მასკის მიერ „ტვიტერის“ შესყიდვამ დოგკოინი (Doge) 20 %-ით გააძვირა

Home » ბიტკოინი » მასკის მიერ „ტვიტერის“ შესყიდვამ დოგკოინი (Doge) 20 %-ით გააძვირა
26/04/2022
მასკის მიერ „ტვიტერის“ შესყიდვამ დოგკოინი (Doge) 20 %-ით გააძვირა

დოგკოინმა (Doge) ახალი სავაჭრო კვირა, ფასის მკვეთრი ზრდით დაიწყო. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ „ტესლას“ მფლობელმა ილონ მასკმა, ბოლოს და ბოლოს, შეძლო „ტვიტერის“ შესყიდვა. დოგკოინი (Doge) კი ამ გარიგებით იმის გამო ხეირობს, რომ მასკის ფავორიტი კრიპტო ვალუტაა.

დოგკოინი 2013 წელს, ერთგვარი კრიპტო ხუმრობის შედეგად შეიქმნა და კარგა ხანს, მას სერიოზლად არავინ აღიქვამდა. მაგრამ სიტუაცია მასკმა შეცვალა, ვინც ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტებით, დოგკოინი (Doge) ფასეულ კრიპტოდ აქცია. სწორედ მისი ტვიტები გახდა იმის მიზეზი, რომ დოგკოინის (Doge) ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 0.74 დოლარს მიაღწია.

უფრო მეტიც, მასკმა გამოაცხადა, რომ „ტესლას“ პროდუქციის ნაწილს დოგკოინზე (Doge)  გაჰყიდის. ისიც ცნობილია, რომ „ტესლა“ ბიტკოინის (BTC) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პაკეტის მფლობელია. მასკს სურდა, რომ „ტესლას“ პროდუქციის ნაწილი (ძირითადად სუვენირები) ბიტკოინზეც (BTC) გაეყიდა, მაგრამ იმის გამო, რომ ბიტკოინის (BTC) მოპოვება, ენერგოტევადი პროდუქტია და ირიბად, ატმოსფეროს დაბინძურებაში აქვს წილი, ამ ნაბიჯისგან თავის შეკავება ამჯობინა და აქცენტი მთლიანად დოგკოინზე (Doge) გადაიტანა.

კვირას ოფიციალურად დადასტურდა, რომ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა. ცნობილია, რომ მილიარდერი კომპანიაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. მათგან ერთ-ერთი სწორედ დოგკოინს (Doge) უკავშირდება, რომელიც ტვიტერზე გადახდის ერთ-ერთი საშუალება (მათ შორის, რეკლამების გაყიდვისას) გახდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ როგორც კი მასკი ოფიციალურად გამოაცხადებს დოგკოინს (Doge) ტვიტერზე გადახდის საშუალებად, ეს ამ მემეკოინის ფასის ზრდის ახალ ტალღას გამოიწვევს და შესაძლოა, ამ ტალღამ, ის ახალ ისტორიულ მაქსიმუმამდე აიყვანოს.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved