„მაიკროსტრატეჯის“ შეფი – SEC-ის ქმედება ბიტკოინს 10-ჯერ გააძვირებს

Home » ბიტკოინი » „მაიკროსტრატეჯის“ შეფი – SEC-ის ქმედება ბიტკოინს 10-ჯერ გააძვირებს
15/06/2023
„მაიკროსტრატეჯის“ შეფი – SEC-ის ქმედება ბიტკოინს 10-ჯერ გააძვირებს

ანალიტიკურ კომპანია „მაიკროსტრატეჯის“ მთავარი აღმასრულებელი მაიკლ
სეილორი ამბობს, რომ შეერთებული შტატების კრიპტო ინდუსტრიას, ერთგვარი
ბიტკოინიზაციისკენ აქვს გეზი აღებული. ბლუმბერგთან საუბრისას, სეილორმა
განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიის (SEC)
აგრესიული ქმედებები, ბიტკოინის ფასის მკვეთრ ზრდას უმზადებს საფუძველს.
„რეგულირებასთან დაკავშირებით, ამჟამინდელი სიტუაციის შენარჩუნების
შემთხვევაში, ბიტკოინი ბაზარზე სულ უფრო მეტად დაიმკვიდრებს თავს.
ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომლებიც ჯერაც იკავებენ თავს, თავისუფლად
მოქმედების შესაძლებლობა მიეცემათ“, – ამბობს სეილორი და დასძენს, რომ
გაურკვევლობები ძირითადად, სხვა კრიპტო აქტივებს უკავშირდება, რომლებსაც
SEC და მისი შეფი გერი გენსლერი, არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებად
მიიჩნვენ და შესაბამისად, ამერიკის ბაზარზე მათი დამკვიდრების შანსი
ნაკლებია.
SEC ირწმუნება, რომ მსოფლიოს ორი უდიდესი კრიპტო სავაჭრო პლატფორმა –
„კოინბეიზი“ და „ბაინენსი“, საკუთარ კლიენტებს იმ ფასიან ქაღალდებს
(ათეულობით კრიპტო ვალუტას) სთავაზობენ, რომლებსაც ამერიკაში შესაბამისი
რეგისტრაცია გავლილი არ აქვს. შესაბამისად, ორივე პლატფორმის საქმიანობას,
კანონთან შეუსაბამოდ აფასებს.
იმავდროულად, SEC-ის „შავ სიაში“ არ შევიდა ბიტკოინი, რადგან კომისია
თვლის, რომ ეს საკმაოდ დეცენტრალიზებულია იმისათვის, რომ ფასიან
ქაღალდად ჩაითვალოს. სეილორი ამბობს, რომ SEC-ის მხრიდან, ალტკოინების
და სტეიბლკოინების მიმართ რეპრესიების შედეგად, ბიტკოინი კრიპტო ბაზარზე
გაბატონდბა და მისი წილი შესაძლოა, 80 პროცენტამდე გაიზარდოს.
ის არ გამორიცხავს, რომ შექმნილ სიტუაციაში, ბიტკოინის ფასი ათჯერ
გაიზრდება და თუ ასე გაგრძელდება, ასჯერაც კი. ცნობისათვის, სეილორის
კუთვნილი „მაიკროსტრატეჯი“, ბიტკოინის ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელია.
მის პორტფელში დაახლოებით 140 000 ბიტკოინია, რომლებიც საშუალოდ, 29 803
დოლარად აქვს შესყიდული. ასევე საინტერესოა, რომ „მაიკროსტრატეჯის“ სხვა
კრიპტო ვალუტა არასდროს შეუძენია, რადგან სეილორი თვლის, რომ ბიტკოინი
კრიპტო ბაზარზე ერთადერთი აქტივია, რომელიც ინსტიტუციურ დონეს
შეეფერება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved