7 აგვისტოს, PayPal-მა გაავრცელა პრესრელიზი, სადაც ვკითხულობთ, რომ კომპანიამ ამერიკულ დოლარზე მიბმული, სტაბილური ქოინი, PayPal USD (PYUSD) ჩაუშვა. ამ მასშტაბის ამერიკული ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებიდან, PayPal პირველია, რომელმაც საკუთარი სტაბილური ქოინი შექმნა. არაერთი გამოცემის აზრით, ეს PayPal-ის კრიპტოვალუტისადმი ნდობასა და ამ ბაზართან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე მიანიშნებს.
PayPal-ის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში 1 PYUSD-ს ყიდვა 1 ამერიკულ დოლარად შეგიძლიათ. ქოინი Ethereum-ის ბლოკჩეინზე ჩაეშვა და მისი შექმნელია Paxos Trust Company. PYUSD-ის გამოყენებით ონლაინ გადახდები, გადარიცხვები და კრიპტოვალუტის ყიდვაა შესაძლებელი.
Pay Pal-ის განცხადებით, სტაბილური ქოინი დოლარის რეზერვებითაა გამყარებული და ის ეცდება ნაღდი ფული და Web3 ერთმანეთს უფრო მჭიდროდ დააკავშიროს.
აღსანიშნავია, რომ Reuters-ის ცნობით, განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, PayPal-ის აქციები 7 აგვისტოს, მომენტალურად, 2.66%-ით გაიზარდა.