა რეკორდი შარშან, აგვისტოში დამყარდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ეს სტატისტიკა ეყრდნობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ბლოკჩეინის მონაცემებს, რომლებიც კომპანია „დიუნ ანალიტიკსმა“ შეისწავლა. მისი მონაცემებით, გაყიდვების უმეტესობა – 4.95 მილიარდი დოლარი, ეთერიუმის ბლოკჩეინზე მოდის. ამის მიუხედავად, პოლიგონის ბლოკჩენის გამოყენებით შესრულებულმა გაყიდვებმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ცნობილია, რომ ბევრი მომხმარებელი იაფფასიან NFT-ებს ყიდულობს და შემდეგ იმავე პლატფორმაზე, გაცილებით ძვირად ჰყიდის. NFT-ზე არსებული ბუმის პარალელურად, გადამყიდველების აქტივობა, რეკორდული გაყიდვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

გარდა ამისა, NFT-ში ფულს აბანდებენ მსხვილი ინვესტორები, რომლებმაც ძლიერი ვარდნის გამო, დროებით დატოვეს ციფრული ვალუტების ბაზარი და ამით ფინანსები გამოუთავისუფლდათ.

„მაკდონალდსი“ მთვარის ახალ წელს მეტავერსშიც აღნიშნავს

მთვარის ახალი წლის აღსანიშნად, „მაკდონალდსმა“ და ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანია „ოპენინგ სერემონიმ“, საზეიმო ღონისძიება მეტავერსში ჩაატარეს. „ოპენინგ სერემონის“ თანა-დამაარსებელმა უმბერტო ლეონმა შეიმუშავა სპეციალური სამოსი, რომელიც ზოდიაქოს ცხოველების შესაბამისად გააფორმა. წელს ზოდიაქოს ნიშნებს შორის, მასპინძელი ვეფხვია, რომელსაც ისეთი თვისებები მოაქვს, როგორებიცაა მომხიბვლელობა, თავდაჯერებულობა და გამბედაობა.

საზეიმო ვირტუალური ღონისძიება 31 იანვარს დაიწყო და 15 თებერვლამდე გაგრძელდება. მასპინძლები ვიზიტორებს „მაკდონალდსის“ გალერეაში ღებულობენ, სადაც ლეონის მიერ შემუშავებული სამოსია გამოფენილი. მათ დაბადების წლის და ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად შედგენილ ჰოროსკოპს გააცნობენ.

ჯეკ დორსი: დიემი დროის ფლანგვა იყო

ტვიტერის დამაარსებელი ჯეკ დორსი ამბობს, რომ „მეტას“ (სოც.ქსელ ფეისბუკის მფლობელია) მიერ დაარსებული კრიპტო ვალუტა დიემი, დროის უქმად ფლანგვა აღმოჩნდა. მისი აზრით, პროექტი გაამართლებდა, თუ მისი მიზანი, ბიტკოინის ყველასთვის ხემისაწვდომობა იქნებოდა.

„ლიბრასთან და დიემთან დაკავშირებით, მათ მწარე გაკვეთილი მიიღეს და საერთო ჯამში, ეს პროექტი, დროის და სახსრების განიავება აღმოჩნდა“, – ამბობს დორსი, ვინც ნოემბერში ტვიტერის მთავარი აღმასრულებლის პოსტი დატოვა და გამოაცხადა, რომ ქმნის ახალ კომპანიას, სახელად „ბლოკ“. მისი მიზანი ის იქნება, რომ მომხმარებლებს ტელეფონის სპეციალური აპლიკაციით, ბიტკოინის შეძენის საშუალება მისცეს.

მეტავერსში შარშან 500 მილიონი დოლარის უძრავი ქონება გაიყიდა

მეტავერსი მხოლოდ ვირტუალური უსასრულო სამყაროა, მაგრამ მხოლოდ ვირტუალურად არსებობს. და ამის მიუხედავად, შარშან ასეთ ვირტუალურ სამყაროში გაყიდული უძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ, 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

უფრო მეტიც, სტატისტიკა მოწმობს, რომ ეს რიცხვი წელს გაორმაგდება. ამაზე მიანიშნებს იანვრის სტატისტიკა – მარტო ერთ თვეში, 85 მილიონი დოლარის ვირტუალური უძრავი ქონებაა გაყიდული.

ვირტუალურ სამყარო მეტავერსში უძრავი ქონების შეძენა ისეთივე ახალი ბიზნესია, როგორიც NFT და ციფრული ვალუტები. მეტავერსში ინვესტირება საკმაოდ რისკიანი საქმეა, თუმცა გამართლების შემთხვევაში, უზარმაზარი მოგების მოტანა შეუძლია. და ამიტომ, განვითარებულ ქვეყნებში მზარდი ინფლაციით დაშინებული ინვესტორები, ასეთ რისკიან აქტივებს, სულ უფრო მეტად ეტანებიან.

ცუკერბერგის სტეიბლკოინი დაიხურა

მარკ ცუკერბერგის კომპანია „მეტამ“საბოლოოდ აიღო ხელი საკუთარი ციფრული ვალუტის პროექტზე, რომელიც ჯერ ლიბრას სახელით გაგვაცნო, შემდეგ კი დიემად გადააკეთა.

ორშაბათს პროექტ დიემის მთავარმა აღმასრულებელმა სტიუარტ ლევიმ გამოაცხადა, რომ „მეტა“ ამ პროექტთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა აქტივებს ჰყიდის. მყიდველიც უკვე ცნობილია – ესაა კომპანია „სილვერგეიტ კეპიტალ კორპორეიშენი“.

ყოველივეს მიუხედავად, დიემის ასოციაცია იმედოვნებს, რომ პროექტში ჩადებული იდეები და პოტენციალი სრულად განხორციელდება.

„სილვერგეიტი“ დიემში 182 მილიონ დოლარს იხდის და წლის განმავლობაში, პროექტის განხორციელებას 30 მილიონ დოლარს მოახმარს.

„სილვერგეიტის“ ჯგუფში შემავალი, ამავე სახელის მქონე ბანკი, ციფრული ვალუტების სავაჭრო პლატფორმას შექმნის, რომლის საფუძველზეც ახალი სისტემა ჩამოყალიბდება. კომპანია იმედოვნებს, რომ დიემის დახმარებით, შეიმუშავებს გადახდების სისტემას, რომლით შესრულებული ოპერაციებიც, ჩვეულებრივზე სწრაფი, იოლი და იაფი იქნება.

ეთერიუმის (Ethereum) კაპიტალიზაცია 20 ტრილიონ დოლარს მიაღწევს

კომპანია „არკ ინვესტმენტი“ ვარაუდობს, რომ 2030 წლამდე ეთერიუმის (Ethereum) საბაზრო კაპიტალიზაცია 20 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება, ბიტკოინის (BTC) ფასი კი 1 მილიონ დოლარს მიაღწევს. იმისათვის, რომ ეთერიუმის კაპიტალზაციამ ასეთ კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწიოს, ეთერიუმის (Ethereum) ფასი 170-180 ათას დოლარამდე უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ბიტკოინს (BTC), როდესაც ამ ციფრული ვალუტის ფასი 1.36 მილიონ დოლარს მიაღწევს, საბაზრო კაპიტალზაცია 28.5 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. „არკ ინვესტმენტის“ მოსაზრებით, ასეთ ზრდას ბევრი გარემოება უზრუნველყოფს. მათ შორის ის, რომ ბიტკოინის (BTC) მოპოვება სულ უფრო მეტად გაძნელდება და მოსაპოვებელი ბიტკოინების (BTC) რაოდენობა შემცირდება. გარდა ამისა,  ინვესტორები ამ ვალუტას გადარიცხვებსა და სხვა ოპერაციებში იშვიათად იყენებენ და ძირითადად ინახავენ, რაც ბაზარზე ადრე თუ გვიან, დეფიციტს წარმოქმნის.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ბიტკოინის (BTC) ლიმიტის ამოწურვასთან მიახლოების კვალად, ინვესტორები სხვა ციფრული ვალუტების შეძენასაც უფრო ინტენსიურად დაიწყებენ, რაც ბირკოინზე მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას ნაწილობრივ დააბალანსებს. ამ გარემოებამ კი, შესაძლოა ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა, უსაშველდ გაძვირებისგან „დაიცვას“.

საინტერესოა, რომ თუ ბიტკოინის (BTC) ფასი 1 მილიონზე ავა, მაშინ 1 სატოშის ღირებულება 1 ცენტს გაუტოლდება. ცნობისათვის, 1 ბიტკოინი 100 მილიონი სატოშისგან შედგება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved