შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის საბჭომ, ისტორიული განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ოფიციალურად განიხილავს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (ციფრული დოლარის) შემოღების მიზანშეწონილებას.
ტვიტერში გავრცელებულ ცნობაში, ფედრეზერვი წერს, რომ ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. მაგრამ ფედრეზერვის საბჭომ, ასეთი ვალუტის დამკვიდრების შემთხვევაში, პოტენციური სარგებლის და რისკების შესწავლა დაიწყო, რაც ამ მიმართულებით გადადგმული პირველი, აუცილებელი ნაბიჯია. ასევე დაწყებულია ტექნოლოგიის კვლევა და შესაბამისი ექსპერიმენტები.
ფედრეზერვი განმარტავს, თუ რატომ დაინტერესდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შემუშავებით. ჯერ ერთი, ფინანსების სამყაროში ბევრი რამ იცვლება და მთელს მსოფლიოში, ცენტრალური ბანკები ამ ცვლილებებთან ადაპტაციას ცდილობენ, რათა მონეტარული და ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყონ. გარდა ამისა, მათს ინტერესებშია გადახდის და გადარიცხვების უფრო ეფექტური სისტემების დანერგვა.
ფედრეზერვი გაციფრულებული ეროვნული ვალუტის ძირითად უპირატესობებს გამოჰყოფს. მათ შორისაა ოჯახებისთვის და ბიზნესებისთვის, ცენტრალური ბანკის ფულის ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობა, ასევე უსაფრთხოების და ლიკვიდურობის უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, CBDC შეიძლება გახდეს მეწარმეებისთვის ახალი ფინანსური პროდუქტების და მომსახურებების მისაწოდებელი ახალი, ეფექტური პლატფორმა. ციფრული დოლარით შესაძლებელი იქნება გადარიცხვების (მათ შორის საზღვარგარეთაც) სწრაფად და იაფად შესრულება. ამასთან, ასეთი ვალუტა მომხმარებლებისთვის ფინანსური სისტემის ხელმისაწვდომობას გააფართოებს და მოსახერხებელს გახდის.
CBDC-ის რისკებს შორის დასახელდა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა ექნება ციფრულ ფულს ფინანსური სექტორის ბაზრის სტრუქტურაზე, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება და რა ეღირება კრედიტები. რა თქმა უნდა, გასარკვევია ფინანსური სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და მონტარული პოლიტიკის ეფექტურობა.