კრიპტო ბაზრის დაღმასვლა დასასრულს უახლოვდება

Home » ბლოგი » კრიპტო ბაზრის დაღმასვლა დასასრულს უახლოვდება
01/07/2022
კრიპტო ბაზრის დაღმასვლა დასასრულს უახლოვდება

საინვესტიციო ბანკ „ჯეიპი მორგანის“ სტრატეგი ნიკოლაოს პანიგირცოგლუ თვლის, რომ კრიპტო ბაზარზე დაღმავალი ტრენდი დასასრულს მიუახლოვდა. ამის ნიშანი არის ის, რომ ბაზარზე საკრედიტო მხარით გახსნილი პოზიციების რიცხვი მკვეთრად შემცირდა.

ბევრი კომპანიის და ტრეიდერის პოზიცია, ნებით თუ უნებლიედ, სწორედ საკრედიტო მხარის ლიმიტის გადაცილების გამო დაიხურა. ამან შედეგად მოიტანა ის, რომ ამ საკრედიტო მხარის გამო, (ძველი) პოზიციების მასობრივად დახურვა აღარ მოხდება, რადგან მათი რიცხვი უკიდურესად შემცირებულია. შედეგად, მკვეთრი დაღმავალი მოძრაობები ნაკლებად მოსალოდნელი იქნება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი დაუყოვნებლივ ზრდას დაიწყებს. მაგრამ იმის ნიშანია, რომ დაღმასვლა ან დამთავრდა, ან მალე დასრულდება. ფსკერი ახლოსაა.

საკრედიტო მხარით გახსნილი პოზიციების მასობრივად დახურვა მაისში დაფიქსირდა, რაც „ტერას“ ეკოსისტემის კოლაპსმა გამოიწვია. ამის შედეგად, ათობით მილიარდი დოლარის პოზიციები დაიხურა. ამან რა თქმა უნდა, კომპანიები და ტრეიდერები აზარალა. სერიოზული პრობლემები შეექმნათ კრიპტო კრედიტორებს, როგორებიცაა „ბლოკფი“ და „ცელსიუსი“, ასევე საინვესტიციო კომპანია „თრი ეროუზ კეპიტალი“.

პანიგირცოგლუს აზრით საკრედიტო მხრით გახსნილი პოზიციების მასობრივი დახურვის ციკლი დასასრულს მიუახლოვდა და ახლა ძლიერი კომპანიები, იმ ფირმების გამოსყიდვას დაიწყებენ, რომლებსაც ბაზრის დაღმასვლამ პრობლემები შეუქმნა.

გარდა ამისა, პანიგირცოგლუ ამბობს, რომ კრიპტო სივრცეში ვენჩურული კაპიტალის (VC – კაპიტალი, რომელიც ხანგრძლივი და სტაბილური განვითარების პერსპექტივის მქონე დამწყებ კომპანიებს ხმარდება) წილის ზრდა, კარგის მომასწავებელია. „ჯეიპი მორგანის“ მონაცემებით, VC-ს მხრიდან, კრიპტო ბაზარზე მაისში და ივნისში ჯამში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის კაპიტალის მოზიდვა დაფიქსირდა.

კრიპტო ბაზრის ისტორიაში ყველაზე მძლავრი დაღმასვლის პერიოდში, ბაზრის სრული კაპიტალიზაცია, რეკორდულად მაღალი, 3 ტრილიონზე მეტი დოლარიდან, 1 ტრილიონზე დაბლა დაეცა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved