კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

Home » ბიტკოინი » კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები
10/12/2021
კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები

მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კრიპტო ბაზარი განვითარებას აგრძელებს:

10 დეკემბერი,

ციფრული ვალუტების ბაზარზე გასული კვირა ბევრი რამით იყო გამორჩეული. წინა პარასკევს მომხდარი ბაზრის ვარდნა მხოლოდ ერთი გაელვება იყო, რომელმაც მალევე კორექციის სახე მიიღო. ეს კი მოვაჭრეებს ახალი ხელსაყრელი პოზიციების გახსნის საშუალებას აძლევს და ისინიც ზრდის ახალი ტალღისთვის მზადებას უკვე იწყებენ.

კრიპტო აღმასრულებლები კონგრესში;

კრიპტოვალუტების ბაზარზე მომუშავე ექვსი უდიდესი კომპანიის, მათ შორის „კოინბეიზის“ და „საირკლის“  აღმასრულებლებმა შეხვედრა გამართეს აშშ-ის კონგრესში, რისი მიზანიც, თითქმის 3 ტრილიონ დოლარიანი ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებით, მოსაზრებათა გაზიარება და ორივე მხარისთვის მისაღები პოზიციის შემუშავება იყო.

ამასთან, აღმასრულებლებმა კანონმდებლებს იმის გათვალისწინება სთხოვეს, რომ ზედმეტი რეგულაციები და შეზღუდვები, მსხვილი ინვესტიციების საზღვარგარეთ გადინებას გამოიწვევს. შეხვედრისას კრიპტო აღმასრულებლებმა კონგრესმენებს ციფრული ვალუტების ბიზნესის თავისებურებანი აუხსნეს.

დემოკრატმა მაქსინ უოტერსმა, ვინც ციფრული ვალუტების ბაზრის კანონების შემუშავებას უძღვება, განაცხადა, რომ ბევრი გაურკვევლობაა მაგალითად, „ფეისბუკის“ მიერ თავისი ვალუტის გამოშვებასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უზარმაზარი წვდომა აქვს.

კონგრესმენები შიშობენ, რომ შესაფერისი კონტროლის გარეშე, ციფრული ვალუტები ფინანსურ სისტემას გარკვეულ რისკებს შეუქმნის, რაც დაუშვებელია.

ეთერიუმი (Ethereum) ბიტკოინის (BTC) ჰეჯირებისთვის;

4 დეკემბერს ციფრული ვალუტების ბაზრის მკვეთრი ვარდნის დროს, ერთი საინტერესო ფაქტიც დაფიქსირდა – ბიტკოინთან (BTC) მიმართებით, ეთერიუმი (Ethereum) დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდა. ერთი ეთერის ფასმა 0.0835 ბიტკოინს (BTC) მიაღწია, რაც 2018 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ორივე ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ინვესტორები ეთერიუმს ბიტკოინთან შედარებით, უფრო უსაფრთხო აქტივად თვლიან და ამ ორი ვალუტის წყვილში ეთერის გამყარება, შესაძლოა ამის მაჩვენებელი იყოს.

ციფრული ვალუტების ავსტრიულ სავაჭრო პლატფორმა „ბიტპანდას“ პროდუქტების დირექტორ ლუკას ენცერსდორფერ-კონრადის თქმით, ეთერიუმის გამყარების მთავარი მიზეზი ისაა, რომ მისი ემისიის კლების ფონზე, ქსელში აქტიური საფულეების მისამართების რიცხვი იზრდება. შესაბამისად, მატულობს ბრუნვა და ამის კვალად, ეთერიუმის ფასიც.

იმავდროულად, „გლასნოუდის“ მონაცემებით, ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ეთერიუმის მოცულობა 14 მილიონამდე შემცირდა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ინვესტორები ეთერიუმს სულ უფრო მეტად ენდობიან და მას დაგროვების საშუალებადაც იყენებენ. ამასთან, რაც უფრო მცირდება მიწოდება, მით უფრო იზრდება ფასიც.

დოჯქოინი (DOGE) გუგლის ხუთეულშია;

„გუგლის“ ინფორმაციით, ახალი ამბების სექტორში, ძებნის სისტემის ყველაზე პოპულარულ მოთხოვნებს შორის, დოჯქოინს (DOGE) მეოთხე ადგილი უკავია. ამ მემ-ვალუტისადმი ყველაზე დიდ ინტერესს შეერთებულ შტატებში, თურქეთში, კანადაში, სინგაპურსა და ჰოლანდიაში იჩენენ.

