ტესლამ თავისი ბიტკოინების (BTC) 75 პროცენტი გაყიდა

Home » ბიტკოინი » ტესლამ თავისი ბიტკოინების (BTC) 75 პროცენტი გაყიდა
26/07/2022
ტესლამ თავისი ბიტკოინების (BTC) 75 პროცენტი გაყიდა

ელექტრომობილების და სხვა ელექტრო მოწყობილობების მწარმოებელმა კომპანია „ტესლამ“ (Tesla) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, მის ხელთ არსებული ბიტკოინების (BTC) დაახლოებით 75 პროცენტი გაყიდა. მათი ჯამური ფასი გაყიდვის მომენტში 936 მილიონი დოლარი იყო.

„ტესლამ“ ბიტკოინის (BTC) ბაზარზე ინვესტირება 2021 წლის დასაწყისში დაიწყო. მაშინ კომპანიის მიზანს, გადახდების დივერსიფიკაცია და მყიდველისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზება, ასევე მოგების გაზრდა წარმოადგენდა. კომპანიამ ბიტკოინების (BTC) შესყიდვაზე, ჯამში 1.50 მილიარდი დოლარი დახარჯა.

კომპანიამ გამოაცხადა, რომ ბიტკოინების (BTC) გაყიდვა, ლიკვიდურობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად გადაწყდა. ეს რისკები პირველ რიგში, ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელებამ და პანდემიასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ გაზარდა.

ამჟამად ამერიკული კომპანია დაახლოებით 218 მილიონი დოლარის (მიმდინარე კურსით) ბიტკოინებს (BTC) ფლობს.

„ტესლას“ მთავარმა აღმასრულებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიერ, ბიტკოინების (BTC) გაყიდვის ფაქტი, აღქმული არ უნდა იყოს, როგორც კრიპტოებისადმი გამოტანილი ვერდიქტი.

„ჩვენ ბიტკოინები გავყიდეთ, რადგან არ ვიცით, როდის შემსუბუქდება ჩინეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. ჩვენ მზად ვართ, რომ მომავალში ჩვენს ბალანსზე არსებული ბიტკოინების მოცულობა გავზარდოთ. ასე რომ, ეს გაყიდვა აღქმული არ უნდა იყოს, როგორც ბიტკოინებისადმი ჩვენ მიერ გამოტანილი ვერდიქტი. იმავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი დოგკოინიც არ გაგვიყიდია“, – ამბობს მასკი.

მას შარშან ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს ბაზარზე კრიპტო ვალუტების ყიდვა-გაყიდვით მანიპულირებას იმისთვის, რომ მოგება მიიღოს. „მე მინდა, რომ ბიტკოინი წარმატებული პროექტი იყოს“, – განაცხადა „ტესლას“ შეფმა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved