BRC-20 სტანდარტი ბიტკოინის მაინერებს ახეირებს
კომპანია „გლასნოუდის“ ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ბიტკოინის (BTC) არსებობის ისტორიაში მეხუთედ, მისი მომპოვებლების მიერ გახსნილი ბლოკის ანაზღაურება, პროტოკოლით დადგენილ 6.25-ს ასცდა. ანალიტიკოსები ამას იმით ხსნიან, რომ ეს BRC-20 სტანდარტით ახალი ტოკენების გამოშვების ზრდამ გამოიწვია.
მაინერებმა საკომისიოების სახით, ერთ თვეში 100 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, ბლოკების გახსნამ კი მათ 773 მილიონი დოლარის ბიტკოინები მოუტანა. ჯამური შემოსავლის პირველი ინდიკატორის წილმა 11.5 პროცენტს მიაღწია, რაც 2017 და 2021 წლების აღმავალი ბაზრის დროს დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებლების ტოლფასია.
„გლასნოუდის“ ანალიტიკოსების განსჯით, ამ ყველაფრის გამო, მომპოვებელთა (მაინერთა) შემოსავლები გაზარდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ხანმოკლე პროცესი იყო.
ბრიტანეთის მთავრობაში კრიპტოები კაზინოს გაუთანაბრეს
გაერთიანებული სამეფოს ხაზინის სპეციალური კომიტეტის განსაზღვრებით, კრიპტო ვალუტები, როგორებიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი (მათ კომიტეტში არაუზრუნველყოფილ ჟეტონებს უწოდებენ), საბაზისო აქტივებით არაა მხარდაჭერილი, მათ „შინაგანი ღირებულება“ არ გააჩნია და ამიტომ, მომხმარებლებისთვის დიდი რისკის მატარებლებია.
მათი შეფასებით, არაუზრუნველყოფილი კრიპტო ვალუტებით ვაჭრობა, აზარტულ თამაშებს უფრო ჰგავს, ვიდრე ფინანსურ მომსახურებას და ამიტომ, ისეთივე რეგულირება სჭირდება, როგორიც კაზინოებზე ვრცელდება. კომიტეტი თვლის, რომ გაზრდილი რყევები, უზარმაზარი თანხების დაკარგვის დიდი რისკის მტარებელია.
გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სააგენტოს მონაცემებით, ზრდასრულ ბრიტანელთა 10%, კრიპტო ვალუტებს ფლობს, ან ფლობდა.