ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ძალიან დიდხანს ელოდნენ იმ ბრძანებას, რომელსაც ბაიდენმა ხელი გუშინ მოაწერა. საუბარია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და განვითარების უსაფრთხოების, დაცულობისა და სანდოობის ბრძანებაზე, რომელიც მიზნად ისახავს გაუმკლავდეს AI-ს შექმნილ პოტენციურ რისკებსა და საფრთხეებს.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებული შესაძლებლობები აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი – მისი პასუხისმგებლიანი გამოყენება გადაჭრის კაცობრიობის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებს, ხოლო უპასუხისმგებლო განვითარება კიდევ უფრო გაართულებს არსებულ ამოცანებს. რეგულაციას ტექ-ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანები უკვე აფასებენ როგორც უკან გადადგმულ ნაბიჯს. Gensyn Network-ის ოპერაციების მმართველი, ჯეფ ამიკო ამბობს, რომ ეს პირდაპირ საშინელებაა ამერიკული ინოვაციისთვის.
აღსანიშანვია, რომ Vox-ის ინფორმაციით, ბრძანების აღსრულებას თეთრი სახლი ვერ გააკონტროლებს. რეგულაციების შესაბამისი ზომები საბოლოო ჯამში ცალკეული კომპანიის მმართველებმა უნდა მიიღონ, თუმცა თუ არ მიიღებენ, არის საფრთხე იმისა, რომ უჩივლონ.
აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც თითქოს ცდილობს გაითვალისიწნოს როგორც ტექნოლოგიური კომპანიების, ისე უფლებადამცველების ინტერესები, AI-სთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების გაუფასურების მიზეზი გახდა. მაშინ, როცა კრიპტოსამყარო ბოლო რამდენიმე კვირაა აღმავლობის გზაზეა, ისეთი ტოკენების ფასი, როგორებიცაა The Graph (GRT), Singularity (AGIX), Ocean Protocol – 4-7%-ითაა შემცირებული.