მას შემდეგ, რაც Mt. Gox-ის ცივი საფულიდან განხორციელებული კიდევ ერთი ტრანზაქცია ბაზარზე მტკივნეულად აისახა, ბიტკოინი ბოლო 4 თვის განამვლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ლიკვიდაციების რაოდენობამ 664,5 მილიონ დოლარს მიაღწია – რაც, თავის მხრივ გასული 2 თვის რეკორდია. ბიტკოინის ფასი რამდენიმე საათია დასტაბილურების ნიშნებს ავლენს და მისი ფასი 55 000$-თან მერყეობს.
ბიტკოინის მკვეთრ ვარდნას ვერ გადაურჩნენ ალტებიც – ეთერიუმი, სოლანა, ლიდო, რიპლი… 10%-ზე მეტით გაუფასურდნენ. რა თქმა უნდა, ცნობილი, ზოგადი Fear and Greed ინდექსიც 100-დან 29 ერთეულიან მაჩვენებელს აფიქსირებს, რაც “შიშს” აღნიშნავს და ბაზრის განწყობას აბსოლუტურად სწორად გამოხატავს.
შეგახსენებთ, რომ დიდი კრიპტოვარდნის მთავარ მიზეზად წლების წინ გაკოტრებული ბირჟის, Mt. Gox-ის გასასტუმრებელი ვალები სახელდება. Mt. Gox-მა კრედიტორებს ჯამში 8.5 მილიარდი დოლარი უნდა აუნაზღაუროს. 5 ივლისს, ბირჟამ 42,229 BTC (დაახლ. 2,6 მილიარდი დოლარი) ახალ მისამართზე გადარიცხა.
აღსანიშნავია, რომ Mt. Gox-ის მიერ გამოწვეულ არეულობას სხვა ფაქტორებიც ემატება – მაგალითად, გერმანიის მთავრობა, რომელმაც 19 ივნისიდან დღემდე 7,583 BTC (419.5 მილიონი დოლარი) გაყიდა. თუმცა, მის მფლობელობაში კვლავ რჩება 42,274 BTC (2.3 მილიარდი დოლარი).
კრიპტო-ანალიტიკოსების აზრით, Mt. Gox-ის ქმედებებს ბაზარზე გრძელვადიანი ცვლილებების გამოწვევა არ შეუძლია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ყურადღებით აკვირდება ზოგად, მსოფლიო ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელსაც კრიპტო-ლიკვიდაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.