ასეთ თამამ პროგნოზს აკეთებს არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის ბანკის (BOE – ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი) მმართველის მოადგილე ჯონ კანლიფი. მისი თქმით, კრიპტო ბაზრის ამჟამინდელი კრახი, რომლის დროსაც, ბაზრის კაპიტალიზაცია ერთ ტრილიონ დოლარზე მეტით შემცირდა, ძლიერ ჰგავს ეგრეთ წოდებულ დოტკომების კოლაფსს, რომელსაც ადგილი ათასწლეულის დასაწყისში ჰქონდა.
„ეს სიტუაცია დოტკომების ბუმს მახსენებს, რომლის შემდეგაც, დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივები განულდა. ბევრი კომპანია გაქრა, მაგრამ ტექნოლოგიები დარჩა. კომპანიების ნაწილი ათი წლის შემდეგ დაბრუნდა და ისინი, ვინც გადარჩა – ამაზონი, იბეი, დომინანტი მოთამაშეები გახდნენ“, – ამბობს კანლიფი.
ის ხაზს უსვამს, რომ კრიპტო ტექნოლოგიას ფინანსურ სექტორში უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია და ამას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ ამჟამად კრიპტო ბაზარი ეცემა.
„კრიპტო ბაზარზე მომდევნო თვეებში რაც უნდა მოხდეს, დარწმუნებული ვარ, რომ კრიპტო ტექნოლოგიები ფინანსურ სამყაროში დარჩება და არსებობას გააგრძელებს. ამ ტექნოლოგიებს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, არის ძალიან ეფექტური და ბაზრის სტრუქტურას შეცვლის“, – დასძენს კანლიფი.
BOE ამჟამად საკუთარი ციფრული ვალუტის, სტერლინგის ციფრული ვარიანტის შექმნაზე მუშაობს. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება ციფრული სტერლინგის ფიატურთან მიბმის (როგორც ეს სტეიბლკოინების შემთხვევაშია) მიზანშეწონილობა. მეორე ვარიანტია ციფრული სტერლინგის კურსის „თავისუფალ ცურვაში“ გაშვება.
ასევე განიხილება ციფრული სტერლინგის თვითრეგულირებადობა, რასაც მის კრიპტო ტექნოლოგიურ ჯაჭვში შესული ხელოვნური ინტელექტის კოდი გააკონტროლებს.