Coinbase-ის აქციების ფასი ეცემა

Home » ბლოგი » Coinbase-ის აქციების ფასი ეცემა
24/11/2022
Coinbase-ის აქციების ფასი ეცემა

კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის შემდეგ, ანალიტიკოსები სხვა პლატფორმების დაცემასაც პროგნოზირებენ. არაა გამორიცხული, რომ ამ „სხვებს“ შორის, ერთ-ერთი პირველი, ისეთი გიგანტი აღმოჩნდეს, როგორიც ამერიკული Coinbase-ა.

ორშაბათის ვაჭრობაზე, ამ კომპანიის აქციების ფასი 5 პროცენტით დაეცა. უოლ სტრიტის წინა სავაჭრო სესიაზე (პარასკევს), ვარდნა კიდევ უფრო მკვეთრი, 7-პროცენტიანი იყო. ამის კვალად, საინვესტიციო ბანკმა Bank of America-მ, Coinbase-ს რეიტინგი „რეკომენდებულია შენარჩუნებისთვის“ მიანიჭა. წინა შეფასებით, პლატფორმის რეიტინგი იყო „რეკომენდებულია ყიდვისთვის“.

Bank of America-ს მიერ, Coinbase-ისთვის რეიტინგის დაწევა, FTX-ის კრახს უკავშირდება, რადგან ამის შემდეგ, ინვესტორების დამოკიდებულება კრიპტო ბაზრისადმი უფრო ფრთხილი გახდა და მათმა აქტივობამაც იკლო.

რეიტინგის კლების გარდა, Bank of America- Coinbase-ის აქციების ფასის პროგნოზი, 77-დან 50 დოლარამდე შეამცირა. ამჟამად ამერიკული კრიპტო პლატფორმის ფასი დაახლოებით 30 პროცენტით არის დაკლებული.

რეიტინგის დაკლების მიუხედავად, Bank of America-ს ანალიტიკოსები თვლიან, რომ Coinbase-ს კრახი არ ემუქრება. უფრო მეტიც, მათი აზრით, კომპანია არც იმ შემთხვევაში დაზარალდება, თუ კრიპტო ბაზარი ვარდნას გააგრძელებს.

ბანკის ანალიტიკოსები, რამდენიმე ძირითად რისკ ფაქტორს ასახელებენ, რომლებსაც კრიპტო ბაზრის და მასთან ერთად, სავაჭრო პლატფორმების რყევის გამოწვევა შეუძლია. ერთია ის, რომ კრიპტო ვალუტებისადმი ნდობის დაკარგვის (რასაც FTX-ის კრახის მსგავსი მოვლენები იწვევს) კვალად, სავაჭრო აქტივობაც ნელდება. გარდა ამისა, ჯერაც არ შემუშავებულა სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა, რომელიც კრიპტო ბაზარს და მასზე თამაშის წესებს დაარეგულირებს. Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით, კიდევ ერთი ფაქტორი შეიძლება გახდეს კრიპტო ქსელის ინფიცირება, რაც ბიზნესის ამ სფეროს უფრო მეტად დააზარალებს.

საინტერესოა, რომ ამ წლის იანვარში Bank of America-მ Coinbase-ის აქციების საორიენტაციო ფასად 340 დოლარი დაასახელა და პლატფორმას რეიტინგი „რეკომენდებულია ყიდვისთვის“ მიანიჭა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved