კრიპტო ბაზრის ზრდა აპრილშიც გაგრძელდება?

Home » ბიტკოინი » კრიპტო ბაზრის ზრდა აპრილშიც გაგრძელდება?
05/04/2023
კრიპტო ბაზრის ზრდა აპრილშიც გაგრძელდება?

რისკიანი აქტივებისთვის, მათ შორის, კრიპტოვალუტებისთვისაც, აპრილი შესაძლოა ისეთივე მომგებიანი იყოს, როგორიც მარტი იყო. ასეთი პროგნოზი აქვთ ბაზრების ანალიტიკოსებს, რომლებიც არგუმენტად, სტატისტიკას იშველიებენ.

მათი ანალიზი იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ ბოლო ათ წელიწადში, ბიტკოინის (BTC) ფასი აპრილში ექვსჯერ გაიზარდა, საშუალო ზრდა კი 17 პროცენტზე მეტი ჰქონდა. უფრო მეტიც, ამავე პერიოდში, ბიტკოინისთვის (BTC) აპრილი წლის პირველ ნახევარში საუკეთესო, წლის განმავლობაში კი მესამე საუკეთესო თვეა.

მსგავსი სიტუაციაა ინდექს S&P 500-თან დაკავშირებითაც, რომელთანაც ბიტკოინს (BTC) და კრიპტო ვალუტებს კორელაცია აკავშირებს. აპრილში მისი საშუალო ზრდა 2.6 პროცენტია. ამასთან, ამერიკული ინდექსი ბოლო ათ წელიწადში, აპრილში რვაჯერ გაიზარდა. ასეთი სტატისტიკა, ანალიტიკოსებს აძლევს იმის საფუძველს, რომ აპრილში ამჯერადაც ზრდის მოლოდინში იყვნენ.

ბიტკოინის (BTC) ზრდამ მარტში 23 პროცენტს მიაღწია, წლის დასაწყისიდან კი ის 67 პროცენტით გაიზარდა. ინდექს S&P 500-ს კი წელს მხოლოდ 7-პროცენტიანი ზრდა ჰქონდა. სხვათა შორის, თუ ამერიკული ინდექსი გამოკვეთილი რისკიანი აქტივია, ბიტკოინმა (BTC)  მარტში რისკებისგან თავშესაფრის როლიც „შეითავსა“, რამაც მისი დამატებით ზრდა უზრუნველყო. საინტერესოა, რომ ბაზარზე აქამდე მსგავსი რამ არ შეიმჩნეოდა.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელმაც კრიპტოების და ამერიკული საფონდო ინდექსის ზრდაზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს: აშშ-ის ფედრეზერვმა მიანიშნა, რომ ინფლაცია კლებულობს. ამან გაზარდა იმის იმედი, რომ ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას შეაჩერებს. ან უფრო მეტიც, პოლიტიკას შეარბილებს. ეს კი ერთმნიშვნელოვნად, რისკიანი აქტივების (მათ შორის, კრიპტოებისაც) წისქვილზე დაასხამს წყალს.

შესაბამისად, ინვესტორები ეცდებიან, ბაზარზე შესასვლელად, ხელსაყრელი მომენტი შეარჩიონ ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტოების ყიდვისათვის, რაც მათ გაძვირებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი, აპრილში და მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved