სემ ბენკმენ-ფრიდსა და მის იურისტებს საშინელი კვირა აქვთ. ჯერ იყო და, FTX-მა მისი დამაარსებლის, ბენკმენ-ფრიდის მშობლებს უჩივლა და კომპანიის გაკოტრებამდე ცოტა ხნით ადრე, სავარაუდოდ მითვისებულ მილიონებს ედავება. გუშინ კი, ამ ორომტრიალში Alameda-ს ყოფილი თანამშრომელიც გამოჩნდა, რომელიც 2021 წელს, Binance-ის პლატფორმაზე მომხდარ გაურკვევლობაში Alameda Research-ს ადანაშაულებს.
საქმე იმაშია, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, Binance.us -ზე, ბიტკოინის ფასი მომენტალურად 65,760 აშშ დოლარიდან 8,200-მდე დაეცა – ამ დროს კი სხვა პლატფორმები ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ოპერირებას. როგორც ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, ეს ათწილადის არასწორად დასმულმა მძიმემ გამოიწვია. ერთ-ერთ მოვაჭრეს სურდა ბიტკოინის ბლოკის გაყიდვა, თუმცა ეს ავტომატიზირებული პროცესის ნაცვლად, მანუალურად მოხდა – ანუ, მონაცემები ხელით შეიყვანეს – შედეგად, Alameda-მ კაპიკებში გაყიდა ბიტკოინი და მილიონობით დოლარი დაკარგა.
ამ ბრალდების გარდა, სემ ბენკმენ-ფრიდს უფრო ხელშესახები პრობლემებიც გამოუჩნდა – რამდენიმე საათის წინ, მისი შერჩეული მოწმეებიდან სასამართლომ ყველა უარყო. სავარაუდოდ, მათ წარდგენას დაცვის მხარე ისევ ეცდება, თუმცა, თუ არაფერი შეიცვალა მათ ჩვენებას პროცესზე ვერ მოვისმენთ.
მისი დროებით გათავისუფლების რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული პროცესების დაწყებამდე ციხეში დარჩება.