კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარზე დაბრუნდა

Home » ბიტკოინი » კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარზე დაბრუნდა
12/07/2022
კრიპტო ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარზე დაბრუნდა

ბლუმბერგის ინფორმაციით, იმ დროს, როდესაც ბიტკოინის (BTC) ფასი 22 ათას დოლარამდე გაიზარდა, კრიპტო ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. შუა ივნისის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კრიპტო ბაზარი ტრილიონ დოლარამდე ავიდა.

ბიტკოინისთვის (BTC) გასული კვირა, ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მკვეთრი ზრდით აღინიშნა, რასაც ხელი იმ გარემოებამ შეუწყო, რომ მსოფლიო ბაზრებზე, ინვესტორები კვლავ ყიდულობენ რისკიან აქტივებს, როგორებსაც კრიპტო ვალუტები მიეკუთვნება.

ბიტკოინის (BTC) გარდა, ტრილიონიან ზღვარზე დაბრუნებას, სხვა კრიპტო ვალუტების, მათ შორის, ეთერიუმის (Ethereum),  ლაიტკოინის (LTC), სოლანას (SOL) , ავალანშის (AVAX) და სხვების ზრდამაც შეუწყო ხელი.

„უარყოფითი ახალი ამბების გავრცელების და კრიპტო ბაზრის მსხვილი მოთამაშეების ლიკვიდაციის ფონზე, ინვესტორები კვლავაც მომლოდინე პოზიციას ინარჩუნებენ და ბაზარს აკვირდებიან. მაგრამ რისკიან აქტივებზე მოთხოვნის საყოველთაო ზრდის ფონზე, კრიპტო ვალუტების ფასებიც იზრდება“, – ამბობს სატრასტო კომპანია „IDX დიჯიტალ ასეტსის“ უფროსი საინვესტიციო დირექტორი ბენ მაკმილანი.

კრიპტო ვალუტებზე მოთხოვნის მკვეთრი კლება გამოიწვია მსოფლიო და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკების რეცესიის მოლოდინმა. ამ ფონზე გაიზარდა ურისკო აქტივებზე, როგორებიცაა ამერიკული დოლარი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო/ძვირფასი ლითონები, მოთხოვნა. კრიპტო ბაზრის მკვეთრ ვარდნას, რამდენიმე დიდი კომპანიის ფიასკო მოყვა. ბაზარზე მკვეთრად იკლო ნასესხები ფინანსების შედინებამ. კომპანიები კი, რომლებსაც კრიპტო ვალუტების შესაძენად, მსხვილი კრედიტები ჰქონდათ აღებული, თავიანთი აქტივების ნაწილებს ყიდიან, რათა კრედიტები და პროცენტები დაფარონ.

რისკიან აქტივებზე მოთხოვნის გაუმჯობესება განაპირობა შეერთებულ შტატებში შრომის ბაზრის სტატისტიკის გამოქვეყნებამ, რომელმაც დადებითი ტენდენცია გამოავლინა. ამან შეამსუბუქა რეცესიის მოლოდინი. შესაბამისად, ინვესტორებს რისკისადმი “მადა“ დაუბრუნდათ. თუმცა ისინი ჯერჯერობით ისევ ფრთხილობენ და შორსმიმავალ პროგნოზებს არ აკეთებენ.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved