როგორია 2022 წლის კრიპტო პროგნოზი

Home » ბიტკოინი » როგორია 2022 წლის კრიპტო პროგნოზი
10/01/2022
როგორია 2022 წლის კრიპტო პროგნოზი

რა არის მოსალოდნელი კრიპტო სამყაროში 2022 წელს,

3 იანვარი,

გასული წელი კრიპტო ბაზარზე გამორჩეული იყო. ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ, მცირე დროით, მაგრამ მაინც, რეკორდულ 3 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბიტკოინის (BTC) ფასი კი $ 69 ათასამდე გაიზარდა, რასაც კვალად, მთელი კრიპტო ბაზრის ზრდა მოჰყვა.

ახალი წლის წინ, ბიტკოინმაც (BTC) და სხვა კრიპტო ვალუტებმაც კლება იწყო. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ჯერ ერთი, ყველა ზრდას, სულ ცოტა, კორექცია/კონსოლიდაცია მოჰყვება ხოლმე. და შესაძლოა, ამ პროცესმა ჩაიარა. ამ ვარაუდს ის გარემოებაც ამყარებს, რომ სულ უფრო მეტი ბიტკოინი გადადის ეგრეთ წოდებულ ცივ საფულეებში, ანუ შენახვის რეჟიმში.

თუმცა, არაა გამორიცხული, რომ კორექცია/კლება უფრო ღრმადაც წავიდეს და ამ შემთხვევაში, ბიტკოინის (BTC) ფასს, 30 ათას დოლარამდე დაშვების „პერსპექტივა“ გაუჩნდება. თუმცა პრაქტიკულად ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ფასის ვარდნა შეჩერდება და ბიტკოინიც (BTC) და მასთან ერთად, მთელი კრიპტო ბაზარიც, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მოიმართება. შეაბამისად, ინვესტორებისთვის ყველა კლება, ახალი, უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან ყიდვის პერსპექტივას ქმნის.

მთავარი ფაქტორი, რაც ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტოების ფასზე იმოქმედებს, დიდი ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკაა. ამჟამად ბიტკოინს (BTC) განიხილავენ, როგორც აქტივების შენახვის და ინფლაციისგან დაცვის საუკეთესო საშუალებას. ინფლაცია კი დღეს აქტუალური თემაა, რადგან კორონავირუსისგან დასუსტებული ეკონომიკების მხარდასაჭერად, ცენტრალური ბანკები სტიმულირების პროგრამების ფარგლებში, აქტივების კოლოსალური მოცულობით შესყიდვას აწარმოებენ. ეს ბაზარზე ჭარბი ფულადი მასის გამოსვლას იწვევს. ჭარბი ფული კი, ამ ფულის გაუფასურების მიზეზი ხდება.

ეს ყველაფერი, ბიტკოინზე (BTC) მოთხოვნის და ამის კვალად, მისი ფასის ზრდას იწვევს. მაგრამ შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკი უკვე იწყებს ინფლაციასთან ბრძოლას, რისი პირველი ნიშანიც, სტიმულირების პროგრამის დასრულება (მარტში) იქნება, მერე კი მალევე დაიწყება დოლარზე განაკვეთის ზრდა. და თუ ამას ინფლაციის ნორმალიზება მოჰყვა, ეს შესაძლოა, ბიტკოინის (BTC) ფასზე უარყოფითად აისახოს.

მეორე მხრივ, პანდემია კვლავაც ბობოქრობს, რაც ინვესტორებს რისკებისგან თავის შეკავებისკენ უბიძგებს. მათთვის რისკებისგან თავშესაფარი აქტივის როლს კი სულ უფრო ხშირად ასრულებს ბიტკოინი (BTC) და სხვა კრიპტოები.

2022 წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ეთერიუმის (Ethereum) რეორგანიზაცია და მისი ბლოკჩეინის „პრუფ-ოფ-სტეიკ“ სისტემაზე გადასვლა. ამან, ტრანზაქციები უნდა დააჩქაროს და გააიაფოს, რაც ეთერიუმზე (Ethereum) მოთხოვნას გაზრდის.

მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა „ფეისბუკის“ მეტასამყარო, რომელიც თანდათან სულ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და შესაბამისად, ბაზრებზე მისი გავლენაც გაიზრდება. სხვათა შორის, მეტასამყაროთი (მეტავერსით) უკვე დაინტერესდა უოლ სტრიტი!

საინტერესოა, ის ფაქტიც, რომ სალვადორმა უკვე აღიარა ბიტკოინი (BTC) ოფიციალურ ვალუტად და ამ მიმართულებით, მეტად აქტიურობს. ეს პატარა ქვეყანაა და შესაძლოა, მისი აქტივობა ამინდს ვერ ქმნის, მაგრამ შორს არაა ის დრო, როდესაც მის ნაბიჯს სხვებიც გაიმეორებენ.

ჩინეთი კი სხვა მიმართულებას ირჩევს; ერთი მხრივ, მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალმა ქვეყანამ, რომელსაც მეორე უდიდესი ეკონომიკა აქვს, ციფრული ვალუტების მაინინგი და მის ტერიტორიაზე გაცვლითი პლატფორმების მუშაობა აკრძალა. მაგრამ მეორე მხრივ, გამალებით მუშაობს საკუთარი ვალუტის, იუანის ციფრული ვერსიის დანერგვაზე. შორს არაა ის დრო, როცა ციფრული იუანი სატესტო პროგრამას გასცდება და ოფიციალურ სტატუსს მიიღებს. თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ეს წელსვე მოხდება.

ქვემოთ გაგაცნობთ რამდენიმე პროგნოზს, რომლებიც ციფრული ვალუტების სამყაროს უკავშირდება:

– სავაჭრო სისტემების ინტეგრაციის სფეროში ლიდერ კომპანია „გოლდ-აის“ დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ტომ ჰიგინსი დარწმუნებულია, რომ მალე ეთერიუმი (Ethereum) ციფრული ვალუტების ბაზარზე ბიტკოინს (BTC) უკან ჩამოიტოვებს. ეს კი ეთერიუმის განახლების შემდეგ მოხდება, რაც ამ ვალუტით ტრანზაქციებს დააჩქარებს.

– „ბლუმბერგ ინტელიჯენსის“ ციფრული ვალუტების ბაზრის ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი ამბობს, რომ ბიტკოინი (BTC) ინვესტორებისთვის, აქციებზე მეტად მიმზიდველი აქტივი გახდება. თუმცა, ბევრი გარემოების გამო, ეს პროგნოზი შესაძლოა სადაო იყოს…

– კრიპტო ვალუტების სფეროში მომუშავე სტარტ-აპ „მიუვის“ მთავარი აღმასრულებელი ბრენდონ არვანაგი გვარწმუნებს, რომ მალე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც „ფორჩუნ 500-ის“ სიაში ფიგურირებს და კრიპტო ვალუტების სფეროშიც მოღვაწეობს, გამოაცხადებს, რომ მისი შტაბ-ბინა… რომელიმე მეტა სამყაროში გადაიტანა. მარტო ასეთი პროგნოზიც კი მრავლის მეტყველია.

– ანალიტიკასა და ბაზრის კვლევაზე ორიენტირებულ კომპანია „ფასტ ფიუჩას“ მთავარ აღმასრულებელ როჰიტ ტალვარის ვარაუდით, ციფრული ვალუტების ბაზრის ჯამური კაპიტალიზაცია 7.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. შეგახსენებთ, რომ წელს კაპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტრილიონი დოლარი დაფიქსირდა.

– საკონსულტაციო კომპანია „ქრედოს“ აღმასრულებელი ბენჯამინ უიტბი ვარაუდობს, რომ კრიპტო ბაზარს წელს ყველაზე მსხვილი ჰაკერული ძარცვა ელის. მოპარული თანხა კი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

– იმავე „ფასტ ფიუჩას“ როჰიტ ტალვარის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის, იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც ცენტრალური ბანკების ციფრული ფულის გამოყენებას დაიწყებენ, 25-ს მიღწევს. ეს ვალუტა შეიძლება იყოს მათივე საკუთარი, ან სხვა ქვეყნების მიერ გამოშვებული. ამ მიმართულებით, ჯერჯერობით ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც ახლახანს, ციფრული იუანის საფულეების ტესტირება დაიწყო.

– პოპულარული ახალზელანდიელი კრიპტო ანალიტიკოსი ლარკ დევისი ირწმუნება, რომ წელს ეთერიუმის (Ethereum) ფასი, ხუთნიშნა რიცხვს მიაღწევს. ის არ გამორიცხავს, რომ ეთერიუმის (Ethereum) ფასი 20 000 დოლარამდე გაიზარდოს.

დევისის მთავარი არგუმენტიც, ეთერიუმის (Ethereum) სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებებია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ისაა, რომელიც წლიური ემისიის 90 პროცენტით შეკვეცას ითვალისწინებს. ის ფიქრობს, რომ ამის გამო, ეთერიუმი (Ethereum) დეფლაციური ვალუტა გახდება და ხუთი-ათი წლის შემდეგ, ბაზარზე მისი მოცულობა 100 მილიონზე დაბლა ჩამოვა.

ბიტკოინი (BTC) 13 წლის გახდა

ამ დღეებში 13 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სატოში ნაკამოტომ (ეს ფსევდონიმი შესაძლოა რამდენიმე ადამიანს აერთიანებს) ბიტკოინის (BTC) ბლოკჩეინში პირველი ბლოკი გახსნა და 50 ბიტკოინი მოიპოვა. ეს 2009 წლის 3 იანვარს მოხდა. 12 იანვარს კი ნაკამოტომ ბიტკოინის (BTC) პირველი ტრანზაქცია განახორციელა.

თითქმის 13 წლის შემდეგ, პირველი კრიპტო ვალუტის ფასმა 69 ათას დოლარს მიაღწია. ამჟამად, ბიტკოინის (BTC) დაგეგმილი ემისიის 90 პროცენტზე მეტი უკვე ათვისებულია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 900 მილიარდ დოლარს აღწევს. თუმცა წლის ბოლოს ფასმა კლება დაიწყო და 43 ათას დოლარს ჩამოსცდა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved