„კოინბეისმა“ 25 ათასი რუსული ანგარიში დაბლოკა

Home » ბლოგი » „კოინბეისმა“ 25 ათასი რუსული ანგარიში დაბლოკა
09/03/2022
„კოინბეისმა“ 25 ათასი რუსული ანგარიში დაბლოკა

9 მარტი

კრიპტო ვალუტების სააგენტო „კოინბეისმა“, რომელიც შეერთებულ შტატებშია ბაზირებული, 25 ათასი საეჭვო ანგარიში დახურა, რომლებიც რუს კერძო და იურიდიულ პირებს ეკუთვნით. ეს ანგარიშები არალეგალურ საქმიანობაში იყო ეჭვმიტანილი. „კოინბეისი“ აცხადებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოთხოვნების შესრულებას ცდილობს და ამისათვის სპეციალურ პროგრამასაც კი შეიმუშავებს.

კომპანია ვარაუდობს, რომ სანქციების გვერდის ასავლელად, ციფრული ვალუტების გამოყენება გარკვეულ ინფრასტრუქტურას საჭიროებს, რაც რუსეთს არ გააჩნია. გარდა ამისა, ციფრული ბაზრის მოცულობა არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან არიდება სრულფასოვნად შეძლოს. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ციფრული ვალუტებით მსხვილი ტრანზაქციების შესრულება, ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს, რასაც შედეგად, ასეთი ტრანზაქციების დაბლოკვა მოჰყვება.

ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ციფრულ ვალუტებს, რუსი ოლიგარქები საკუთარი ქონების ნაწილის გადასარჩენად მაინც გამოიყენებენ. დიდი ალბათობით, მათმა ნაწილმა, ეს ომამდე უკვე გააკეთა. თუმცა „კოინბეისის“ მთავარი აღმასრულებელი ბრაიან არმსტრონგი თვლის, რომ ასე დაზღვეული ქონების გამოყენება სანქციების დასარღვევად, შეუძლებელი იქნება.

არმსტრონგი ასევე ამბობს, რომ პრევენციისთვის ყველა რუსი მომხმარებლის დაბლოკვა დაგეგმილი არ არის: „ვფიქრობ, საბაზისო ფინანსური მომსახურებები, ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ასე იქნება მანამ, სანამ გაირკვევა, რომ ანგარიშს კანონთან შეუსაბამო აქტივობისთვის იყენებენ“.

„კოინბეისი“ პოპულარული ამერიკული ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს ციფრული ვალუტების ყიდვის, გაყიდვის, გადარიცხვის და შენახვის საშუალებას აძლევს. კომპანია აცხადებს, რომ მისი მიზანი, ისეთი პასუხისმგებლიანი ფინანსური სტრუქტურის შექმნაა, რომელიც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკურ თავისუფლებას შეუწყობს ხელს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved