WSJ: კრიპტო კომპანიები ახალ შესაძლებლობებს ამერიკის საზღვრებს გარეთ ეძებენ

Home » სიახლეები » WSJ: კრიპტო კომპანიები ახალ შესაძლებლობებს ამერიკის საზღვრებს გარეთ ეძებენ
22/09/2023
WSJ: კრიპტო კომპანიები ახალ შესაძლებლობებს ამერიკის საზღვრებს გარეთ ეძებენ

წლებია, რაც კრიპტო სამყარო სამართლებრივად გაურკვეველ ზონაში ოპერირებს და წლებია, რაც ამ “ნაცრისფერ არეალში” რეგულაციების კონტურები იკვეთება. როგორც Wall Street Journal წერს, 2023 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ამერიკული კრიპტო კომპანიებისთვის – მათ ახალი გეგმების შემუშავება და არაამერიკული ბაზრების აქტიური ძებნა უწევთ.

SEC-ის სარჩელმა Binance-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ, ფედერალური რეზერვის განცხადებებმა, ნიუ-იორკის გადაწყვეტილებამ Paxos Trust-ისა და BUSD-ის შესახებ, კრიპტო კომპანიების დამფუძნებლები აანერვიულა. საპასუხოდ, Ryze Labs, Ripple Labs და Zodia Markets სხვა ქვეყნების ბაზრებს აქცევენ მეტ ყურადღებას, MakerDAO-ს წევრებმა კი მიიღეს გადაწყვეტილება მომხმარებლებს აშშ-დან პლატფორმაზე წვდომა არ მისცენ.

მეთიუ გრაჰამის (Ryze Labs-ის დამაარსებელი) განცხადებით, მოკლე ვადაში კომპანია ამერიკული ბაზრის გარეშეც კარგად იქნება, თუმცა, გრძელვადიან პირობებში, ამერიკული ბაზრის მკაცრად დარეგულირება მთლიანად კრიპტო სამყაროსთვის დიდი დანაკარგია.

სანამ დასავლეთი რეგულაციას რეგულაციაზე იღებს და ნიუ-იორკი რეგულაციების ახალ პროტოკოლს ამუშავებს ჰონგ-კონგი ციფრული აქტივების ჰაბს ქმნის, სინგაპური კრიპტო კომპანიებზე ლიცენზიებს გასცემს, ხოლო დუბაი კრიპტოზე ორიენტირებულ მარეგულირებელს ქმნის და კომპანიებს გარანტიებსა და სიცხადეს პირდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, კრიპტოსთვის აღმოსავლეთის ბაზრები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.

© 2020 MyCoins.ge all rights reserved