ციფრული ევრო მიმოქცევაში შესაძლოა 2026 წლიდან გამოვიდეს

Home » ბლოგი » ციფრული ევრო მიმოქცევაში შესაძლოა 2026 წლიდან გამოვიდეს
17/05/2022
ციფრული ევრო მიმოქცევაში შესაძლოა 2026 წლიდან გამოვიდეს

ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ფაბიო პანეტა ამბობს, რომ ევროს ციფრული ვერსია ბაზარზე ალბათ ოთხ წელიწადში გამოვა. ამასთან, მისი მთავარი დანიშნულება, ფიზიკურ პირებს შორის ანგარიშსწორება (P2P) იქნება.

ირლანდიის ეროვნულ კოლეჯში გამოსვლისას, პანეტამ განაცხადა, რომ ECB სავარაუდოდ, ციფრული ევროს შემუშავებისთვის საჭირო გადაწყვეტების განვითარებასა და ტესტირებას 2023 წლიდან შეუდგება. მის დანერგვას კი დაახლოებით სამი წელი მაინც დასჭირდება.

მომავალ წელსვე სატესტო ციფრულ ევროს, ევროკავშირის წევრები მიიღებენ. პანეტას თქმით, ციფრული ვალუტის გადახდის ლეგალურ საშუალებად გარდაქმნა და P2P გადახდებისთვის გამოყენება, მის ოფიცალურ დანერგვას შეუწყობს ხელს.

პანეტამ კომენტარი ციფრული ვალუტების ბაზარზე ამჟამად არსებულ სიტუაციაზეც გააკეთა. მისი აზრით, სტეიბლკოინები, მათ შორის ტეთერი (USDT), რისკისგან თავისუფალი არაა და აჟიოტაჟურ სიტუაციებში, ტერაUSD-ის (UST) მსგავსი კრახი მოსალოდნელია. პანეტა ასევე თვლის, რომ კრიპტო ვალუტებში ინვესტირება, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული.

გასულ კვირაში კრახი განიცადა ტერა-ს სტეიბლკოინმა ტერაUSD-მ, რომელმაც დოლართან ბმა ვერ შეინარჩუნა და კრიტიკულ დონემდე დაეცა. ასევე კრახი განიცადა ტერას ციფრულმა ვალუტა ლუნამ. ამ ყველაფერმა კი ციფრული ვალუტების ბაზარზე დიდი რყევა და ფასების ვარდნის ახალი ტალღა გამოიწვია.

„როგორც ციფრული აქტივების ბაზარზე მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, ილუზიაა გჯეროდეს, რომ კერძო ინსტრუმენტები შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ფული. რადგან ოფიციალურ ფულზე მათი ნებისმიერ დროს გადაცვლა შეუძლებელია“, – ამბობს პანეტა და დასძენს, რომ ციფრული ვალუტები კვლავაც მეტწილად სპეკულაციური დანიშნულებით გამოიყენება, რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

ევროკავშირის ბევრი ოფიციალური პირის ვარაუდით, ციფრული ევროს გამოშვებისთვის საჭირო კანონმდებლობის და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება-დამკვიდრებას, დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება. პანეტა ვარაუდობს, რომ ევროპელები მიიღებენ ციფრულ ევროს, რომელიც მეტწილად გადახდის საშუალება იქნება.

✅ შენ წარმატებით გამოიწერე სიახლეები!

გამოწერისას წარმოიშვა პრობლემა, სცადე სწორი ელფოსტის შეყვანა

© 2020 MyCoins.ge all rights reserved