დოჯქოინის პოპულარობის სწრაფ ზრდას, დიდწილად ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული პოსტები განაპირობებს. გარდა ამისა, მილიარდერი მემ-ვალუტის სოლიდურ პაკეტს ფლობს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ძებნის სისტემაში, ახალი ამბების სექტორის პოპულარულ მოთხოვნათა ათეულში შევიდა ფრაზა „ეთერიუმის ფასი“. საინტერესოა, რომ მალე ეთერიუმს (Ethereum) ჰარდფორკი ელის, რაც დიდი ალბათობით, მისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის.

ამერიკელი ინვესტორები ბიტკოინს (BTC) ყიდულობენ;

ციფრული ვალუტების ბაზარზე ორიენტირებულ კომპანია „გრეისკალ ინვესტმენტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შესაბამისად, იმ ამერიკელ ინვესტორებს შორის, ვინც ბიტკოინს (BTC) ფლობს, 50%-მა ციფრული ვალუტების ბაზარზე პირველი შესყიდვა ბოლო 12 თვეში შეასრულა.

გამოკითხვაში 25-დან 64 წლამდე ასაკის 1 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ოჯახებსაც წლიურად $ 50 000 ან მეტი შემოსავალი აქვთ და სხვადასხვა ტიპის აქტივებში ინვესტირებული აქვთ $ 10 000 მეტი. გამოკითხულთა 55-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ბიტკოინის შესყიდვა წელს დაიწყეს, 26-მა პროცენტმა კი ეს უფრო ადრე გააკეთა.

გამოკითხულთა 77 % თვლის, რომ ბიტკოინი დანაზოგის შენახვის და ინფლაციისგან დაცვის საშუალებაა. მათი 37 პროცენტი კი, თავის ბიტკოინს მოკლევადიან ინვესტიციად განიხილავს და ფიქრობს, რომ მისი მეშვეობით, სწრაფი მოგების მიღებას შეძლებს. გამოკითხულთა 55 პროცენტისთვის, ბიტკოინი გრძელვადიანი ინვესტიციის საშუალებაა.

ფეისბუქი/მეტა კრიპტო რეკლამებზე აკრძალვას აუქმებს;

სოციალური მედიის უდიდესი პლატფორმა „ფეისბუკი“, რომელსაც დიდი ტრანსფორმაცია აქვს დაწყებული და მალე „მეტად“ გარდაიქმნება, ციფრული ვალუტების ბაზარზე მომუშავე კომპანიების რეკლამებზე აკრძალვას ხსნის.

იმავდროულად, „ფეისბუკი“ კრიპტო ბაზარზეც აქტიურდება. მას უკვე გაშვებული აქვს ციფრული საფულე „ნოვი“ და მუშაობს საკუთარ კრიპტო ვალუტა დიემზე, რომელიც ლიბრას ახალი ვარიანტია. სხვათა შორის, ამ ორივე პროექტს აშშ-ის კონგრესში ჯერაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

მთავარი მაინც ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებულ რეკლამებზე შეზღუდვის მოხსნაა, რაც ამ ბაზრით ფეისბუკის/მეტას დაინტერესებას ირიბად ადასტურებს.

„კოინბეიზი“ აპარატული საფულეების მხარდაჭერას იწყებს;

ციფრული ვალუტების მსხვილმა სავაჭრო პლატფორმა „კოინბეიზმა“ გამოაცხადა, რომ მალე აპარატული საფულეების მხარდაჭერას დაიწყებს. ამ მიმართულებით, მისი პირველი პარტნიორი გახდება ეგრეთ წოდებული ცივი აპარატული საფულეების მწარმოებელი კომპანია „ლედჯერი“.

ცივი საფულეები, რომელთა შორისაც „ლედჯერის“ მოწყობილობები ყველაზე მეტი პოპულარობით გამოირჩევა, მომხმარებლის ციფრულ ფინანსებს უკეთ იცავს, ვიდრე ეგრეთ წოდებული ცხელი, ონლაინ საფულეები.

მალე შესაძლებელი გახდება „კოინბეიზის“ საფულის ფუნქციის მქონე ბრაუზერებით, „ლედჯერის“ საფულეებთან დაკავშირება. ეს მომხმარებლებს საკუთარი თანხის უსაფრთხოდ შენახვასთან ერთად, მათი მარტივად გამოყენების საშუალებასაც მისცემს.

„კოინბეიზის“ და „ლედჯერის“ პარტნიორობა რამდენიმე ფაზად განხორციელდება და ის სტარტს 2022 წლის პირველ კვარტალში აიღებს. მოგვიანებით გამოვა აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვისაც.

