მსოფლიოში N1 კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ფასმა 2020 წლის უმაღლეს ნიშნულს, $9,850-ს მიაღწია.
უმსხვილესი ალტკოინებიც ხარული ტრენდის გავლენას განიცდიან, რაც კრიპტოსავალუტო ბაზრის ჯამურ კაპიტალიზაციაზეც აისახა და ის $277 მილიარდამდე გაიზარდა. ბიტკონის ჯამურმა წილმა კი 64.2% შეადგინა. საშუალო სავაჭრო მოცულობა დღის განმავლობაში $138 მილიარდია.
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასმა რამდენიმე დღეში კიდევ 6%-იანი ზრდა განიცადა და ანალიტიკოსების აზრით, მალე $10,000-საც მიაღწევს.
ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე კრიპტოვალუტა, ეთერიუმი $200-იან ნიშნულს გაცდა და ახლა მისი სავაჭრო ფასი $217.65-ია.
რიპლიც აგრძელებს კრიპტოსავალუტო ბაზრის ყურადღების მიპყრობას, მისმა ფასმა რამდენიმე დღეში შესამჩნევი ზრდა აჩვენა და $0.2849-ს მიაღწია.
საინტერესო ცვლილება განიცადა ბიტკოინ ქეშის ფასმაც. 2 დღეში მისი ფასი $377-დან $440-მდე გაიზარდა.
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ფასები კვლავ გაიზრდება, ზოგიერთი კი ნეიტრალურადაა განწყობილი.
,,დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას, შეუძლია თუ არა ბიტკოინს, ითამაშოს ,,უსაფრთხო თავშესაფრის” როლი მომავალი გეოპოლიტიკური არეულობის დროს; ისიც გაუგებარია, თუ რამდენად არის ბაზარი მზად ის ახალი კრიპტოვალუტები მიიღოს, რომელთა გაშვებაც მალე იგეგმება და ბუნდოვანია ისიც, გაიზრდება თუ არა ბიტკოინის ფასი მისი ჰალვინგის შემდეგ” – განაცხადეს SFOX-ის ანალიტიკოსებმა.
თუმცა ფაქტია, რომ კრიპტოვალუტების ფასი ბოლო პერიოდში აქტიურად მიჰყვება აღმავალ ტრენდს. საინტერესოა, როგორ შეიცვლება ბაზრის მდგომარეობა მომდევნო დღეებში?