რიპლმა (Ripple) შესაძლოა შეერთებული შტატები დატოვოს

Home » ბლოგი » რიპლმა (Ripple) შესაძლოა შეერთებული შტატები დატოვოს
27/06/2022
რიპლმა (Ripple) შესაძლოა შეერთებული შტატები დატოვოს

უკვე 18 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლების კომისიამ (SEC), რიპლის (Ripple) წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რითაც კომპანია არალეგალური ფასიანი ქაღალდების სავარაუდო გაყიდვაში დაადანაშაულა.

პროცესი გაიწელა, რაც რიპლის (Ripple) საქმიანობას ძლიერ აზარალებს. ინვესტორები თავს იკავებენ იმ კომპანიასთან საქმიანობისგან, რომელსაც მძლავრ ამერიკულ რეგულატორთან აქვს სამართლებრივი ჭიდილი. მართალია, ანალიტიკოსები რიპლს (Ripple) ამ საქმეში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ვერავინ ამბობს, თუ როდის შეიძლება დასრულდეს სასამართლო გარჩევა.

შექმნილ სიტუაციაში, რიპლი (Ripple) ბაზირების ადგილის გამოცვლას განიხილავს. „რიპლ ლაბსის“ მთავარი აღმასრულებელი ბრედ გარლინგჰაუსი ამბობს, რომ კომისია კრიპტო პლატფორმებისთვის არათანმიმდევრულ რეგულაციებს აწესებს, რაც ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს გამართულად მუშაობაში ხელს უშლის.

უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ სან ფრანცისკოში ბაზირებული „რიპლ ლაბსი“ მზადაა, შეიცვალოს ლოკაციის ადგილი, თუ კომპანია SEC-თან სასამართლო ჭიდილს წააგებს. „ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – ტორონტოში (კანადა) გამოსვლისას განაცხადა გარლინგჰაუსმა.

რიპლმა (Ripple) თავისი ახალი ოფისი კანადაში, ქალაქ ტორონტოში გახსნა. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ ახალი ოფისის გახსნა, ხელს შეუწყობს ქვეყანაში კრიპტოსთან დაკავშირებული ინოვაციების გავრცელებას და დამკვიდრებას. რიპლმა (Ripple) დაადასტურა, რომ ტორონტოს ოფისში კომპიუტერული პროგრამირების 50 სპეციალისტის აყვანას გეგმავს.

„რიპლ ლაბსის“ მიერ ამერიკის დატოვების შემთხვევაში, ახალი ბაზის სავარაუდო ადგილად სწორედ კანადა განიხილება. რაც შეეხება SEC-ის და რიპლის (Ripple) სასამართლო გარჩევას, ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ საქმეს იმიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ მისი შედეგი, აშშ-ში კრიპტო რეგულაციებისთვის პრეცედენტულ მნიშვნელობას შეიძენს.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved