17 მარტი,
ჩინეთის ცენტრალური ბანკი, საკუთარი ციფრული ვალუტის დანერგვას სწრაფი ტემპით აგრძელებს. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა, საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების საქმეში მსოფლიო ლიდერია. CNBC-ს ვარაუდით, სხვა ქვეყნებს ბევრი მუშაობა დასჭირდებათ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით, ჩინეთს დაეწიონ.
ჩინეთმა პეკინის ოლიმპიადის დროს, ფართო ექსპერიმენტი ჩაატარა, რა დროსაც, სატესტო რეჟიმში, ციფრული იუანის საგადამხდელო საშუალებად გამოყენება დაუშვა. პირველადი მონაცემებით, ექსპერიმენტი წარმატებული იყო და ციფრული იუანით შესრულებულმა გადახდებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
ყოფილი ბანკირის და ფინანსური ტექნოლოგიების კონსულტანტის რიჩარდ ტურინის ვარაუდით, ციფრულ იუანს აქვს იმის პოტენციალი, რომ 5-10 წლის შემდეგ, საერთაშორისო სავაჭრო გადარიცხვების სფეროში, დოლარი შეავიწროვოს.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მსოფლიო ვაჭრობაში მსოფლიო ლიდერია. ციფრული იუანი კი თანდათან მოიკიდებს ფეხს და ჩინეთში შესყიდვების სფეროში, ის დოლარს მალე შეავიწროებს. არაა გამორიცხული, რომ 5-10 წელიწადში, ციფრული იუანი საერთაშორისო ვაჭრობაში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, – ამბობს ტურინი.
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) შემუშავების სფეროში, შეერთებული შტატებიც აქტიურდება. თუმცა ამ მხრივ, ჩინეთი გამოკვეთილი ლიდერია. საკუთარი ციფრული ვალუტების შექმნაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ.
აშშ-ებს დაახლოებით 5 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ციფრული დოლარი დაგეგმოს, გამოუშვას და გამოსცადოს. ფედერალური სარეზერვო სისტემა ციფრული დოლარის დანერგვას სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტს. საინტერესოა, რომ ჩინეთი ამ გზას 2014 წლიდან დაადგა, როდესაც ციფრული ვალუტების ბუმი ჯერ დაწყებული არ იყო.
ტურინი ასევე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ჩინეთი თავის „ახალშობილ“ ციფრულ იუანს, რუსეთისთვის დასახმარებლად არ გაიმეტებს. თეორიულად, თუნდაც სატესტო ფაზაში მყოფი ციფრული იუანით, სანქციების გვერდის ავლა შესაძლებელი იქნება. მაგრამ ჩინეთი ასეთ სარისკო ნაბიჯს არ გადადგამს.
„ციფრული იუანი ჯერაც ბავშვია იმ თვალსაზრისით, რომ არც შიდა ბაზარზე გამოიყენება და საერთაშოთარისო დონეზეც გამოცდა ჯერ არ გაუვლია. ამიტომ, მისი საშუალებით, სანქციების გვერდს ავლა, გაუმართლებელი რისკი იქნება. ამას პროექტის დასამარება შეუძლია. ამით კი ჩინეთი საბოლოო მიზანს ვერ მიაღწევს“, – ამბობს ტურინი.