HBO-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით, სატოში ნაკამოტო პიტერ ტოდია

Home » ბიტკოინი » HBO-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით, სატოში ნაკამოტო პიტერ ტოდია
09/10/2024
HBO-ს დოკუმენტური ფილმის მიხედვით, სატოში ნაკამოტო პიტერ ტოდია

თუმცა, თავად პიტერ ტოდი ამას კატეგორიულად უარყოფს. შეგახსენებთ, რომ HBO-ს დოკუმენტური ფილმი, სახელად Money Electric: Bitcoin Mystery მიზნად ბიტკოინის შემქმნელის – სატოში ნაკამოტოს ვინაობის ამოცნობას ისახავს. დოკუმენტური ფილმის პრემიერა გუშინ გაიმართა, თუმცა ის ჩვენებამდე რამდენიმე საათით ადრე “დაილიკა”.

ფილმის შემქმნელი ქალენ ჰობაკია – ჟურნალისტი, რომელმაც თავის წინა ნამუშევარში QAnon-ის კონსპირაციული თეორიის უკან მდგომი ადამიანები გაშიფრა. ჰობაკი დოკუმენტურ ფილმში გამოთქვამს ვარაუდს, რომ სატოში ნაკამოტო ბიტკოინის დეველოპერი, პიტერ ტოდია. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდი ფილმის მიხედვით ბოლომდე არ მტკიცდება, ის გამყარებულია რამდენიმე გარემოებით. როგორც დოკუმენტურ ფილმში ირკვევა, პიტერ ტოდი კრიპტოგრაფიით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ადამ ბეკთან და რაც მთავარია, შესწევდა აქტივის შესაქმნელად საჭირო ტექნიკური უნარები. კიდევ ერთი გარემოებაა ისიც, რომ სატოში ნაკამოტო მართლწერისას ბრიტანულ/კანადურ ინგლისურს იყენებდა, ტოდი კი კანადელია.

მიუხედავად იმისა, რომ პიტერ ტოდი ამ თემაზე ადრეც ხუმრობდა, ის მტკიცებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ავტორს ინტერვიუსთვის მართლაც შეხვდა, თუმცა დასკვნა აბსურდია. “რა თქმა უნდა, არ ვარ სატოში. სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელიც QAnon-ზე დოკუმენტურითაა ცნობილი, QAnon-ისთვის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენების გარდა, არაფერი დარჩენია.” – განაცხადა პიტერ ტოდმა.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved