როიტერსი ვვარაუდობს, რომ შესაძლოა მსოფლიოში უდიდეს კრიპტო სავაჭრო პლატფორმა „ბაინენსის“ მეშვეობით, 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2.35 მილიარდი დოლარის არალეგალური ტრანზაქცია შესრულდა. ეს თანხა შესაძლოა უკანონო გზებით არის მოპოვებული. მათ შორის, საფულეების გატეხვით, საინვესტიციო თაღლითობებით, ნარკოტიკებით ვაჭრობით და სხვა.
როიტერსი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია, სასამართლო ჩანაწერების, სამართალდამცავი სამსახურების განცხადებების, ასევე ბლოკჩეინის მონაცემების გაანალიზებით მოიპოვა.
როიტერსმა დაადგინა, რომ იმ უკანონო გადახდებს შორის, რომლებიც „ბაინენსის“ ქსელის მეშვეობით, 2017-2021 წლებში განხორციელდა, აღმოჩნდა დაკარგული მილიონობით დოლარი, რომლებიც სლოვაკურ სავალუტო გაცვლით პლატფორმა „ეტერბეიზის“ ქსელიდან ჰაკერებმა მოიპარეს.
ეს შემთხვევა 2020 წელს მოხდა. ჰაკერების ჯგუფმა, რომელიც „ლაზარუსის“ სახელით არის ცნობილი, „ეტერბეიზის“ ქსელში შეღწევა შეძლო და მისი კლიენტების საფულეებიდან, 5.4 მილიონი დოლარის კრიპტო ვალუტები მოიპარა. ქურდობიდან რამდენიმე საათში, ჰაკერებმა „ბაინენსზე“ სულ ცოტა, 20 ახალი ანგარიში შექმნეს, რომლებზეც მოპარული ვალუტები ჩარიცხეს. ამ პლატფორმაზე ჩარიცხული თანხა კი მალევე გაანაღდეს. აღნიშნული ინფორმაცია და შესაბამისი ჩანაწერები, „ბაინენსმა“ პოლიციას მიაწოდა.
ბლოკჩეინის ჩანაწერები კი მოწმობს, რომ დარკნეტ-საიტი „ჰიდრა“, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ნარკო ბაზარია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, „ბაინენსის“ პლატფორმის მეშვეობით, რეგულარულად ახორციელებდა ტრანზაქციებს. ჯამში მის მიერ, „ბაინენსის“ პლატფორმაზე, 780 მილიონი დოლარის არალეგალური ტრანზაქცია შესრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირის დასაწყისში, კრიპტო ბაზარზე ფასების ვარდნა, სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა – ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში უდიდესი პლატფორმის არალეგალური ტრანზაქციებისთვის გამოყენებას, კრიპტო ბაზრის რეგულაციების გამკაცრება მოჰყვება. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმის გამოძიებას უკვე შეუდგა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და გაცვლების კომისია (SEC), რომელმაც უნდა დაადგინოს, ამ ყველაფერში გარეული ხომ არ იყო თავად „ბაინენსი“, ან მისი თანამშრომლები.