MITNews Blog – ზე, 2019 წლის 23 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა ახალი კრიპტოვალუტა შეიმუშავეს, რომელსაც ტრანზაქციის დამადასტურებელი ე.წ. კვანძების მეშვეობით, ბიტკოინთან შედარებით 99 % – ით ნაკლები მონაცემის შენახვა შეეძლება (დატვირთვის შესამცირებლად). ახალი კრიპტოვალუტა ცნობილია Vault – ის სახელით, და მისი წარდგენა მომავალ თვეში იგეგმება ქსელისა და დისტრიბუციის სისტემების უსაფრთხოების სიმპოზიუმზე (NDSS). აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, კრიპტოვალუტა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შეუერთდნენ ახალ ქსელს მთლიანი მონაცემების მხოლოდ მცირე ნაწილის ჩამოტვირთვით. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Vault – ი სისტემიდან შლის ცარიელ ანგარიშებს და მიმდინარე გარიგებებს ამოწმებს მხოლოდ უახლოესი გარიგების მონაცემებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული პოსტი ავრცელებს ქსელზე ჩატარებული ტესტების შედეგებს. ექსპერიმენტის მიხედვით, Vault – მა ქსელთან შეერთების გამტარუნარიანობის დატვირთვა ბიტკოინთან შედარებით 99 % – ით შეამცირა, ხოლო ეთრიუმთან შედარებით, რომელიც დღესდღეობით ერთ – ერთ ყველაზე ეფექტიან კრიპტოვალუტად ითვლება, იგივე მაჩვენებელი 90 % – ს უტოლდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ Vault – ი თითოეული ტრანზაქციისათვის უზრუნველყოფს ისეთივე უსაფრთხოებას, როგორსაც მისი ცნობილი წინამორბედები (მაგ. ბიტკოინი, ეთერიუმი, და ა.შ.). Vault – ის ბლოკის ზომის შეზღუდვა 10 მეგაბაიტია, რომელიც 10,000 გარიგების (ტრანზაქციის) ექვივალენტურია და ამავდროულად, თითოეული ბლოკი მოიცავს წინა ბლოკის ე.წ. hash – ს. ასევე, როგორც MITNews – ი განმარტავს, ბიტკოინის ტრანზაქციის გადასამოწმებლად, ზოგადად, მომხმარებელს უწევს 500,000 ბლოკის ჩამოტვირთვა, რომლის მთლიანი მოცულობა 150 გბ (გიგაბაიტს) – ს უტოლდება, რაც გაცილებით აღემატება Vault – ის მიერ გამოყენებულ მეხსიერების მოცულობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კრიპტოვალუტა ემყარება ე.წ. მტკიცებულებაზე დაფუძნებულ (PoS) ბლოკჩეინზე, რომელიც MIT – ის ინჟინერიის პროფესორმა სილვიო მიცალიმ შექმნა და იგი Algorand – ის სახელით არის ცნობილი. პრპფესორის მტკიცებულებით, ზოგადად ბლოკჩეინს შეუძლია შექმნას ე.წ. უსაზღვრო ეკონომიკა, და გააფართოვოს მისი მოქმედების არეალი. Vault – ის სისტემა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაამოწმონ წარსულში ათასობით ბლოკზე აღბეჭდილი ინფორმაცია (რომელსაც bredcrumb – ს უწოდებენ) მიმდინარე პერიოდში. ამ გზით, ახალი ინფორმაციის კვანძი უერთდება ძველ ბლოკებზე ასახულ ინფორმაციას, და შედეგად თითოეულ მომხარებელს შეეძლება აურაცხელი საფეხურების გავლის გარეშე მოიძიოს საჭრო ინფორმაცია და გადაამოწმოს ტრანზაქცია. საბოლოოდ, ახალი კრიპტოვალუტის მიზანს, ბევრ მომხმარებელზე გასვლა და ტრანზაქციაზე გაწეული ენერგიის შემცირება წარმოადგენს. Vault – ის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, იმისათვის რომ ახალ ქსელს შეუერთდეს, მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს ეთერიუმთან შედარებით 90 % – ით ნაკლები მონაცემები. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა, რომ ახალი თაობის ბლოკჩეინები, რომლებიც მტკიცებულებაზე დაფუძნებულ (PoS) ალგორითმს იყენებენ, მომავალში არსებულ პროდუქტებთან შედარებით ათასჯერ უფრო ეფექტიანად იმუშავებენ. ასევე, მაშინ როცა ეთერიუმის დეველოპერები PoS – ის იმპლემენტაციაზე მუშაობენ, მათ პროცესის კვალდაკვალ ახალი პროტოკოლი შეიმუშავეს, რომელიც Casper – ის სახელით არის ცნობილი, და მის მთავარ ამოცანას მოხმარებული ენერგიის შემცირება და განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა წარმოადგენს.[1]
[1] წყარო: https://cointelegraph.com/news/report-mit-researchers-design-cryptocurrency-99-less-data-intensive-than-bitcoin