„კოინბეიზი“ კრიპტო ვალუტების 12 პროცენტს ინახავს;

აშშ-ის კონგრესში მოსმენისას, „კოინბეიზის“ ფინანსურმა დირექტორმა ალესია ჰაასმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანიის საფულეებში ინახება მსოფლიოში არსებული ციფრული ვალუტების დაახლოებით 12 პროცენტი. მისი თქმით, ციფრული ვალუტები მხოლოდ გაცვლის ფუნქციით არ გამოიყენება.

ჰაასის თქმით, ციფრული ვალუტების ოპერაციების დაახლოებით 50%, მათი ყიდვა-გაყიდვისთვის სრულდება. დანარჩენ 50% კი სხვა ტიპის ოპერაციებისთვის იყენებენ. ეს კი იმას მოწმობს, რომ ციფრული ვალუტები, უკვე გასცდა პირვანდელ საინვესტიციო ფაზას და თანდათან იძენს მრავალმხრივი დანიშნულების ფუნქციებს.

„კოინბეიზი“ აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში, 73 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მათ შორის არის 10 000 ორგანიზაცია და 185 000 დანართის შემქმნელი.

რიპლის XRP გამყარების დასაწყებად მზადაა;

კრიპტო ვალუტების ბაზრის ანალიტიკოსების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი კრიპტო ვალუტა რიპლი, ისეთივე ზრდისთვის ემზადება, როგორიც 2017 წელს ჰქონდა. ზრდის დაწყების საწყისი წერტილი გახდება SEC-თან (აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და სავალუტო გაცვლის კომისია) სასამართლო გარჩევები, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტხანს გრძელდება და რომლებმაც ვალუტის განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედა.

კრიპტო ანალიტიკოსი მიხაელ ვან დე პოპე ამბობს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული, რიპლის მხრიდან სავალუტო მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია და რომ ამას კომპანია მალე დაამტკიცებს.

ვან დე პოპეს თქმით, XRP-ს ფასის კორექცია უკვე 4 წელი გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, ზრდის ახალი ფაზის დაწყებაა მოსალოდნელი, რა დროსაც, ფასი ჯერ 2.87, შემდეგ კი $ 4.33-ს მიაღწევს.

კარდანოთი ტრანზაქციების რიცხვი 20 მილიონამდე გაიზარდა;

კარდანო უკვე 4 წელია ბაზარზეა და ამ დროში, ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მზარდი ვალუტის რეპუტაცია დაიმკვიდრა. ამ ვალუტით შესრულებული ტრანზაქციების რიცხვმა უკვე 20 მილიონს მიაღწია. მაგრამ პარალელურად, უკვე სამი თვეა, კარდანოს ფასი კლებას აგრძელებს.

კრიპტოვალუტების ექსპერტი და „კრიპტო კონსალტანტსის“ დირექტორი ნავაბი ვარაუდობს, რომ კარდანოს ფასის რყევების მიუხედავად, ამ ვალუტის მოდერნიზაციის (კოდური სახელწოდებით ალონსო) შემდეგ, ფასი ისევ ზრდას დაიწყებს.

სექტემბერში თავისი ფასის უმაღლესი მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ, ის თითქმის განახევრდა. $ 1.40-მდე დაშვების შემდეგ, კარდანოს მყიდველები გააქტიურდნენ, რასაც ფასის სტაბილიზაცია მოჰყვა.

ჩინეთში ციფრული რენმინბის კუპონები გამოუშვეს;

ჩინეთმა თავის საზღვრებში, ციფრული ვალუტები აკრძალა. მაგრამ ქვეყნის მთავრობა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნასა და პოპულარიზაციაზე ხელის აღებას არ აპირებს. უფრო მეტიც, ხელისუფლება ცდილობს, მის ფარგლებში მომუშავე კომპანიებს, საცდელი ციფრული ვალუტის, ელექტრონული რენმინბის გამოყენება დააძალოს. სხვათა შორის, ასეთ კომპანიებს შორის, „მაკდონალდსის“ ჩინური შტოც კი აღმოჩნდა.

პეკინი მალე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს და ამასთან დაკავირებით, ჩინეთის ოთხმა (სახელმწიფოს ხელთ არსებულმა) ბანკმა, საპილოტო პროგრამის ფარგლებში, ელექტრული რენმინბის კუპონები გამოუშვა. კუპონების მცირე რაოდენობით გამოყენება შესაძლებელი იქნება ტრანსპორტში, სუპერმარკეტებში, სამრეცხაოებში, მიწოდების მომსახურებასა და წიგნების მაღაზიებში. ამასთან, გამოყენების მოცულობა ჯერჯერობით შეზღუდულია.

საპილოტო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, კუპონების ბრუნვის სისწრაფის განსაზღვრაა.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved