ამერიკულ საინვესტიციო ბანკ „JP მორგან ჩეიზის“ ანალიტიკოსების განსჯით, ციფრული ვალუტების ბაზარზე სტეიბლკოინების, მათ შორის ტეთერის (USDT) წილის ზრდა იმის მომასწავებელია, რომ მალე კრიპტო ვალუტების ფასების ზრდა დაიწყება.
მთლიან კრიპტო ბაზარზე სტეიბლკოინების (კრიპტო ვალუტები, რომლებიც ფიატური ვალუტების, მეტწილად დოლარის ფასზეა მიბმული) წილი იზრდება და ივნისის შუა რიცხვებში, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „JP მორგანის“ ანალიტიკოსების ჯგუფმა, კრიპტო ბაზრის ანალიტიკოს ნიკოლაოს პანიგირცოგლუს ხელმძღვანელობით, საკუთარი მოსაზრებები, ინვესტორებისთვის დაგზავნილ ანგარიშში წარმოადგინა.
ანალიტიკოსთა ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიპტო ბაზარზე სტეიბლკოინების წილი 14-პროცენტიან მაჩვენებელს ასცდა. როგორც გრაფიკზე ჩანს, ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, რომელიც 2020 წელს დაწყებულ ტრენდულ ხაზზე გაცილებით მაღლა ავიდა. სტეიბლკოინების წილი ბაზარზე აჩვენებს, რომ მათი ჭარბი რაოდენობაა შეძენილი (გადაყიდულია).
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სტეიბლკოინების წილის კლებისას, კრიპტო ბაზრის ზრდა შეზღუდულია და პირიქით – წილის ზრდისას, კრიპტო ბაზარი ზრდისთვის ემზადება. ამის დასტურია ისიც, რომ აპრილში ანალიტიკოსებმა, მას შემდეგ, რაც ბაზარზე სტეიბლკოინების წილი, 10-დან 7 პროცენტამდე დაეცა, ბაზრის მოკლევადიანი ვარდნა იწინასწარმეტყველეს.
ანგარიშის შედგენისას, სტეიბლკოინების წილი ბაზარზე 14 პროცენტზე მეტი იყო. კრიპტო სტატისტიკაზე მომუშავე კომპანია „კოინგეკოს“ მონაცემებით, ყველა სტეიბლკოინის ჯამური ღირებულება 155 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს მაშინ, როცა მთლიანი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია ტრილიონ დოლარზე ნაკლებია.
წლის მეორე კვარტალში, ბაზარზე სტეიბლკოინების მიწოდება დაეცა, რისი მიზეზიც, „ტერას“ კრახი და „ცელსიუსის“ პრობლემები გახდა. მაგრამ ამის მიუხედავად, სტაბილური მონეტების წილი განუხრელად იზრდება. ეს ხდება კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციის ვარდნის ფონზე – თუ იანვარში კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ დოლარზე მეტი იყო, ამჟამად ის 1 ტრილიონზე დაბლაა დაცემული.
ცნობილია, რომ „JP მორგანის“ ანალიტიკოსები ბიტკოინთან (BTC) დაკავშირებით, სწორ გრძელვადიან პროგნოზებს აკეთებენ ხოლმე. მათ თებერვალში გამოაქვეყნეს პროგნოზი, რომლის შესაბამისადაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბიტკოინის ფასი 150 000 დოლარს მიაღწევს.